"სუფრაზე ეს 3 რამ უნდა იყოს... 31 დეკემბერს გველისა და ცხენის ფიგურები ერთად უნდა გვქონდეს..." - მიხეილ ცაგარელი გვირჩევს, როგორ შევხვდეთ 2026 წელს, რომ წარმატება და კეთილდღეობა მოვიზიდოთ - მშობლები

"სუფრაზე ეს 3 რამ უნდა იყოს... 31 დეკემბერს გველისა და ცხენის ფიგურები ერთად უნდა გვქონდეს..." - მიხეილ ცაგარელი გვირჩევს, როგორ შევხვდეთ 2026 წელს, რომ წარმატება და კეთილდღეობა მოვიზიდოთ

2025-12-15 14:31:38+04:00

ახალი წელი გვიახლოვდება და ყოველთვის ყველას აინტერესებს, რა ტენდენციებია მოსალოდნელი. როგორ შევხვდეთ 2026 წელს, რა რიტუალები შეგვიძლია, ბედნიერებისა და ფინანსური კეთილდღეობის მოსაზიდად ჩავატაროთ და რა უნდა გავაკეთოთ, რომ მომდევნო წელს სურვილები აგვისრულდეს, თემაზე ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს:

- ითვლება, რომ როგორც შევხვდებით ახალ წელს, მომავალი წლის მასპინძელს, რომელიც ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელი, ზეაქტიური, ცხენი იქნება, ისეთი წელი გვექნება. ეს ჩვეულებრივი ცხენი არ არის, ის მუსტანგია, ძალიან აქტიური. ასეთი წელი მოდის. თან წითელი ფერის. წითელი ფერი - ეს ცეცხლია, ენერგიაა. თუმცა, ჩვენ თუ მომავალი წლის მასპინძელი გავანაწყენეთ, შეიძლება, ძალიან ცუდად მოგვექცეს. სტუმრად რომ მიდიხართ, მასპინძელი როგორც შეგხვდებათ, ისეთია თქვენი დამოკიდებულებაც. ასევეა აქაც. ზოგს შეიძლება, გაეცინოს და თქვას, რა იცის ცხენმა ჩვენი დამოკიდებულებაო... აქ საუბარია ცხენის გარკვეულ ენერგიაზე, რომელიც ამ დროს შემოდის და რას ვახვედრებთ ამ ენერგიას - ამაზე ვლაპარაკობთ. ის ენერგია, რომელიც შემოდის, ძალიან განსხვავებულია იმ ენერგიისგან, რომელშიც ახლა ვართ. ჯერ გველის წელიწადში ვართ, რომელიც პასიურ სტიქიას, მიწის სტიქიას განეკუთვნება. უცებ ეს ცეცხლის ძალიან აქტიური ენერგიით იცვლება. ეს თითოეული ჩვენგანისგან სულ სხვა დამოკიდებულებას მოითხოვს. ყველა პასიური ადამიანი წაგებაში იქნება. ამიტომ, რიტუალიკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. როგორ შევხვდებით ახალ წელს, ბევრად განსაზღვრავს, როგორ დაგვეხმარება ეს ენერგია მომავალ წელს.

პირველ რიგში, დავიწყოთ იმით, რომ აღმოსავლური ჰოროსკოპით, ცხენის წელი, რეალურად, 17 თებერვალს შემოდის. ტრადიციულად, ახალმთვარეობის დროს შემოდის ხოლმე. მაგრამ, ახლა ახალმთვარეობა მზის დაბნელებას დაემთხვა. ამიტომ, რთული დღეა. დადებითი წელი იქნება, მაგრამ არა მსუბუქი. როდესაც წელიწადი მზის დაბნელების დროს იწყება, მას აუცილებლად ექნება გარკვეული სირთულეები, გარკვეული აგრესია.

ჩვენ ეს რიტუალი, რომელსაც ახლა ვიტყვი, რასაკვირველია, 31-ში უნდა შევასრულოთ, მაგრამ თუ ვერ მოასწარით ან ვერ შეძელით, 17 თებერვალს კომპენსაცია ან განმეორება შეგიძლიათ.

დავიწყოთ ფიგურებით. 31 დეკემბერს ორი ფიგურა უნდა გვქონდეს. გველის წელია და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 17 თებერვლამდე გაგრძელდება. ამიტომ, ნუ გავანაწყენებთ. გველის ფიგურა მაგიდაზე უნდა იყოს. მის გვერდით კი ცხენის ფიგურა. 17 თებერვალს გველი გადავა პანთეონში, მაგიდაზე დარჩება ცხენი.

სადაც გველის ფიგურა გვაქვს, წინ დაუდეთ ყველის პატარა ნაჭერი. სადაც ცხენია, პატარა თივა თუ გვექნება, კარგია ან ვაშლი. იმ პროდუქტებით, რომლებიც მათ სიამოვნებთ, პატივს მივაგებთ.

