მომღერალი თამუნა ამონაშვილი 16-წლიანი ლოდინის შემდეგ ტყუპის დედა გახდა. მას და მის მეუღლეს, რეზიკო არჩვაძეს, ქალ-ვაჟი შეეძინათ. თამუნა გადაცემაში "ჩვენი ოჯახი" დედობისა და საკუთარი ემოციების შესახებ საუბრობს:
- ჩემი ცხოვრება აბსოლუტურად შეიცვალა. იმდენად აფორიაქებულები ვართ, რომ მავიწყდება რაღაცები... საოცარი რაღაც მოხდა. ეს იმდენად დიდი საჩუქარია უფლისგან, რომ ამის იქით აღარ მინდა ხოლმე რაღაცებზე საუბარი. ძალიან ბევრს ვლოცულობდი, ძალიან ბევრი თხოვნა მქონდა უფალთან... ტაძარშიც ვგალობ და ეს ძალიან მეხმარებოდა. ალბათ, დამეხმარა ისიც, რომ ბევრი ადამიანი ლოცულობდა. ბევრი მწერდა იმიტომ, რომ ინტერვიუებში ხშირად ვამბობდი, რომ შვილი არ მყავდა და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაღაც, რაც ცხოვრებაში არ მქონდა. სხვა დანარჩენი აბსოლუტურად ყველაფერი ამისრულდა, თუ რამ მინდოდა ცხოვრებაში. ძალიან ბევრი ადამიანი მწერდა, რომ ჩემთვის ლოცულობდა. რამდენჯერმე გავაჟღერე და ადამიანებს ვთხოვე, რომ ჩემთვის ელოცათ. ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ადამიანებს საოცარი მესიჯებისთვის და საოცარი გამოხმაურებისთვის. ყველა ადამიანში დევს ის მარცვალი, რასაც შვილის სიყვარული, ოჯახის სიყვარული ჰქვია. ეს ვინც განიცადა და ვინც მიიღო, ასეთი ადამიანებისათვის ჩვეულებრივი მომენტია, რომ სხვა დალოცოს და სხვა რაღაცებს არ მიაქციოს ყურადღება. უბრალოდ, დალოცოს, რომ მას შვილი ეყოლა და ბედნიერი დედა იყოს, შვილებთან ერთად... ვთვლი, რომ საქართველოში ძალიან ბევრი კარგი ადამიანია, რაც ჩვენს ქვეყანას გადაარჩენს.
შეგნებულად გადავწყვიტეთ, რომ ძიძა არ გვყოლოდა იმიტომ, რომ მე და რეზიკოს გვინდოდა, რომ ეს მთლიანად ჩვენ შეგვეგრძნო. ამდენი ხნის ნანატრი ბავშვები გვყავს. რომ ვერ შეიგრძნობ ჭამას, გამოცვლას, მოფერებას, ჩახუტებას და ამას რომ სხვა გაგიკეთებს... ვთვლი, რომ ეს არ მომეწონებოდა. ჩვენ ძიძის აყვანას ვაპირებთ, მაგრამ 5 თვის შემდეგ. 5 თვემდე ჩვენ უნდა გავიჭირვოთ და ეს სიყვარული მივიღოთ.
იმდენად მინდოდა შვილები, ასაკზე არ მიფიქრია. თუ უფალი გაძლევს, ესე იგი იმის უნარსაც გაძლევს, რომ შენ შენს შვილებს მიხედო. ადამიანი რომ იბადება, უფალი მას არასდროს ტოვებს. არავინ ვიცით, ვინ რამდენ ხანს ვიქნებით ამ ქვეყანაზე, მაგრამ სანამ ვიქნები, ყველაფერს გავიღებ იმისთვის, რომ ჩემი შვილები კარგ ადამიანებად აღიზარდონ, საზოგადოებისთვისაც, საკუთარი თავისთვისაც და ჩვენთვისაც ბედნიერების მომტანი იყვნენ. მე ამას გავაკეთებ და დანარჩენი უფლის ნებაა ყველაფერი.
ბავშვები თავად არ გამიჩენია. სუროგატის დახმარებით გავაჩინეთ, მაგრამ როგორც მეუბნებოდნენ, როდესაც ეს ყველაფერი გავიარეთ, შემეძლო მე მეტარებინა. ამაზე უარი ვთქვი იმიტომ, რომ, ალბათ, ვერ გავუძლებდი ამ ყველაფერს.
ახალი სიმღერა გავაკეთე. ბავშვები საოცარ ძალას მაძლევენ. თითქოს, გაათმაგებულად შემოვიდა წარმატების ძალა. ამ ყველაფერს რომ უყურებ, თითქოს, მეტად იხსნები. 3 თვის და 14 დღის არიან. ბიჭი უფრო აქტიურია, ვიდრე გოგო.
სანამ ბავშვების დაბანას ვისწავლიდი, მეგონა, ვერაფერს გავაკეთებდი. მაგრამ, ალბათ, 3 დაბანაში მივეჩვიე. ყველაფერს გაათმაგებული ენერგიით ვაკეთებ.
ვეცდები, რომ მათ სულში ჩავიხედო. მე მათ მოყვასის სიყვარულს ვასწავლი, მშობლების, ნათესავების, ყველაფრის სიყვარულს ვასწავლი. დანარჩენს თავად მიხვდებიან ცხოვრებაში. თავიანთი ჯვარი თავად უნდა ატარონ.