"ბაჟე, რომელიც არასდროს გაგიკეთებიათ... შეცდომა, რომელსაც ბევრი უშვებს" - ნატა გაგუას განსაკუთრებული ბაჟე - მშობლები

"ბაჟე, რომელიც არასდროს გაგიკეთებიათ... შეცდომა, რომელსაც ბევრი უშვებს" - ნატა გაგუას განსაკუთრებული ბაჟე

2025-12-18 16:49:58+04:00
ცნობილი ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა გამომწერებს ნიგვზის ბაჟეს განსაკუთრებულ რეცეპტს სთავაზობს.
"ბაჟე, რომელიც არასდროს გაგიკეთებიათ - „თეთრი ხავერდი“
იცოდით, რომ ბაჟეს ის მსუბუქი სიმწარე, რომელსაც მივეჩვიეთ, სინამდვილეში კაკლის გულიდან კი არა, მისი თხელი კანიდან (აპკიდან) მოდის?
დღეს გასწავლით, როგორ მოამზადოთ იდეალურად თეთრი, ნაღებივით ნაზი და გემრიელი საწებელა. ეს არ არის უბრალოდ რეცეპტი, ეს არის კულინARTთერაპია!
რატომ არის ეს მეთოდი განსაკუთრებული?
შეცდომა, რომელსაც ბევრი უშვებს: კაკალს ხალავს. მოხალვა ცვლის ცილის სტრუქტურას და აძლევს „დამწვრის“ გემოს. ნამდვილი ბაჟე მოუხალავი ნიგვზით უნდა მოამზადოთ!
გამოსავალია ბლანშირება: კაკლის მდუღარეში 60 წამით გაჩერება და შემდეგ ყინულიან წყალში გადატანა. ეს პროცესი ატენიანებს აპკს, რომელიც მარტივად ძვრება. შედეგად ვიღებთ თოვლივით თეთრ კაკალს - ტანინების (სიმწარის) გარეშე.
ენდემური აფთიაქი თეფშზე
• უცხო სუნელი: კრავს ნიორსა და კაკალს.
• ყვითელი ყვავილი (იმერული ზაფრანა): აძლევს მიწისებრ, ყვავილოვან ნოტებს და იცავს მხედველობას.
• ქინძის თესლი (და არა ფოთოლი!): მისი ციტრუსოვანი ნოტები ანეიტრალებს ცხიმის სიმძიმეს.
• ნიორი: ბუნებრივი ანტიბიოტიკი.
• კაკალი: ომეგა-3-ის საბადო, საუკეთესოა გულისთვის.
რეცეპტი: „თეთრი ხავერდი“
ინგრედიენტები:
• კაკალი (რჩეული) 400 გ
• ნიორი 20 გ
• უცხო სუნელი 5 გ
• ხმელი ქინძი (დაფქული თესლი) 4 გ
• ყვითელი ყვავილი 2 გ
• წითელი წიწაკა (მზეზე გამომშრალი) 1 გ
• მარილი 8 გ
• თეთრი ღვინის ძმარი 30 მლ
• ბროწეულის წვენი 15 მლ
• წყალი (ადუღებული და გაგრილებული 20-25°C) 350-400 მლ
მომზადების ტექნოლოგია:
1️⃣ ბლანშირება (მთავარი საიდუმლო): ადუღებულ წყალში ჩაყარეთ კაკალი ზუსტად 60 წამით. სასწრაფოდ გადაიტანეთ ყინულიან წყალში. გაციების შემდეგ კანი მარტივად მოსცილდება ხელით. დაგრჩებათ გულები.
2️⃣ სანაყის მაგია: ნიორი და მარილი დანაყეთ პასტის მიღებამდე (ბლენდერი ნიორს „ააგრესიულებს“ და ამწარებს, სანაყი კი ნაზად ჭყლეტს). დაამატეთ სუნელები და აქციეთ ერთ მასად.
3️⃣ ზეთის გამოხდა: აიღეთ ბლანშირებული კაკლის ნაწილი (100 გ), დანაყეთ ზეთის გამოშვებამდე და გამოწურეთ დოლბანდში. ეს სითხე სერვირებისთვის გვჭირდება!
4️⃣ ემულსიფიკაცია:
დარჩენილი კაკალი და გამოწურული მასა მოათავსეთ მაღალი სიჩქარის ბლენდერში. დაამატეთ ნივრისა და სუნელების პასტა.
• დაამუშავეთ პულსაციით ფხვიერი მასის მიღებამდე.
• დაამატეთ ძმარი და ბროწეულის წვენი.
• დაბალ სიჩქარეზე ნელ-ნელა დაამატეთ გაგრილებული წყალი (ცხელი წყალი ბაჟეს ჭრის!).
• ბოლოს, აუწიეთ სიჩქარეს მაქსიმუმამდე 60 წამით. მასა გახდება თეთრი, ჰაეროვანი და ფუმფულა, როგორც ბლინების ცომი.
სერვირება:
ჩაასხით თეთრი ბაჟე ჯამში. ზემოდან წვეთებად ან სპირალურად მოასხით შენახული კაკლის ზეთი. მორთეთ ბროწეულის მარცვლებით.
ეს არის ტრადიციისა და ინოვაციის სრულყოფილი ბალანსი." - წერს ნატა გაგუა
როგორ გამოვხადოთ ნიგვზის ზეთი საცივისა და ბაჟესთვის