ბავშვებში მეტყველების განვითარება მათი საერთო განვითარების უმნიშვნელოვანესი ეტაპია. სწორედ მეტყველება ქმნის საფუძველს ინტელექტუალური, ემოციური და შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ალაპარაკების პროცესი ბავშვისთვის საინტერესო და სასიამოვნოც იყოს. როგორ უნდა წარიმართოს მეტყველების განვითარება სწორად.
სწორად დაგეგმილი აქტივობები — როგორც ოჯახში, ისე სპეციალისტებთან (ლოგოპედთან, პედაგოგთან) — ბავშვს ეხმარება ენისა და მეტყველების უკეთ ათვისებაში. მდიდარი მეტყველება პირდაპირ კავშირშია ბავშვის აზროვნების, წარმოსახვისა და საზოგადოებაში ადაპტაციის უნართან. რეგულარული მეცადინეობები, მეტყველების დარღვევების დროული აღმოჩენა და კორექცია, აქტიური და პასიური ლექსიკის მუდმივი გამდიდრება ბავშვის ჰარმონიული განვითარებისთვის მთავარი ხელშემწყობია.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალურად ვითარდება, მეტყველების განვითარება უმეტეს შემთხვევაში ერთსა და იმავე ეტაპებს მოიცავს. საინტერესოა, რომ ეს პროცესი ბავშვის დაბადებამდეც კი იწყება.
სმენითი აღქმა. ბავშვი გარემოს ხმებს დედის საშვილოსნოშივე აღიქვამს. ეს საფუძველს უყრის ტვინის იმ უბნების განვითარებას, რომლებიც მეტყველებაზეა პასუხისმგებელი. დაბადების შემდეგ ის სწავლობს ხმების გარჩევას, დედის და ახლობლების ხმის ცნობას.
მეტყველების გაგება. ბავშვი სიტყვების მნიშვნელობის გაგებას ალაპარაკებამდე უფრო ადრე იწყებს. თავდაპირველად ეს პასიური გაგებაა — რეაქცია ინტონაციაზე და სიტუაციაზე, მოგვიანებით კი კონკრეტული სიტყვებისა და მარტივი მითითებების აღქმა, როგორიცაა „მომეცი ხელი“, „მოდი აქ“.
მეტყველების აპარატის მომზადება. ამ ეტაპზე ბავშვი სწავლობს ენის, ტუჩებისა და სასის მოძრაობის კონტროლს. ეს პროცესები ვლინდება ღუღუნითა და ტიტინით.
ღუღუნი. ეს ჯერ კიდევ არ არის ნამდვილი მეტყველება, არამედ ხმის აპარატის ვარჯიშია. ბავშვი ძირითადად ხმოვან ბგერებს წელავს — „აგუ“, „გუგუ“ და მსგავსი ბგერები ჩნდება.
ტიტინი. ბავშვი იწყებს ახვადასხვა ბგერების წარმოთქმას და უფროსების მიბაძვას. ასე ჩნდება მარცვლოვანი გამეორებები: „მა-მას“, „ბა-ბა“, „და-და“.
მიბაძვა. ამ ეტაპზე ბავშვი აქტიურად ცდილობს უფროსებისგან მოსმენილი ხმების, მარცვლებისა და მარტივი სიტყვების გამეორებას. მნიშვნელოვანია, რომ უფროსებმა ხელი შეუწყონ მეტყველების გაგრძელებას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვი შეიძლება იმ ეტაპზე „შეჩერდეს“, როცა ისედაც ხვდებიან, რა სურს.
გამეორება. სიტყვების ათვისება გამეორებით ხდება. ამიტომ აუცილებელია, ბავშვმა ბევრი მოისმინოს: წიგნების კითხვა, საგნების დასახელება, ყოველდღიური მოქმედებების კომენტირება მეტყველების განვითარების ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია.