რადგან ცეცხლის სტიქია შემოდის, ცეცხლი სანთელს უკავშირდება. სანთელი აუცილებლად უნდა გვქონდეს. სტიქია წითელ ფერს გვაძლევს. წითელი და წითელი ფერის ყველა კომბინაცია, ბორდო, ვარდისფერი, ყვითელი, ოქროსფერი - ეს პირველი და უმთავრესი ფერებია. მერე შეიძლება, დაემატოს ნარინჯისფერი, ლურჯი, ცისფერი ტონები, ასევე მწვანე. წითელი ძალიან აქტიური, ზოგჯერ აგრესიული ფერია. ეს თუ ცოტა არ გავანეიტრალეთ რბილი ფერებით, მაგალითად, ისეთი ფერებით, როგორებიცაა: ყვითელი, ცისფერი, ლურჯი, მწვანე, ამან შეიძლება, აგრესიაც გამოიწვიოს ადამიანებში. წითელი პრევალირებს, მაგრამ სხვა ფერებიც დავახმაროთ. თეთრი და შავი ნებისმიერ წელს შეგიძლიათ, გამოიყენოთ იმიტომ, რომ ეს ფერები არ არის. ეს ტონებია.

მთავარი ფერი წითელია. ამიტომ, ნაძვის ხის სათამაშოები გნებავთ, ტანსაცმელი თუ სუფრის აქსესუარები - რაც მეტად წითელი ტონი იქნება, მით უკეთესი.

სუფრაზე სამი რამ უნდა იყოს: ბროწეული, ლიმონი, მანდარინი. საერთოდ, აღმოსავლეთში მანდარინის ხე მათი ნაძვის ხეა. მანდარინის ხის ტოტები, თუნდაც, ხელოვნური იყოს, უკვე კარგია, წარმატებას იზიდავს. ეს არის ჯანმრთელობის, სიხარულის, სიყვარულის, ბარაქის სიმბოლოები. ამიტომ, ეს სიმბოლოები თუ გვექნება, იგივე ნაძვის ხესთან, ეს უკვე კარგია. ბარაქის, სიხარულის, ჯანმრთელობის ენერგიას იზიდავს. თორემ, შეიძლება, არაფერი გააკეთო და ცარიელ ოთახში დახვდე. პრობლემა არ არის, მაგრამ შენ ამით აძლიერებ დადებით ენერგიებს. ამის გარდა, წმინდა მორალურ-ფსიქოლოგიური მხარე უნდა გავითვალისწინოთ. გვიხარია, როცა ამას ვაკეთებთ...

ფიგურებს შორის სანთელი უნდა ავანთოთ. ახალი წლის დადგომამდე, ნახევარი საათით ადრე, ჯერ წინა წელს მიაგეთ პატივი. თუ ცუდი იყო, რაღაც ცუდი წაიღო. თუ კარგი იყო, მადლობა მას. წინა წელს მადლობა გადაუხადეთ. ახალი წელი რომ დადგება, სანთელი კვლავ უნდა გვენთოს. 1 სანთელი უნდა გვენთო. თუ წითელი არ გვაქვს, ყვითელი იყოს. ახალი წელი რომ დაიწყება და ერთმანეთს მივულოცავთ, ამის შემდეგ დრო იხელთეთ და სანთელს ერთი განსაკუთრებული, საკრალური სურვილი სთხოვეთ. ცეცხლის ენერგიაა, ამიტომ ესაუბრეთ მას. ნუ იფიქრებთ, რომ ბავშვური სათამაშოა. ძალიან ძლიერი ენერგიები მიდის.

ფინანსური ბარაქისთვის:

რკინის 1-ლარიანი გვქონდეს. 1-ლარიანს ზუსტად სანთელსა და ცხენისა და გველის ფიგურებს შორის ვდებთ. მას შემდეგ, რაც სანთელს საერთო სურვილი ჩაუთქვით, გაქვთ საშუალება, ერთი ფინანსური სურვილი ჩაუთქვათ.

გარდა ამისა, სუფრაზე თეფშის ქვეშ ოჯახის თითოეულმა წევრმა ასევე შეიძლება, 1-ლარიანი ჩადოს. ამ დროს ჩაუთქვით, რა გინდათ მოხდეს, რომ ის 1-ლარიანი გაცილებით მეტი თანხის მომტანი გახდეს. იმ 1-ლარიანს, რომელიც სანთელთან დევს, ასევე იმ 1-ლარიანს, რომელიც თქვენი თეფშის ქვეშაა, დილით აიღებთ და ჩაიდებთ საფულეში და მთელი წელი ატარებთ. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ახალი წლის დადგომის შემდგომ, თქვენ შეგიძლიათ, თქვენი სურვილები ჩამოწეროთ - რა გინდათ, რომ მოხდეს. თუმცა, იქამდე ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, 21 დეკემბერი, გველოდება. 21 დეკემბერს სამყაროში პორტალი იხსნება, ძალიან დიდი ენერგია მოდის. ზამთრის მზებუდობაა. ამ დღესაც შეგვიძლია, სურვილები ჩამოვწეროთ, თუმცა შეგვიძლია, ეს 31 დეკემბერს, 1-ელ იანვარს რომ გადავალთ, ამ დროსაც გავაკეთოთ. ოღონდ სურვილები იწერება ისე, თითქოს, ეს შენ უკვე გაქვს. "მე მინდა" - არა. "მე მინდა" - უკვე კითხვის ნიშანია. სურვილს ახლანდელ დროში ვწერთ. ჩამოწერეთ და ფურცელი მომავალ წლამდე შეინახეთ. თუ თქვენ ასეთი სურვილები წინა წელსაც გაქვთ დაწერილი, სანამ დადგება ახალი წელი, ის უკვე უნდა დაიწვას და ახალი შეიქმნას.

