მსახიობის ოჯახში კონფლიქტი ახალ დონეზე გადავიდა. მისმა უმცროსმა ვაჟმა, ალენ-ფაბიენმა, სარჩელი შეიტანა და მოითხოვა, რომ მისი და, ანუშკა, მამის ანდერძიდან ამოიღონ.
ლეგენდარული ალენ დელონის გარდაცვალებიდან თვრამეტი თვის შემდეგ, მსახიობის ოჯახში ნამდვილი ომი გრძელდება. ის, რისიც მას სიცოცხლეში ასე ეშინოდა - გახმაურებული დაპირისპირებები და მემკვიდრეობისთვის ბრძოლა - საბოლოოდ რეალობად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ თავად საკმაოდ ფრთხილად დაგეგმა ქონების განაწილება, მის შვილებს შორის კონფლიქტი ზღვარს გადასცდა.

ახლა მისი უმცროსი ვაჟი, 31 წლის ალენ-ფაბიენი, რომელმაც ოფიციალურად შეამოკლა თავისი გვარი "ალენ დელონამდე", მოითხოვს, რომ მის დას, ანუშკას, მთლიანად ჩამოერთვას მემკვიდრეობა. მემკვიდრეობასთან დაკავშირებული დავები ერთდროულად მიმდინარეობს საფრანგეთსა და შვეიცარიაში. 2025 წლის შემოდგომაზე საფრანგეთში დაიწყო 2022 წლის ანდერძის გაუქმების პროცესი და მალევე ალენ-ფაბიენმა შვეიცარიაში შეიტანა სარჩელი მისი შესრულების შეჩერების მოთხოვნით. უცხოური მედიის ცნობით, იქ ახალი მოსმენა დაინიშნა, რომელიც 2026 წლის მარტშია დაგეგმილი.
თავად ალენ-ფაბიენის თქმით, კონფლიქტის საფუძველი მამის მიერ 2022 წელს ხელმოწერილი ანდერძია, როდესაც მსახიობი ინსულტისგან გამოჯანმრთელების პროცესში იყო. ამ დოკუმენტმა მთლიანად შეცვალა მემკვიდრეობის უწინდელი, 2015 წლის დროინდელი განაწილება: ქონების უმეტესი ნაწილი და რაც მთავარია, ალენ დელონის სახელის გამოყენების უფლებები, გადაეცა მსახიობის ერთადერთ ქალიშვილს, ანუშკას.მან არა მხოლოდ მიიღო მემკვიდრეობა, არამედ აქტიურად დაიწყო უკე მისი გამოყენება. 2024 წელს დაარეგისტრირა სპორტული ტანსაცმლის ბრენდი გოლფის ელემენტებით - Alain Delon, და უკვე დაიწყო გაყიდვები მალაიზიაში. ეს, მისი ძმის თქმით, კიდევ ერთი მიზეზი გახდა გარდაცვლილი მამის ანდერძის გადასახედად.
ალენ-ფაბიენი ამტკიცებს, რომ მამამისი ინსულტის მერე დასუსტებული იყო და ბოლომდე არ ესმოდა ასეთი გადაწყვეტილებების შედეგები. ის დარწმუნებულია, რომ მის დას შეეძლო გავლენა მოეხდინა მამაზე და გავლენით შეეცვლევინებინა ანდერძი.
უმცროსი ვაჟი განმარტავს, რომ მას არ აქვს წინააღმდეგობა 2015 წლის პირველ ანდერძთან. თუმცა, აცხადებს, რომ 2022 წლის დოკუმენტი უნდა გაუქმდეს. ის მშვიდობიან გადაწყვეტას სთავაზობს დას: ანდერძის ბათილად ცნობას და ჩუქების აქტის გაუქმებას, რომლითაც ანუშკას საკონტროლო პაკეტი გადაეცა. თუმცა, სანამ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, ყველა მემკვიდრეობითი აქტივი გაყინულია და ამ ეტაპზე ოჯახის არც ერთ წევრს არ აქვს ფულთან წვდომა.
2024 წელს გახდა ცნობილი, რომ ალენ დელონმა სიკვდილამდე სცადა თავისი ქონების გაყოფა. მსახიობს არ სურდა, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ მის შვილებს საჯაროდ ეჩხუბათ და ცდილობდა მემკვიდრეობის ისე განაწილებას, რომ არავის ეგრძნო თავი უპატივცემულოდ. მისი თავდაპირველი, 2015 წლის ანდერძის თანახმად, მისი 245 მილიონი ევროს ოდენობის ქონება სამ ოფიციალურად აღიარებულ შვილს უნდა დარჩენოდა: მის უფროს ვაჟს, ენტონის, ქალიშვილ ანუშკას და უმცროს ვაჟს, ალენ-ფაბიენს. საბოლოოდ კი ქონების ნახევარი ანუშკას ერგო, დანარჩენი კი ძმებს შორის იყოფოდა...
ამ ოჯახში ურთიერთობები ყოველთვის რთული იყო. დელონსა და მის ვაჟებს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით დაძაბული გახლდათ. უფროსმა ვაჟმა ენტონიმ მოგვიანებით თავის მემუარებში დაწერა, რომ მამის მუდმივ შიშში ცხოვრობდა - მისი თქმით, დილით თვალების გახელის მომენტიდან ეშინოდა მსახიობი მამის, რომელიც ძალიან მკაცრი და მომთხოვნი იყო, და მის ყოველ მოძრაობაში დაძაბულობას გრძნობდა. ერთხელ, როგორც ის იხსენებს, დელონმა შვილი ძაღლის სადგომშიც კი ჩაკეტა, რათა ის "გამოეწრთო".
დელონების ოჯახში მემკვიდრეობის შესახებ დავები მსახიობის გარდაცვალებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. 2019 წელს მის ცხოვრებაში იაპონიაში დაბადებული მომვლელი, ჰირომი როლინი გამოჩნდა. ჭორები ვრცელდება, რომ ალენი იმდენად იყო მასზე შეყვარებული, შესაძლო ქორწინებაზეც დაიწყო საუბარი.

თუმცა მისმა შვილებმა ეს მემკვიდრეობის პირდაპირ საფრთხედ აღიქვეს და ქალს უჩივლეს, მისი გათავისუფლება და გამოსახლება მოითხოვეს. გარდა ამისა, მათ როლინი მათი ანგარიშებიდან დიდი თანხების მოპარვაშიც დაადანაშაულეს. ამის შემდეგ მემკვიდრეებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა, დელონის სიცოცხლის ბოლო წლებში კი კონფლიქტი გამწვავდა...
როდესაც ჟურნალისტებმა ალენ-ფაბიენს ჰკითხეს, ფიქრობს თუ არა, რომ ასეთი საჯარო დავები დიდი მსახიობის სახელს შელახავს, მან მკვეთრად განაცხადა, რომ მამამისმა თავად შეილახა თავი საკამათო გადაწყვეტილებებით.
სხვათა შორის, სამი ვაჟიდან (რომელთაგან ერთი, უკანონოდ გაჩენილი, ალენს არასდროს უღიარებია შვილად), ალენ ფაბიენს ყველაზე მეტად ამსგავსებენ მამას.

ალენ ფაბიენი გარკვეულ ხანს მოდელობითაც იყო დაკავებული, სამსახიობო გამოცდილებაც აქვს.






