"ამ გოზინაყს არა მარტო სოფიკო ჭიაურელს ვუკეთებდი, არამედ სხვებსაც..." - ასმათ ტყაბლაძის ცნობილი გოზინაყის რეცეპტი - მშობლები

"ამ გოზინაყს არა მარტო სოფიკო ჭიაურელს ვუკეთებდი, არამედ სხვებსაც..." - ასმათ ტყაბლაძის ცნობილი გოზინაყის რეცეპტი

2025-12-16 11:56:32+04:00

მსახიობი ასმათ ტყაბლაძე გადაცემაში "დღის პოსტი" გოზინაყის რეცეპტს უზიარებს მაყურებელს. მისი თქმით, ამ რეცეპტით გოზინაყს სოფიკო ჭიაურელს უმზადებდა:

- ყველაფერს უნდა მოეფერო. თუ გაკეთების დროს არ მოეფერე იმას, რასაც აკეთებ, კარგი არ გამოგივა. პირველ რიგში, კარგი ქართული, თეთრი ნიგოზი გვჭირდება. ან თიანეთის ან დუშეთის... მე დუშეთის მაქვს. ამ გოზინაყს არა მარტო სოფიკო ჭიაურელს ვუკეთებდი, არამედ სხვებსაც.

508730312-4149021255380557-1927354641225250002-n-1765873260.jpg

ნიგოზი ლამაზად, თხლად უნდა დავჭრათ. ცოტა უნდა მოვხალოთ. მაგრამ, ერთი კილო ერთდროულად კი არ უნდა ჩავყაროთ. ნელ-ნელა უნდა მოვხალოთ, უნდა ვეფეროთ და არ უნდა დაგვეწვას. ოდნავ უნდა შეიცვალოს ფერი. მერე უნდა ავბერტყოთ იმიტომ, რომ იმას ქერქი ეცლება და რომ ავბერტყავთ, ქერქი ცალკე მიდის. ამას დრო უნდა. სული და გული უნდა ჩადო.

ნატურალური თაფლი უნდა გამოვიყენოთ. მე წაბლის თაფლს არ ვიყენებ. სიმწარე მოჰყვება. ხევსურულ თაფლს ვიყენებ. ალპური ზონის ყვავილების გემო მოჰყვება.

800 გრამი თაფლი და უკვე აბერტყილი 1 კილო ნიგოზი უნდა გამოვიყენოთ. თაფლის მოხარშვას რომ დავიწყებთ, არ უნდა გადავაჭარბოთ, არ უნდა დაიწვას. მე ცივ წყალს ვიღებ და ცოტა წვეთებს ჩავუშვებ. ის წვეთი რომ გამაგრდება ცივ წყალში, თაფლი უკვე მზადა, რომ ნიგოზი მიიღოს. კარგად ერთმანეთში რომ ავურევთ, ცოტახანს დაბალ ცეცხლზე უნდა იყოს. შემდეგ, უკვე შეგვიძლია, სველ ხის დაფაზე გადავიტანოთ და გავაბრტყელოთ. კარგად რომ გააბრტყელებთ, დაჭრით და მიირთმევთ, უგემრიელესი იქნება.

შაქარი ძალიან ცოტა უნდა. 1 კოვზი ან კოვზ-ნახევარი. ბებიაჩემი არ უკეთებდა. ჩემი ნიგოზი ყოველთვის რბილია. შაქარს იმიტომ უკეთებენ, რომ მასა არ დაიშალოს და შეიკრას. უშაქროდაც გემრიელი გამოდის, თუ დროულად ჩაყრით.

გოზინაყი თამო მეფიშვილის რეცეპტით
6 ყველაზე გავრცელებული შეცდომა გოზინაყის კეთებისას