ნეიროქირურგმა 12 წლის ქალიშვილი ურთულეს ოპერაციაზე დაისწრო და პაციენტის თავის ქალა გაახვრეტინა - სკანდალი და მისი გაგრძელება - მშობლები

ნეიროქირურგმა 12 წლის ქალიშვილი ურთულეს ოპერაციაზე დაისწრო და პაციენტის თავის ქალა გაახვრეტინა - სკანდალი და მისი გაგრძელება

2025-12-13 14:11:38+04:00

ეს უჩვეულო შემთხვევა ავსტრიაში, გრაცის რეგიონულ საავადმყოფოში, 2024 წლის იანვარში მოხდა. ნეიროქირურგმა თავის 12 წლის ქალიშვილს რეალურ ოპერაციაში მონაწილეობის უფლება მისცა. წინასწარ მოამზადა ბავშვი და სტერილური ტანსაცმელი ჩააცვა. გოგონას 33 წლის ფერმერისთვის, რომელსაც ხე დაეჯახა, თავში ნახვრეტის გაკეთების უფლებაც მისცეს.

როგორც მოგვიანებით პროკურორმაა აღნიშნა, გოგონამ პაციენტის თავის ქალა გახვრიტა ქირურგიული სასვრეტელათი - უკვე გაშიშვლებულ თავის ქალას ძვალში პატარა ხვრელი გააკეთა ზონდის ჩასასმელად. მანამდე დედამ შვილს აუხსნა, როგორ მუშაობდა ხელსაწყო, კოლეგა კი ბრუნვის სიჩქარეს აკონტროლებდა.

პაციენტმა ინციდენტის შესახებ მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ შეიტყო, როცა ეს ამბავი სამედიცინო საზოგადოების მიღმა გავრცელდა და პრესაში მოხვდა. პოლიციამ შოკირებულ მამაკაცს აცნობა, რომ სწორედ ის იყო ამბის მთავარი გმირი. სასოწარკვეთილი მამაკაცი თავის ადვოკატს, პიტერ ფრაიბერგერს დაუკავშირდა, რომელიც სარჩელის შეტანაში დაეხმარა.

„ამ გახმაურებული საქმის შესახებ გავიგე, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა, რომ პაციენტი მე ვიყავი. თავს ზღვის გოჭივით ვგრძნობ“, - აღნიშნა მან.

რაიონულ სასამართლოში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ორი ექიმის წინააღმდეგ: ნეიროქირურგისა და ოპერაციის შემსრულებელი ქირურგის წინააღმდეგ, სხეულის დაზიანების მიყენების ბრალდებით. ხუთი ქირურგისგან შემდგარი დანარჩენი გუნდი საქმეში არ მონაწილეობდა.

გრაცის სასამართლომ განაჩენი ახლახან გამოიტანა გახმაურებულ საქმეზე, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ევროპული მედიის ყურადღების ცენტრში იყო. გრაც-ოსტის რაიონულმა სასამართლომ გაამართლა (!) უნივერსიტეტის საავადმყოფოს ნეიროქირურგი და მისი ასისტენტი. სასამართლომ დაადგინა, რომ „არასაკმარისი მტკიცებულება“ არსებობს: შეუძლებლად ჩაითვალა იმის საბოლოოდ დადგენა, რომ ბავშვმა ნამდვილად თავად გახვრიტა ძვალი.

სასამართლოზე პროკურორმა იულია შტაინერმა რისკზე გაამახვილა ყურადღება: „რა მოხდებოდა, ძვლოვან ქსოვილში შეღწევის შემდეგ ბურღი ავტომატურად რომ არ გაჩერებულიყო? ეს პაციენტისა და კოლეგების მიმართ წარმოუდგენლად უპატივცემულო საქციელია“.

დაცვის მხარე კი ამტკიცებდა, რომ გოგონამ უბრალოდ ხელი დაადო ასისტენტის მკლავს და ბურღს ასისტენტისგან დამოუკიდებლად არ უმუშავია. ასისტენტმა განაცხადა, რომ ინსტრუმენტზე სრული კონტროლი შეინარჩუნა და ბავშვი უფრო „სიმბოლური დამხმარის“ როლს ასრულებდა. თავად ნეიროქირურგმა აღიარა, რომ ქალიშვილი საოპერაციოში შეიყვანა და საოპერაციო მაგიდასთან მიახლოების უფლება მისცა, მაგრამ განაცხადა, რომ არ დაუნახავს, სად იყო მისი შვილის ხელები, რადგან იმ დროს „უკანა ფონზე“ იმყოფებოდა და ცდილობდა ყურადღებას არ გაეფანტა.

ძიების თანახმად, ინციდენტის შესახებ ანონიმური შეტყობინების შემდეგ გახდა ცნობილი. მანამდე, სამედიცინო პერსონალის თქმით, ექიმს კოლეგებთან "დედობრივი სიამაყით" აღუნიშნავს მისი შვილის „პირველ გაბურღულ ნახვრეტზე“. რა თქმა უნდა, ხმები მალე გავრცელდა და ექიმმა გვიან გაიაზრა თავისი შეცდომა. მალევე მან და მისმა ასისტენტმა ყველაფერი უარყვეს, თუმცა საქმე უკვე პოლიციამდე იყო მისული.

...პაციენტი გრეგორ პ. ფიზიკურად გადაურჩა ოპერაციას გართულებების გარეშე, მაგრამ, საქმის მასალების თანახმად, ის სერიოზულ ფსიქოლოგიურ წნეხს განიცდის.

„როდესაც ვიხსენებ, როგორ გამიკეთა ოპერაცია თორმეტი წლის ბავშვმა, ძილი მერღვევა. ამას არასდროს დავთანხმდებოდი“, - თქვა მან სასამართლოში.

მისმა ადვოკატმა უკვე გამოაცხადა, რომ სამოქალაქო სარჩელს შეიტანს და მორალური ზიანისთვის 20 000 ევროს კომპენსაციას ითხოვს. სამედიცინო შემოწმებამ დაადასტურა, რომ ბავშვის ჩარევას (იმ დონემდე, რამდენადაც ეს შეიძლება დამტკიცებულად ჩაითვალოს) ფიზიკური ზიანი არ მოჰყოლია, მაგრამ სასამართლომ აღიარა მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმის არსებობა.

მოსამართლემ, რომელმაც ორივე ექიმი გაამართლა სხეულის დაზიანების მიყენების ბრალდებაში, საოპერაციოში არსებული სიტუაცია „სიგიჟედ“ შეაფასა და აღნიშნა, რომ „იქ ბევრი შეცდომა იყო“, მაგრამ სასამართლოს ამოცანაა სამართლებრივი და არა ეთიკური საკითხების მოგვარება. ფორმალურად, ხაზგასმით აღნიშნა მან, არ დადასტურებულა, რომ გოგონამ დამოუკიდებლად უზრუნველყო სამედიცინო მომსახურება, რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის დანაშაული არ არსებობს...

განაჩენი ჯერ არ შესულა კანონიერ ძალაში და შესაძლოა პროკურატურამ გაასაჩივროს იგი.

მფრინავმა საჭესთან 15 წლის შვილი დასვა და საშინელი კატასტროფა მოხდა, რომელსაც 75 ადამიანი შეეწირა... - რუსი პილოტების შეცდომა და გასაიდუმლოებული ამბავი, რომელიც დღემდე ახსოვთ