საავტომობილო იმპერიის, Porsche-ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა, 82 წლის ვოლფგანგ პორშე მეოთხედ დაქორწინდა. მისი რჩეული 62 წლის გაბრიელა რენატა ჰომეი გახდა — ქალი გამორჩეული ბიოგრაფიით, არისტოკრატიული ტიტულებითა და ხმაურიანი ქორწინებებით, რომელსაც ევროპულ ყვითელ ქრონიკაში წლებია „პრინცების სერიულ პატარძლად“ მოიხსენიებენ.
ვოლფგანგ პორშე, Porsche-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ლეგენდარული ავტოკონცერნის დამფუძნებლის, ფერდინანდ პორშეს შვილიშვილი, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ და გავლენიან მილიარდერად ითვლება. სწორედ ამიტომ, მისი პირადი ცხოვრების ნებისმიერი დეტალი საზოგადოებისა და მედიის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.

ქორწინების ცერემონია დახურულ ფორმატში, ზალცბურგში გაიმართა — მილიარდერის საგვარეულო რეზიდენციასთან ახლოს. ღონისძიება მოკრძალებული იყო, პომპეზური მიღებებისა და დიდი რაოდენობით სტუმრების გარეშე. მიუხედავად ამისა, პრესაში გაჟონილმა მცირე დეტალებმაც კი სწრაფად მოიარა ევროპული ტაბლოიდები.
პატარძალი თეთრ, მრავალშრიან შიფონის კაბაში გამოჩნდა, რომლის გამოკვეთილი ბანტი განსაკუთრებულ ელეგანტურობას სძენდა. ლუქს ავსებდა ძვირფასი ქვებით გაფორმებული თეთრი სანდლები და ბრილიანტებით შემკული საქორწინო ბეჭედი, რომელიც შეუმჩნეველი ნამდვილად ვერ დარჩებოდა. მთელი ცერემონია დახვეწილი და თავშეკავებული იყო — თითქოს წყვილი შეგნებულად ცდილობდა წარსულ სკანდალებთან დისტანცირებას. ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

ვოლფგანგ პორშესა და გაბრიელა რენატა ჰომეის რომანი 2023 წელს დაიწყო — თითქმის მაშინვე, რაც მილიარდერი კლაუდია ჰიუბნერს დაშორდა. ეს განქორწინება თავის დროზე გერმანიაში ნამდვილ სენსაციად იქცა. პორშემ საჯაროდ აღიარა, რომ მიზეზი მისთვის დიაგნოზირებული დემენციის ერთ-ერთი ფორმა იყო. მისი თქმით, დაავადება უარყოფითად აისახებოდა პიროვნულ მდგომარეობასა და ოჯახურ ცხოვრებაზე, რის გამოც ქორწინების გაგრძელების ძალა აღარ ჰქონდა. კლაუდია ჰიუბნერთან პორშემ ოთხი წელი იცხოვრა და მათ ორი ვაჟი შეეძინათ. მანამდე ვოლფგანგი დაქორწინებული იყო გერმანელ კინოპროდიუსერ სუზანა ბრესერზე — მათი ქორწინება 1988 წლიდან 2008 წლამდე გაგრძელდა და ამ ურთიერთობიდანაც ორი შვილი ჰყავს.
ვოლფგანგ პორშეს ფიგურა თავადაც ცალკე ისტორიაა. იგი პირდაპირი მემკვიდრეა ავტოინდუსტრიის დინასტიისა. მისი მამა მონაწილეობდა ლეგენდარული Volkswagen Beetle-ის შექმნაში და მჭიდროდ იყო დაკავშირებული პიეხების ოჯახთან, რომელიც წლების განმავლობაში აკონტროლებდა Volkswagen Group-ს. ვოლფგანგის ძმას Porsche 911-ის ერთ-ერთ შემქმნელად მიიჩნევენ. ასაკის მიუხედავად, პორშე კვლავ აქტიურად არის ჩართული ბიზნესში და დღემდე ხელმძღვანელობს კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს.

არანაკლებ ინტერესს იწვევს მისი ახალი მეუღლის ბიოგრაფიაც, რომელმაც უკვე ორ პრინცზე მოასწრო ქორწინება.

გაბრიელა რენატა ჰომეი გერმანელი მეწარმეების ოჯახში დაიბადა. ახალგაზრდობაში ატარებდა გვარს ტისენი — დედის მეორე ქმრის გვარს. მან ელიტური განათლება მიიღო საფრანგეთში, შვეიცარიასა და აშშ-ში, თავისუფლად ფლობს რამდენიმე ენას და ადრეული ასაკიდანვე თავს კომფორტულად გრძნობდა უმაღლეს საზოგადოებაში.
1990-იანი წლების დასაწყისში გაბრიელამ პირველი ხმაურიანი ნაბიჯი გადადგა არისტოკრატიისკენ — იგი პრინც კარლ ემიხ ლაინინგენზე, მეშვიდე ლაინინგენის პრინცის ვაჟზე და რუსეთის ტახტის ერთ-ერთ პრეტენდენტზე დაქორწინდა. ამ ქორწინებამ მას პრინცესის ტიტული მოუტანა და ქალიშვილი — ტერეზა ლაინინგენი შესძინა, რომელიც 1992 წელს დაიბადა. თუმცა, ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა და 1998 წელს წყვილი დაშორდა.


განქორწინების შემდეგ გაბრიელა აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში, მათ შორის მუშაობდა იუნესკოს კონსულტანტად და რჩებოდა საერთაშორისო წრეებში ცნობილ ფიგურად. თუმცა, მსოფლიო მასშტაბით განსაკუთრებული ყურადღება მისმა მეორე ქორწინებამ მიიპყრო — ის მუსლიმი ისმაილიტების სულიერ ლიდერსა და ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფილანტროპს, პრინც კარიმ აღა ხან IV-ს გაჰყვა ცოლად.

ამ ქორწინების გამო გაბრიელამ ისლამი მიიღო, აირჩია სახელი ინარა და მიიღო ტიტული ბეგუმი — ტრადიციული წოდება მათი რეგიონის მმართველთა მეუღლეებისთვის. 2000 წელს მათ ვაჟი შეეძინათ — პრინცი ალი მუჰამად აღა ხანი. თუმცა, როგორც ჩანს, ეს ურთიერთობაც სტაბილური არ აღმოჩნდა. 2004 წელს წყვილმა დაშორება გამოაცხადა, მიზეზად კი მედია აღა ხანის ღალატის ბრალდებებს ასახელებდა.
განქორწინება წლების განმავლობაში გაგრძელებულ სასამართლო დავებს მოჰყვა პარიზსა და ლონდონში და მხოლოდ 2011 წელს დასრულდა. საბოლოოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღა ხანს ინარისთვის 50 მილიონი ფუნტი სტერლინგის კომპენსაცია უნდა გადაეხადა. ამის შემდეგ გაბრიელა კვლავ პირველი მეუღლის გვარს დაუბრუნდა.
პრინც კარიმ აღა ხან IV-ის გარდაცვალების შემდეგ, 2025 წლის თებერვალში, კიდევ ერთხელ გამახვილდა ყურადღება მის ყოფილ მეუღლეზე, თუმცა გაბრიელამ წარსულის კომენტირებისგან თავი შეიკავა და ცხოვრების ახალ ეტაპზე კონცენტრირდა. მისი ქორწინება ვოლფგანგ პორშესთან ლოგიკურ გაგრძელებად იქცა ქალის ბიოგრაფიისა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი მამაკაცების გვერდით იდგა.