რა შეიცვლება შინაური ცხოველების მეპატრონეებისათვის 2026 წლის 1-ელი იანვრიდან და რამდენი ლარით დაჯარიმდებით, თუ დადგენილ წესებს დაარღვევთ - მშობლები

რა შეიცვლება შინაური ცხოველების მეპატრონეებისათვის 2026 წლის 1-ელი იანვრიდან და რამდენი ლარით დაჯარიმდებით, თუ დადგენილ წესებს დაარღვევთ

2025-12-19 13:30:49+04:00

"შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" კანონში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც, ცხოველის კეთილდღეობისა და მოვლა-პატრონობის მოთხოვნების დარღვევა გაზრდილ ჯარიმებს გამოიწვევს.

კანონის მიხედვით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაუშვებელია:

  • ცხოველის მიტოვება, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
  • ცხოველის ევთანაზია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
  • ცხოველის ჯილდოს, პრიზის ან პრემიის სახით გადაცემა;
  • ცხოველის საკვებად გამოყენება ან/და მისგან პრეპარატებისა და ქიმიური საშუალებების დამზადება;
  • ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ცხოველის დაზიანებისას/დაღუპვისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ აღნიშნულის შესახებ შესაბამისი ორგანოსთვის შეუტყობინებლობა;
  • ცხოველების შემგროვებლობა;
  • ძაღლის, გარდა სასამსახურო ძაღლისა, წვრთნა საბრძოლო მიზნებისთვის.

ცხოველის კეთილდღეობის, მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის ვალდებულებების ფარგლებში, ცხოველის სახეობისა და ჯიშის თავისებურებების გათვალისწინებით მეპატრონე ვალდებულია უზრუნველყოს:

  • ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია;
  • ცხოველის გასეირნება, მგზავრობა და ღონისძიებებში გამოყენება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი უსაფრთხოების წესების დაცვით;
  • ვეტერინარული შემოწმება, კომპლექსური ვაქცინაცია, დეჰელმინთიზაცია და სხვა სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება;
  • ანტირაბიული ვაქცინაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • ცხოველის გამრავლების უნარის შეწყვეტა სტერილიზაციით/კასტრაციით ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით;
  • ცხოველის გამრავლების უნარის შეწყვეტა მისთვის სხვა, უვნებელი, ვეტერინარული წესებით დასაშვები მეთოდით სამედიცინო ჩვენების საფუძველზე სტერილიზაციის/კასტრაციის მეთოდის გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში;
  • ცხოველის დაუყოვნებლივ გადაყვანა ვეტერინარულ დაწესებულებაში მისი ავადობის შემთხვევაში;
  • ცხოველის დაკარგვის/დაღუპვის შესახებ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოსთვის შეტყობინება;
  • მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს/სააგენტოს ინფორმირება ცხოველის მიერ სხვა ცხოველის ან/და ადამიანის დაკბენის/დაკაწვრის/დადორბვლის ფაქტის შესახებ, თუ არსებობს ეჭვი ცოფით ან ცხოველიდან ადამიანზე გადამდები სხვა საშიში დაავადებით დაინფიცირებაზე/დაავადებაზე;
  • ცხოველის მიერ სხვა ცხოველის ან/და ადამიანის დაკბენის/დაკაწვრის/დადორბვლის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მასზე ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელება იზოლირებულად, მეპატრონის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე ან თავშესაფარში;
  • საზოგადოებრივი სივრცის მყისიერი დასუფთავება ცხოველის მიერ მისი დაბინძურების შემთხვევაში;
  • ცხოველის მიერ სხვა პირისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;
  • ცხოველის ლეშის განკარგვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მონაცემთა ერთიან ბაზაში ფიზიკური პირი მეპატრონედ შეიძლება დარეგისტრირდეს მხოლოდ 16 წლის ასაკის მიღწევისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით გათვალისწინებული ნასამართლობის არქონის შემთხვევებში.

მეპატრონის გარდაცვალების შემთხვევაში მისი მემკვიდრე ვალდებულია დარეგისტრირდეს მეპატრონედ მონაცემთა ერთიან ბაზაში. თუ მემკვიდრე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უარს ამბობს სამკვიდროს მიღებაზე, იგი ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველისთვის ახალი მეპატრონის მოძიება, ხოლო ახალი მეპატრონის მოძიების შეუძლებლობის შემთხვევაში − მისი თავშესაფარში გადაყვანა.