ნებისმიერი კერძი გამოიყენეთ. ცხენს პრობლემა არ აქვს. თუ ეგზოტიკური გნებავთ, ხილი, ბოსტნეული ძალიან უყვარს. მთავარია, სუფრაზე არ იყოს ცხენის ხორცი, რომელსაც ზოგჯერ "გვატენიან", როგორც სხვა ხორცს. იმას, ვინც ამას გააკეთებს, ძალიან ცუდი წელი ელოდებათ.

ნალი - ძალიან მნიშვნელოვანია. ადრე სახლთან ჰქონდათ და გარემოს ავი თვალისგან იცავდნენ. ადრეულ პერიოდში, როდესაც ადამიანი ავად ხდებოდა, სადაც იწვა, უკან, ნალს მიაჭედებდნენ და ძალიან მალე გამოჯანმრთელდებოდა. ნალი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ასევე, ხვავისა და ბარაქის სიმბოლოა. იქ, სადაც ცხენის სიმბოლო გვაქვს, ნალი დავდოთ. თუ გადმობრუნებულ მდგომარეობაში დადებთ ან დაკიდებთ, მთელი თქვენი ხვავი წავა. თუმცა, გადმობრუნებულ მდგომარეობაში ნალი სულიერ სიმშვიდეს განაპირობებს. ამიტომ, ორი ნალი შეგვიძლია, გამოვიყენოთ.

რადგან ძალიან აქტიური ცხენის წელი მოდის, ახალ წელს აქტიურად უნდა შევხვდეთ. მხიარულება, ცეკვა, იუმორი კარგია, მაგრამ ზედმეტი სროლა - არა. არა მხოლოდ უსაფრთხოების კუთხითაა ეს გასათვალისწინებელი, არამედ იმიტომაც, რომ ცხენს ეშინია... ცხენს სროლა, ეს ხმა არ უყვარს. მხიარულება, კარგი სიმღერა და ცეკვა, პირიქით, უკეთესია. ჩვენთან ერთად გაიხარებს.

ეს რიტუალები წინა პლანზე გადმოვიტანოთ, რომ დადებითი ენერგია შემოვიტანოთ. ასეთი რიტუალებით მომავალი წლის მასპინძელს პატივს ვცემთ. მერე ისიც შესაბამისად მოგვეპყრობა.

ცეცხლის ცხენის წელი 60 წელიწადში ერთხელ მოდის. ზეაქტიური, ზე-ენერგიული, ზე-მხიარული, ზე-მებრძოლი - ასეთი უნდა იყოს თითოეული ჩვენგანი, თუ თქვენ გინდათ, წარმატებას მიაღწიოთ. მიძინებული ადამიანი შორს ვერ წავა. მაგრამ, სამაგიეროდ, რაკი ცეცხლის სტიქიაა, აგრესიაც მოიმატებს. ამიტომ, ყურადღებით იყავით. მსოფლიოში შეიძლება, საომარი სიტუაციები გაღვივდეს, შეიძლება, ადამიანებს შორის დაძაბულობა იყოს, მთავარია, ენერგიას რაში გადაიყვანთ. ის დიდი ენერგია, რომელიც მოდის, შეგიძლიათ, შრომაში, საქმეში, აღმშენებლობაში ან შეგიძლიათ, საქმეთა გარჩევასა და კონფლიქტებში გადაიყვანოთ.

ოჯახის შექმნისა და სიყვარულის წელიწადია. იუპიტერი, გამარჯვების პლანეტა, ივლისის შუა რიცხვებამდე კირჩხიბის ნიშანში იქნება, რომელიც მართავს ოჯახს, სამშობლოს. მეორე ნახევარში ლომის ნიშანში გადადის. ლომი სიყვარულის, შვილების, კეთილშობილების სიმბოლოა. ოჯახისა და სიყვარულის წელიწადია. ამიტომ, ოჯახის შექმნისა და სტაბილური სასიყვარულო კონტაქტებისთვის, შვილების გაჩენისთვის საუკეთესო პერიოდია.