ყველამ იცის ალენ დელონი - კინოს ლეგენდა, მამაკაცის სილამაზის ერთ-ერთ ეტალონად აღიარებული მსახიობი, თუმცა თავად ულამაზეს მამაკაცს ვინ უყვარდა? როგორი ქალები იყვნენ მის გვერდით? ვინ იყო ის ერთადერთი ქალი, რომელზეც ოფიციალურად იქორწინა და რომელიც რომი შნაიდერსაც კი არჩია - ალენის სიყვარულში ჩაფერფლილ ქალს?
ნატალი დელონი ნამდვილი სახელი და გვარი ფრანსინ კანოვასი იყო. 1941 წლის 1 აგვისტოს, ესპანური წარმოშობის ოჯახში, მაროკოში დაიბადა. კარგი გარეგნობის გოგონას ყოველთვის ჰქონდა მიზანი, რომ კარიერა გაეკეთებინა სამოდელო სფეროში, მერე კი - კინოში.


სანამ ალენს შეხვდებოდა, 1957–1960 წლებში გი ბართლემიზე იყო დაქორწინებული, რომელთანაც ქალიშვილ ნატალი ბართლემი შეეძინა. მათი ურთიერთობა მალევე დასრულდა და 1964 წელს ოფიციალურად განქორწინდნენ.
პირველი შეხვედრა – 1962 წელს ნატალი და ალენ დელონი შეხვდნენ პარიზში ერთ-ერთ ღამის კლუბში სახელად New Jimmy’s. ნატალი მაშინ 21 წლის იყო, დელონი კი - უკვე გამოჩენილი და პოპულარული მსახიობი.
მათი შეხვედრა იყო არა მხოლოდ შემთხვევითი საუბარი — ამ საღამოსვე დაიწყო საიდუმლო რომანი, რომელიც გაგრძელდა თითქმის წლამდე, სანამ დელონი შეწყვეტდა ურთიერთობას რომი შნაიდერთან, რომელთან მგზნებარე რომანზეც უკვე მსოფლიო ლაპარაკობდა.
ალენ დელონმა და ნატალიმ ოფიციალურად 1964 წლის 13 აგვისტოს იქორწინეს. ამ დროს ნატალი უკვე ორსულად იყო ალენის უფროს ვაჟზე - ენტონი დელონზე. ორსულობამ ქორწინება დააჩქარა.



მათ იდეალურ, საოცნებო წყვილად მოიხსენიებდნენ და ხშირად უღებდნენ ერთად ფოტოებს პოპულარული ჟურნალებისთვის. როგორც ერთ-ერთი გამოცემა წერდა, ისინი იყვნენ ოცნების წყვილი 1960-იან წლებში.
მათი ვაჟი ენტონი დელონი 30 სექტემბერს 1964 წელს დაიბადა ლოს ანჯელესში.


წყვილი ერთად ჩნდებოდა ეკრანზეც. ნატალი და ალენი ერთად მონაწილეობდნენ ფილმებში, მათ შორის ლეგენდარულ Le Samouraï-ში, რომელიც დღემდე ითვლება კლასიკად.



თუმცა მიუხედავად იმისა, რომ გარედან იდეალურ წყვილად ჩანდნენ, მათი თანაცხოვრება დრამატული იყო. ალენს სულ ეხვეოდნენ გარს ქალები და არც ამბობდა უარს ფლირტებზე და შემთხვევით ურთეირთობებზე. რომი შნაიდერიც ეტაპობრივად ჩნდებოდა მის ცხოვრებაში და მოგვიანებით ნატალიმ აღიარა, რომ ყველაზე მეტად ამას ვერ უძლებდა - რომის ჩრდილი თითქოს სულ თან სდევდა მათ ურთიერთობას.

