რა უშლის ხელს თანამედროვე ბავშვების ჯანმრთელობას და როგორ უნდა შეუწყოს მას მშობელმა ხელი - ზედმეტი ჰიგიენისა და გადაჭარბებული მკურნალობის უარყოფითი ეფექტები - მშობლები

რა უშლის ხელს თანამედროვე ბავშვების ჯანმრთელობას და როგორ უნდა შეუწყოს მას მშობელმა ხელი - ზედმეტი ჰიგიენისა და გადაჭარბებული მკურნალობის უარყოფითი ეფექტები

2025-12-16 10:28:44+04:00

თანამედროვე მშობლებს ბევრისგან მოუსმენიათ, რომ დღევანდელი ბავშვები იმდენად ჯანმრთელები აღარ არიან, როგორც წინა თაობებში. როგორ შეიცვალა ბავშვთა დაავადებები, რა ეხმარება ან ხელს უშლის ბავშვს, რომ ჯანმრთელი გაიზარდოს და რა არის დამიკიდებული მშობელზე?

ბავშვთა დაავადებები დღეს: ინფექციებიდან ცხოვრების წესამდე

ბავშვთა დაავადებების სტრუქტურა საგრძნობლად შეიცვალა. ამის მთავარი მიზეზი ვაქცინაცია და პერინატალური მედიცინაა, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეამცირა ბავშვთა სიკვდილიანობა. განვითარებულ ქვეყნებში ბავშვები გაცილებით იშვიათად ავადდებიან ინფექციური დაავადებებით — ისინი ნელ-ნელა წარსულს ბარდება.

თუმცა მათი ადგილი სხვა პრობლემებმა დაიკავა. დღეს წინა პლანზე გამოდის ცხოვრების წესთან დაკავშირებული დაავადებები: ბრონქული ასთმა, ალერგია და სიმსუქნე.

გადაჭარბებული ჰიგიენა და „გაგიჟებული“ იმუნიტეტი

თანამედროვე საზოგადოებაში ჰიგიენის მიმართ დამოკიდებულება ხშირად უკიდურესობაში გადადის. გარკვეულ ეტაპზე, როგორც ჩანს, „ზღვარს გადავაბიჯეთ“. მაგალითად, სკანდინავიურ ქვეყნებში, სადაც სისუფთავეზე განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული, ალერგიული დაავადებები უფრო ხშირია, ვიდრე იტალიაში, სადაც ბავშვები უფრო თავისუფლად არიან.

თანამედროვე ქალაქის ბავშვი მუდმივად აღარ ეხება გარემოს ბუნებრივ ალერგენებს, როგორც ეს ადრე ხდებოდა. შედეგად, იმუნური სისტემა თითქოს „იბნევა“ და ალერგიული რეაქციებით პასუხობს.

ზოგჯერ მშობლებს ჰგონიათ, რომ ამ მდგომარეობაში ზედმეტი მკურნალობაა დამნაშავე. თავად ექიმი აღიარებს, რომ ისიც ეწინააღმდეგება გადამეტებულ მკურნალობას, რადგან ეს ზიანს აყენებს როგორც ბავშვის ფსიქიკას, ისე ორგანიზმს. თუმცა მისი აზრით, ძირითადი მიზეზი მხოლოდ მედიკამენტები არ არის — პრობლემა ბევრად უფრო მასშტაბურია.

გარემო, ეკოლოგია და გაურკვეველი ფაქტორები

ალერგიითა და ასთმით ავადდებიან არა მხოლოდ ის ბავშვები, ვისაც ხშირად მკურნალობენ. დიდი კვლევაა საჭირო იმის გასაგებად, ზუსტად რომელი ფაქტორები მოქმედებს ამ დაავადებების განვითარებაზე.

შესაძლოა, როლს თამაშობდეს ეკოლოგიაც: რას ვჭამთ, რას ვსუნთქავთ და რა პირობებში ვცხოვრობთ. ამ ყველაფრიდან ერთი კონკრეტული მიზეზის გამოკვეთა საკმაოდ რთულია.

გენეტიკა და არა „გაჯეტები“

დღეს ხშირად საუბრობენ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომზე და აუტიზმის სპექტრის აშლილობაზე. არსებობს თეორიები, რომლებიც ამ მდგომარეობებს ბავშვის მიერ მიღებული ინფორმაციის სიჭარბეს უკავშირებს, თუმცა სპეციალისტები აღიარებენ, რომ ორივე მდგომარეობა უმეტესად გენეტიკურია.

