იუმორისტი თემო მჟავია გადაცემაში "ირინას ეპიზოდი" მთავარი გამოწვევების, გადატანილი სირთულეებისა და 2012 წელს მომხდარი ავარიის შესახებ საუბრობს, რამაც, როგორც თავად აღნიშნავს, მისი ცხოვრების სტილი რადიკალურად შეცვალა:
- დავიკარგე... ახლა, დღევანდელი გადმოსახედიდან, შეიძლება, ითქვას, რომ დავიკარგე. დავკარგე ჩემი თავი, დავკარგე შინაგანი სამყარო. რაღაც პერიოდი, შეიძლება, ითქვას, რომ ოჯახის წევრებიც დაკარგული მყავდა იმიტომ, რომ ცალკე გადავედი საცხოვრებლად, როგორც პირდაპირი მნიშვნელობით, ასევე რაღაც კავშირი აღარ მქონია. ამ დროს უკვე იყო კლუბები, თავიდან ცოტა ალკოჰოლით დაიწყო, მერე მარიხუანა შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში და იმ დოზით შემოვიდა, რომ ძალიან ბევრი წელი დარჩა. ვიყავი მომხმარებელი, რამაც კიდევ უფრო ღრმად დამკარგა. საერთოდ ვერ ვხვდებოდი, რეალობა სად არის. ისედაც ძალიან რთულია, ჩემი აზრით, რომ ფხიზელმა გაიგო, სად არის რეალობა და სად - ილუზია. მით უმეტეს, როდესაც რაღაცის ქვეშ ხარ. ბევრი რაღაც გავაფუჭე. დავუშავე როგორც სხეულს, ისევე სულს. ადამიანებისათვის ცუდი არ გამიკეთებია. ერთადერთი, ჩემს თავს დავუშავე. ახლა ვხვდები, ჩემს თავს რომ ვუშავებდი, როგორ სტკიოდათ ჩემს მშობლებს. მერე იყო ავარია. ღმერთის შვილი ხარ და ის, როგორც მშობელი, ისე გაფრთხილებს. ეს ავარია გამომიგზავნა, სადაც ჩემი დამსხვრევა მოხდა, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.