საბოლოოდ, 1968 წელს მათი ურთიერთობა ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა და 1969 წლის 14 თებერვალს განქორწინდნენ.
ნატალიმ სცადა კინოკარიერის აწყობა, ჰოლივუდშიც სცადა ბედი, თუმცა მცირე როლები ითამაშა ამერიკულ ფილმებში. მეტად ევროპულ კინოში დაფუძნდა და რეჟისორადაც წარდგა მაყურებლის წინაშე.
მიუხედავად განქორწინებისა, ნატალი და ალენი დარჩნენ მეგობრებად, ხშირად კონტაქტობდნენ.
ალენთან დაშორების შემდეგ ქალს რამდენიმე გახმაურებული რომანი ჰქონდა ცნობილ მამაკაცებთან, მათ შორის, ლუი მალთან დ ფრანკო ნეროსთან. ყველაზე დიდხანს კი - 15 წელი იცხოვრა ცნობილ ინგლისელ ჟურნალისტთან და პროდიუსერთან კრის ბლეკველთან, რომელსაც თავისი ცხოვრების ყველაზე დიდ სიყვარულს უწოდებდა.
ნატალი 2021 წელს სიმსივნით გარდაიცვალა.

ამბობენ, რომ ალენ დელონის პირველი და ყველაზე დიდი სიყვარული რომი შნაიდერი იყო. თუმცა უფრო დარწმუნებით იმას ამბობენ, რომ რომისთვის იყო ალენი მთელი ცხოვრების დაუვიწყარი სიყვარული. ისინი პერიოდულად წლების განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს გადასაღებ მოედანზე, ფესტივალებზე, თუმცა ფაქტია, რომ ალენს რომი ცოლად არ შეურთავს და მათი სიყვარული მხოლოდ დიდ ტკივილად დარჩა ქალს.



ოფიციალურ ქორწინებამდე ცოტა ხნით ადრე, ჯერ კიდევ რომი შნაიდერის მიჯნურად რომ ითვლებოდა ალენი, 1962 წლის 11 აგვისტოს, პარიზში, გერმანელმა მომღერალმა ნიკომ გააჩინა ვაჟი, კრისტიან აარონ ბულონი. ის ყოველთვის ამტკიცებდა, რომ ბავშვის მამა ალენ დელონი იყო. ბიჭი მამის მხრიდან ბებია-ბაბუამ, ალენ დელონის მშობლებმა გაზარდეს და მოგვიანებით იშვილეს კიდეც. თუმცა დელონს არასდროს უღიარებია მამობა და უარი თქვა დნმ-ის ტესტის ჩატარებაზე. თუმცა ის აღიარა, რომ ერთხელ ნამდვილად ჰქონდა ურთიერთობა ნიკოსთან.



1987 წელს, დელონმა თავისი სიმღერის "Comme au cinéma"-ს მუსიკალური ვიდეოს გადასაღებ მოედანზე გაიცნო ჰოლანდიელი მოდელი როზალი ვან ბრიმენი და ურთიერთობა დაიწყო. მათ არ უქორწინიათ, თუმცა 13 წელი იცხოვრეს ერთა და ორი შვილი შეეძინათ: ანუშკა დელონი (1990 წლის 25 ნოემბერი) და ალენ-ფაბიენ დელონი (1994 წლის 18 მარტი). მათი ურთიერთობა 2001 წელს დასრულდა.




სიცოცხლის ბოლო წლებში ალენის ცხოვრებაში კიდევ იყო ერთი ქალი, რომელიც საზოგადოებამ გაიცნო.2019 წელს მის ცხოვრებაში იაპონიაში დაბადებული მომვლელი, ჰირომი როლინი გამოჩნდა. ჭორები ვრცელდება, რომ ალენი იმდენად იყო მასზე შეყვარებული, შესაძლო ქორწინებაზეც დაიწყო საუბარი. თუმცა მისმა შვილებმა ეს მემკვიდრეობის პირდაპირ საფრთხედ აღიქვეს და ქალს უჩივლეს, მისი გათავისუფლება და გამოსახლება მოითხოვეს. გარდა ამისა, მათ როლინი მათი ანგარიშებიდან დიდი თანხების მოპარვაშიც დაადანაშაულეს.