  1. ფიზიკურ პირსა და იურიდიულ პირს უფლება აქვთ, უზრუნველყონ უპატრონო ცხოველის მიკედლება.
  2. მიკედლების საფუძველია მიმკედლებლის რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში. მიკედლება წყდება მიმკედლებლის განცხადების საფუძველზე ან მის მიერ ამ კანონით დადგენილი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში.
  3. ცხოველის მიკედლება დასაშვებია მხოლოდ სტერილიზაციის/კასტრაციის შემდეგ.
  4. დაუშვებელია ცხოველის მიკედლება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, სამედიცინო დაწესებულებისა და მეტროპოლიტენის შენობებში, აგრეთვე საბავშვო და სპორტულ მოედნებზე.

აკრძალულია არასამკურნალო მიზნით ან ფუნქციური დანიშნულების გარეშე ცხოველისთვის ვეტერინარული ოპერაციების ჩატარება, კერძოდ:

  • ყურების კუპირება;
  • კუდის კუპირება;
  • ეშვების ექსტრაქცია;
  • კლანჭების ოპერაციული ამოკვეთა;
  • სმენის დაქვეითება;
  • ხმის იოგების გადაჭრა.

ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია ცხოველის მიღებისთანავე მონაცემთა ერთიან ბაზაში გადაამოწმოს მისი იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია.

დაუშვებელია ცხოველისადმი არასათანადო ან სასტიკი მოპყრობა ან ასეთი ქმედების ხელშეწყობა, მათ შორის:

  • ცხოველის ცემა;
  • ცხოველის მუდმივად დაბმულ მდგომარეობაში ყოლა;
  • ცხოველის ისეთი ფიზიკური დატვირთვა, რომელიც იწვევს მის ტანჯვას;
  • ცხოველის მოწოდება აგრესიისკენ ან/და წახალისება სხვა ცხოველის ან/და ადამიანის ჯანმრთელობის ან/და სიცოცხლის საწინააღმდეგოდ;
  • არასამკურნალო მიზნით ან ფუნქციური დანიშნულების გარეშე ამ კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვეტერინარული ოპერაციების ჩატარება;
  • ცხოველისთვის ჭრილობის მიყენება, მისი დასახიჩრება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანება (მათ შორის, ავტოსაგზაო შემთხვევისას), რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის ან/და ჯანმრთელობისთვის;
  • ცხოველის გამოყენება სამეცნიერო ექსპერიმენტისთვის ან/და მასზე ლაბორატორიული ცდების ჩატარება, გარდა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
  • ცხოველების ორთაბრძოლის ორგანიზება, ჩატარება და ორთაბრძოლისთვის ადგილის გადაცემა;
  • სხვა ქმედება, რომელიც იწვევს ცხოველის ტანჯვას.

ძაღლის გასეირნება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა), დასაშვებია მხოლოდ საბლის ან ალიკაპის გამოყენებით

აკრძალულია ცხოველის შეყვანა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებში (გარდა საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის შემთხვევისა), ასევე საავადმყოფოში, გარდა კატისა და მცირე ზომის ძაღლისა, რომელთა შეყვანა დასაშვებია ხელში აყვანით ან სპეციალური გადამყვანის (კონტეინერის, ჩანთის) მეშვეობით, აგრეთვე ასისტენტი ძაღლისა.

ცხოველთან ერთად მგზავრობა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საზოგადოებრივ ტრანსპორტში დასაშვებია საბლის ან ალიკაპის გამოყენებით, ხოლო კატისა და მცირე ზომის ძაღლის შემთხვევაში აგრეთვე − ხელში აყვანით ან სპეციალური გადამყვანის (კონტეინერის, ჩანთის) მეშვეობით.

ცხოველის გამოყენება სპორტულ, კულტურულ ან გასართობ ღონისძიებაში დასაშვებია ცხოველის სახეობრივი/ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, მისთვის ზიანის მიყენების გარეშე.

საქართველოს მთავრობამ2026წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს შემდეგი სამართლებრივი აქტების დამტკიცება:

  • შინაური ბინადარი ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პირობებისა და ვადების დადგენის და მონაცემთა ერთიანი ბაზის მართვის წესი;
  • ტექნიკური რეგლამენტი შინაური ბინადარი ცხოველების სტერილიზაციის/კასტრაციისა და მოშენების წესებისა და ვადების შესახებ.
  • მუნიციპალიტეტებმა 2026 წლის 1 მარტამდე უზრუნველყონ შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესების დამტკიცება ან ამ წესების არსებობის შემთხვევაში მათი ამ კანონთან შესაბამისობა.

