როგორ ვებრძოლოდ მაღალ სიცხეს ბავშვებში, რა ქმედებებია სწორი და ეფექტური და პირიქით - როგორი ქმედებებით ვუშლით ხელს ძალაუნებურად, სიცხის დაწევას. ცნობილმა პედიატრმა, მედიცინის დოქტორმა, პროფესორმა მაია ხერხეულიძემ მაღალი სიცხის დროს გავრცელებულ მეთოდებზე zmna-ge-სთან ისაუბრა.
"ცხელება თვითონ არის გარკვეული დამცველობითი რეაქცია. სიხის დროს ბავშვი უკეთ გამოიმუშავებს ამ დაავადების საწინააღმდეგო დამცველობით ნივთიერებებს. ამიტომ ყველა სიცხესთან ბრძოლა არ გვჭირდება, თუ ცხელება არ არის ძალიან მაღალი, 38,5 და უფრო მაღალი, ან ძალიან სერიოზულ დისკომფორტს არ უქმნის ბავშვს. ეს უკანასკნელი იდივიდუალურია. არის ბავშვი, რომელიც 38 სიცხეზეც სერიოზულ პრობლემებს განიცდის, ძლიერი თავის ტკივილი აქვს, ძალიან შეწუხებულია. ამ დროს შეგვიძლია ამ სიცხეზეც მივცეთ მედიკამენტი.
როცა ცხელების მართვაზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ იმ გარემოში, სადაც სიცხიანი ბავშვი იმყოფება, არ იყოს ძალიან მაღალი ტემპერატურა, რადგან ის ხელს შეუშლის სიცხის დროს სითბოს გაცემას. არც ძალიან არ უნდა ჩავფუთნოთ, რადგან აქაც სითბოს გაცემის პრობლემა იქნება.
მაღალი სიცხის დროს ბავშვებში 2 ჯგუფის მედიკამენტს ვიყენებთ - აცრტამინიფენს და იბუპროფენს. ესენი სხვადასხვა სახელით გვხდება ბაზარზე. აუცილებელია წამლის მიღებებს შორის ინტერვალების და დოზის დაცვა. შეგვიძლია გაგრილების, ე.წ. დაზელვის პროცედურებიც ჩავატაროთ, ოღონდ არ უნდა გამოვიყენოთ ცივი წყალი, 32 გრადუსის მაინც უნდა იყოს. ცივმა წყალმა შეიძლება მეტი პრობლემა შექმნას. უმჯობესია, ჯერ პრეპარატი მივცეთ და შემდეგ დავიწყოთ დაზელვა. არ ვიყენებთ სპირტისა და ძმრის ხსნარებს. თუ შევადარებთ უბრალო წყლით დაზელვას, ეფექტი იდენტურია. ადრეული ასაკის ბავშვის კანი ძალიან ნაზია და მდიდარია სისხლძარღვებით. დადგინდა, რომ ყველა ნივთიერება, რომელსაც გარედან ვუსმევთ პატარას, ძალიან ადვილად შეიძლება შეიწოვოს და მოხვდეს სისხლის მიმოქცევის სისტემაში. ამიტომ ვირჩევთ მეთოდ, რომელიც არის აბსოლუტურად უსაფრთხო და ეფექტური", - ამბობს მაია ხერხეულიძე.