პირველი სიტყვები. პირველი გააზრებული სიტყვების წარმოთქმა მეტყველების განვითარებაში დიდი ნახტომია. თავდაპირველად ეს სიტყვები კონკრეტულ საგნებსა და მოქმედებებს უკავშირდება, მოგვიანებით კი უფრო აბსტრაქტული მნიშვნელობაც ჩნდება.
მარტივი წინადადებები. პირველი სიტყვების შემდეგ ბავშვი იწყებს მათ ერთმანეთთან დაკავშირებას. ამ ეტაპს ხშირად „ტელეგრაფული მეტყველება“ ეწოდება — წინადადებები შედგება რამდენიმე საკვანძო სიტყვისგან.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ყველა ბავშვი საკუთარი ტემპით ვითარდება. თუ ის „სტანდარტულ ჩარჩოებში“ არ ჯდება, ეს ყოველთვის პრობლემას არ ნიშნავს, თუმცა რეკომენდებულია პერიოდულად სპეციალისტებთან კონსულტაცია, რათა მეტყველების შესაძლო დარღვევები დროულად გამოვლინდეს.

მეტყველების განვითარებაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს — ემოციური კონტაქტიდან დაწყებული, ნატიფი მოტორიკის განვითარებით დამთავრებული. სწორად დაგეგმილი აქტივობები ბავშვს ეხმარება არა მხოლოდ მეტყველების, არამედ ლოგიკური და სახეობრივი აზროვნების, ასოციაციური კავშირების და ინფორმაციის აღქმის უნარის განვითარებაში.
ბავშვის ზოგადი ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია მეტყველების განვითარებასთან. ხშირი ავადმყოფობები, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში, შეიძლება მეტყველების ტემპის შენელებას იწვევდეს. სმენისა და მხედველობის პრობლემები მნიშვნელოვნად ართულებს მეტყველების ათვისებას — რთულია იმ ბგერის გამეორება, რომელიც ბავშვმა კარგად ვერ გაიგონა.
ასევე მნიშვნელოვანია:
გენეტიკური წინასწარგანწყობა — ოჯახში არსებული მეტყველების სირთულეები რისკს ზრდის, თუმცა გარემო და სწორი მიდგომა ხშირად ახერხებს ამ ფაქტორის კომპენსირებას.
ნერვული სისტემის მომწიფება — მეტყველების ცენტრები ტვინში ეტაპობრივად ვითარდება, ამიტომ ბავშვების მეტყველების ტემპი განსხვავებულია.
ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებები — ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა სპეციალური კორექციული მუშაობა.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი მეტყველებითი გარემოა. რაც უფრო ხშირად და ხარისხიანად ურთიერთობს ბავშვი უფროსებთან, მით მეტ სიტყვას, გრამატიკულ სტრუქტურასა და მეტყველების წესს ითვისებს.
აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს:
ურთიერთობის სტილს — ზედმეტი „ბავშვური“ ლაპარაკი და სიტყვების დამახინჯება არ არის რეკომენდებული. უკეთესია, უფროსებმა ბავშვთან ბუნებრივად ილაპარაკონ, წიგნები წაუკითხონ, კითხვები დაუსვან და თავიანთი მოქმედებები დააკომენტარონ.
თანატოლებთან კონტაქტს — სხვა ბავშვებთან ურთიერთობა მეტყველების განვითარებასა და ლექსიკის გამდიდრებას ხელს უწყობს.
ენობრივ გარემოს — ორენოვან ოჯახში გაზრდა მეტყველების ტემპზე შეიძლება აისახოს, თუმცა სწორად ორგანიზებულ პირობებში ბავშვი მარტივად ხდება ბილინგვი.
მეტყველების სწავლა უნდა იყოს კომპლექსური პროცესი. მხოლოდ საუბარი ან მხოლოდ თამაში საკმარისი არ არის — ბავშვს სჭირდება სხვადასხვა ტიპის აქტივობა, რომელიც ერთდროულად ავითარებს საუბრის, მოსმენის, კითხვისა და წერასთან დაკავშირებულ უნარებს.