მეპატრონემ 2027 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია ამ კანონით დადგენილი წესით.

მეპატრონე, რომელსაც უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს ცხოველი, ვალდებულია მონაცემთა ერთიან ბაზაში ცხოველის რეგისტრაციის მიზნით 2027 წლის 1 იანვრამდე მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს.

მიმკედლებელი, რომელსაც უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს ცხოველი, ვალდებულია მონაცემთა ერთიან ბაზაში ცხოველის რეგისტრაციის მიზნით 2027 წლის 1 იანვრამდე მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს.

მეპატრონე, რომლის ცხოველიც სტერილიზებული ან კასტრირებულია ამ კანონის ამოქმედებამდე, ვალდებულია 2027 წლის 1 იანვრამდე მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს ცხოველის სტერილიზაციის/კასტრაციის შესახებ ინფორმაციის მონაცემთა ერთიან ბაზაში შესატანად.

თუმცა, თარიღები განსხვავებულია. მაგალითად, ის, რომ იკრძალება ცხოველის ყურების კუპირება; კუდის კუპირება; ეშვების ექსტრაქცია; კლანჭების ოპერაციული ამოკვეთა; სმენის დაქვეითება; ხმის იოგების გადაჭრა 2026 წლის 1-ელი იანვრიდან შედის ძალაში.

ასევე, ცხოველის ევთანაზიასთან, ცემასთან, არასათანადო მოპყრობასთან, გასეირნებასთან დაკავშირებული ცვლილებებიც 2026 წლის 1-ელი იანვრიდანშედის ძალაში.

უფრო ვრცლად, რას ითვალისწინებს კანონი და როდიდან ამოქმედდება სხვადასხვა რეგულაცია, იხილეთ კანონში.

1. შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესების დარღვევა - გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. შინაური ბინადარი ცხოველის ანტირაბიული ვაქცინაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარების ვალდებულების დარღვევა − გამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

3. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოსთვის ხელის შეშლა უმეთვალყურეო/უპატრონო/მიკედლებული შინაური ბინადარი ცხოველის სტერილიზაციის/კასტრაციის, ვაქცინაციის ან ცოფზე დაკვირვების მიზნით გადაყვანისას − გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

4. შინაური ბინადარი ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა − გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.

5. შინაური ბინადარი ცხოველის სტერილიზაციის/კასტრაციის მოთხოვნის დარღვევა − გამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.

6. შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონის მიერ შინაური ბინადარი ცხოველის გამრავლება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული თანხმობის გარეშე − გამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

7. შინაური ბინადარი ცხოველის მიტოვების აკრძალვის მოთხოვნების დარღვევა − გამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონე იურიდიული პირისა − 10 000 ლარის ოდენობით.

8. შინაური ბინადარი ცხოველების შემგროვებლობა − გამოიწვევს ცხოველების კონფისკაციას.

9. შინაური ბინადარი ცხოველების ორთაბრძოლებისთვის ადგილის გადაცემა - გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით და ცხოველის კონფისკაციას, ხოლო იურიდიული პირისა − 30 000 ლარის ოდენობით და ცხოველის კონფისკაციას.

10. შინაური ბინადარი ცხოველების ორთაბრძოლების ორგანიზება ან/და ჩატარება, რომელიც არ მოიცავს ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით და ცხოველის კონფისკაციას, ხოლო იურიდიული პირისა − 35 000 ლარის ოდენობით და ცხოველის კონფისკაციას.

შინაური ბინადარი ცხოველის გადაადგილების მოთხოვნების დარღვევა

  1. შინაური ბინადარი ცხოველის შეყვანა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებსა და საავადმყოფოში, გარდა „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, − გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
  1. ძაღლის გასეირნება საბლის ან ალიკაპის გარეშე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა), − გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.
  1. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საზოგადოებრივ ტრანსპორტში შინაურ ბინადარ ცხოველთან ერთად მგზავრობა საბლის ან ალიკაპის გარეშე, ხოლო კატისა და მცირე ზომის ძაღლის შემთხვევაში − საბლის ან ალიკაპის ან ხელში აყვანის ანდა სპეციალური გადამყვანის (კონტეინერის, ჩანთის) გარეშე − გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.

ვრცლად ჯარიმების შესახებ ინფორმაციას გაეცანით matsne.gov.ge-ზე.