15 იანვრიდან თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ელექტრონული დაშვების სისტემა იწყება - რას გულისხმობს ეს ცვლილება და რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა - მშობლები

ბარათები საბავშვო ბაღებში იანვრიდან ამოქმედდება... რა იცვლება მშობლებისთვის და იმოქმედებს თუ არა საპატიო გაცდენებზე და დაგვიანებებზე? - სააგენტოს ხელმძღვანელის განმარტებები

2025-12-17 09:34:45+04:00

იანვრიდან თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ელექტრონული დაშვების სისტემა იწყება. ეს სისტემა სექტემბრიდან რამდენიმე ბაღში საპილოტე რეჟიმში უკვე ჩაიშვა, თუმცა იანვრის თვიდან თბილისის მასშტაბით ყველა საჯარო ბაგა-ბაღში ამოქმედდება. კონკრეტულად, რას გულისხმობს ეს სისტემა და რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა, გადაცემაში "იმედის დილა" თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, გურამ ოქროპირიძე საუბრობს:

"ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა, რომელიც უკვე 15 იანვრიდან დედაქალაქის ყველა საჯარო ბაგა-ბაღში ამოქმედდება. აქამდე აღრიცხვის პროცესი ხელით ხორციელდებოდა, რაც საკმაოდ დიდ დროსა და რესურსს მოითხოვდა. ცვლილება, რომელიც შემდეგი წლიდან განხორციელდება, ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ბაღის ადმინისტრაციას და უშუალოდ აღმზრდელებს დაეხმარება, ჩამოიშორონ ზედმეტი ტვირთი, რომელსაც საკმაოდ დიდი დრო მიჰქონდა. ამასთან ერთად, დამატებით კომფორტს შეუქმნის მშობლებს, რეგისტრაციას ძალიან მარტივად გაივლიან, დააფიქსირებენ ბავშვების შესვლასა და გასვლას.

როგორც აღვნიშნე, ძალიან მარტივი პროცესია. ყველა მშობელს შესაბამისი ბარათები აქვს. ეს არის როგორც ფიზიკური სახით - ნებისმიერს შეუძლია, რამდენიმე ბარათი აიღოს იმისთვის, რომ დაკარგვის საფრთხე თავიდან ავირიდოთ. გარდა ამისა, ამ ბარათის მიბმა შეიძლება, სხვა ტიპის ნებისმიერ ბარათზე. მათ შორის, საბანკო ბარათებზე. ასევე, QR-კოდის გენერირების საშუალება არსებობს და ნებისმიერი მშობელი მობილური ტელეფონითაც შეძლებს, ბავშვის ბაღში შესვლა და გასვლა დააფიქსიროს.

პროცედურას რაც შეეხება, უბრალოდ კონკრეტულ აპარატზე შესვლის პროცესში აღნიშნული ბარათი ფიქსირდება და შემდგომ უკვე გასვლის შემთხვევაშიც იმავეს ვიმეორებთ. ეს არის მხოლოდ, რაც მშობლებისთვის შეიცვალა. პროცესი კიდევ უფრო გამარტივდა. სხვა შინაარსობრივი ცვლილება ამ პროცესში ჩვენ არ გვაქვს. საბოლოო ჯამში, ეს სერვისი ბაღებში ბევრად უფრო კომფორტული იქნება.

შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ამ პროცესში შინაარსობრივად არაფერი იცვლება. ის საპატიო გაცდენები ან დაგვიანება, რაც ბავშვებს სხვადასხვა საჭიროებიდან გამომდინარე ჰქონდათ და ამაზე ადმინისტრაცია და დირექტორი საქმის კურსში იყვნენ, იმავე პრინციპით გაგრძელდება. მშობლებს შეეძლებათ, განცხადებით მიმართონ ბაღის ადმინისტრაციას და ყველა ეს ფაქტორი, რა თქმა უნდა, სისტემაში გათვალისწინებული იქნება. ის, რაც საკრებულომ თავის დროზე დაამტკიცა, არანაირად არ იცვლება. ერთადერთი ცვლილება არის ის, რომ როგორც ბაღის ადმინისტრაციისთვის, ისე მშობლებისთვის ბავშვების აღრიცხვის პროცესი მარტივდება და ეს ყველაფერი ავტომატიზებული ხდება.

პროექტის შემუშავების დროს, ყველა მნიშვნელოვანი ფაქტორი გავითვალისწინეთ. მათ შორის, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების საკითხი. რა ფორმითაც იღებდნენ მომსახურებას, ზუსტად იმავე პრინციპით გაგრძელდება. ყველა მშობელს, რომელსაც რაიმე ტიპის საჭიროება აქვს და ბაღის ადმინისტრაციას უკვე მიმართა, ეს სისტემაში ავტომატურად აისახება. შესაბამისად, არც დაგვიანება, არც ის მორგებული დრო, რომელიც ბავშვებს ჰქონდათ, არ ჩაითვლება არასაპატიოდ.

იანვრიდან ეს პროგრამა 190 საჯარო ბაგა-ბაღში ერთიანად ჩაეშვება.

ზამთრის არდადეგებს 30 დეკემბრიდან დავიწყებთ. არდადეგები 14 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. 15 იანვრიდან უკვე სააღმზრდელო პროცესი დაიწყება." - თქვა გურამ ოქროპირიძემ "იმედის დილის" ეთერში.

შეგახსენებთ, რომ სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში ბავშვის/აღსაზრდელის რეგისტრაციისა და მიღება-ამორიცხვის წესის მიხედვით, თუ აღსაზრდელი ზედიზედ 10 სამუშაო დღეს, ხოლო, თვის პერიოდში 15 სამუშაო დღეს არ გამოცხადდება საბავშვო ბაღში და მშობელი 5 სამუშაო დღის განმავლობაში გაცდენის მიზეზის დამადასტურებელ დოკუმენტს არ წარადგენს, სკოლამდელი დაწესებულებიდან გაირიცხება.

გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზია:

  • აღსაზრდელის ან/და აღსაზრდელის ოჯახის წევრის ავადმყოფობა;
  • ოჯახის წევრის გარდაცვალება;
  • სტიქიური უბედურება ან სხვა ფორსმაჟორული სიტუაცია.

გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს, აგრეთვე, სხვა განსაკუთრებული შემთხვევა, რომლის საპატიოდ მიჩნევის საკითხს წყვეტს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების დირექტორი.