ყურადღების დეფიტი არ „გადის“ ასაკთან ერთად — ეს ნერვული სისტემის თავისებურებაა. თავად ექიმები ამბობენ, რომ მათ კოლეგებს შორისაც ბევრი ადამიანია ამ სინდრომით და ისინი ჩვეულებრივ მუშაობენ.

გაჯეტებმა არ უნდა ჩაანაცვლოს ცოცხალი ურთიერთობა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აქვს მკაფიო რეკომენდაცია: გაჯეტები არასოდეს უნდა იქცეს ბავშვის „ძიძად“. სმარტფონებისა და პლანშეტების მთავარი საფრთხე უმოძრაობაა, ხოლო მცირეწლოვან ბავშვებში — მეტყველების განვითარების შეფერხება.

გაჯეტები ხშირად ანაცვლებს მშობლებთან ურთიერთობას, მაშინ როცა სწორედ ცოცხალ კომუნიკაციაში ვითარდება აზროვნება და მეტყველება.

საუკეთესო პროფილაქტიკა: ვაქცინაცია, ძილი და ნაკლები სტრესი

ჯანმრთელობის შენარჩუნების ერთ-ერთი გზა ვაქცინაციაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გრიპისა და პნევმოკოკის საწინააღმდეგო აცრები, რომლებმაც მკვეთრად შეამცირა ჩირქოვანი ოტიტებისა და ბაქტერიული პნევმონიების რაოდენობა ბავშვებში.

არანაკლებ მნიშვნელოვანია:

  • ხარისხიანი და რეგულარული ძილი;

  • ჯანსაღი კვება;

  • ყოველდღიური სეირნობა.

ბავშვი ერთსა და იმავე დროს უნდა იძინებდეს და საკმარისი საათები ეძინოს.

„ბებიიების მეთოდებიდან“ ზოგი რამ შეიძლება სასარგებლოც იყოს — მაგალითად, გაკაჟება, როგორც სტრესგამძლეობის საშუალება.

სტრესის სრულად გამორიცხვა შეუძლებელია, მაგრამ მისი შემცირება აუცილებელია. არ ღირს ბავშვის ზედმეტად დატვირთვა ან ისეთი სკოლის შერჩევა, სადაც ის თავს კარგად არ იგრძნობს.

ვიტამინები: საჭიროა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში

მიუხედავად გავრცელებული მოსაზრებისა, ორგანიზმს ვიტამინები ძალიან მცირე რაოდენობით სჭირდება და ჯანსაღი კვება, როგორც წესი, ამას უზრუნველყოფს. ავიტამინოზი და ჰიპოვიტამინოზი ექიმების პრაქტიკაში იშვიათია.

პროფილაქტიკურად ვიტამინების მიღება უმეტეს შემთხვევაში არაფრის მომცემია და შესაძლოა საზიანოც იყოს. გამონაკლისია ვიტამინი D — მისი დეფიციტი დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 70%-ს აქვს. ამიტომ ვიტამინი D რეკომენდებულია როგორც ბავშვებისთვის, ისე ზრდასრულებისთვის, განსაკუთრებით ჩრდილოეთის განედებში მცხოვრებთათვის.

ანემიის დროს საჭიროა რკინა, იოდი — ზღვისგან შორს მცხოვრებთათვის.

პარტნიორული მედიცინა — თანამედროვე მიდგომა

თანამედროვე პედიატრია თანდათან პატერნალისტური მოდელიდან პარტნიორულზე გადადის, სადაც მშობლები და ექიმები გადაწყვეტილებებს ერთად იღებენ. ბრმა ნდობაც და სრული უნდობლობაც ერთნაირად უკიდურესობებია.

მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი მედიცინაში აღარ იყოს მხოლოდ „ობიექტი“ — მას უნდა ესაუბრონ პატივისცემით და აუხსნან გარკვეული პროცესები.

ნებისმიერი სამედიცინო ჩარევის წინ უნდა დაისვას კითხვა: „რატომ?“ რადგან ექიმთან ნებისმიერი კონტაქტი ბავშვისთვის სტრესულია და სასურველია, ეს სტრესი მინიმუმამდე დავიყვანოთ.