ყოველწლიური პირდაპირი ეთერის დროს ვლადიმერ პუტინმა რუსებს მოუწოდა, რაც შეიძლება ადრე დაქორწინდნენ და კავკასიის მცხოვრებლებისა და რამზან კადიროვის მაგალითი მოიყვანა. რუსეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდებს, განსაკუთრებით ქალებს, ოჯახის შექმნაში ხელს უშლის განათლების მიღებისა და კარიერის აშენების სურვილი.
„ჯერ ახალგაზრდებს, განსაკუთრებით ქალებს, სურთ განათლების მიღება, შემდეგ განათლების გაგრძელება და კარიერაში პირველი ნაბიჯების გადადგმა. ამასობაში ისინი 30 წლის ასაკს აღწევენ და მხოლოდ ამის შემდეგ უჩნდებათ პირველი შვილი. მეორეზე ძალა აღარ ჰყოფნით“, - თქვა პუტინმა.
ქვეყანაში შობადობის შემცირების ფონზე, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდები უნდა წაახალისონ, რომ „რაც შეიძლება ადრე შექმნან ოჯახი“. ის მიიჩნევს, რომ საკითხის მატერიალური მხარე მნიშვნელოვანია, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია განწყობა და მშობლობის სიხარულის გაგება.
„ერთმა ქალმა, რომელსაც ცხრა ან ათი შვილი ჰყავს, ძალიან სასიამოვნო რამ თქვა: როგორც კი ახალი ბავშვი დაიბადებოდა, ყოველთვის ვფიქრობდით: „როგორ ვცხოვრობდით შენს გარეშე?“ საკუთარი გონების მდგომარეობის ასეთი შეფასება და დედობასა და მამობაში საკუთარი ბედნიერების გააზრება - ამის ხალხისთვის გადაცემა ადვილი საქმე არ არის.“
პრეზიდენტმა შესთავაზა თავის ხალხს კავკასიის მაგალითის მიბაძვა, სადაც ადრეული ქორწინებები პოპულარულია. მან ამას „კარგი ტრადიცია“ უწოდა და მაგალითად მოიყვანა ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის ოჯახი, რომელსაც „დიდი ოჯახი“ ჰყავს, რაც, პუტინის თქმით, „ძალიან მშვენიერია“.
„კავკასიის ხალხებს კარგი ტრადიცია აქვთ - ისინი შვილებს საკმაოდ ადრეულ ასაკში ათხოვებენ. ეს ნამდვილად სწორია და ჩვენ მათ მაგალითს უნდა მივბაძოთ“, - თქვა ვლადიმერ პუტინმა. მან დასძინა, რომ ბავშვის გაჩენა უბრალოდ მოდური უნდა გახდეს. „რა თქმა უნდა, ეს მოდური უნდა გახდეს, რათა ხალხმა გაიგოს დედობისა და მამობის სიხარული“.
ამავე ეთერის დროს ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ შეყვარებულია. 73 წლის რუსეთის პრეზიდენტმა შეყვარებულის სახელი არ გაამხილა.
ჟურნალისტის კითხვაზე, „შეყვარებული ხარ?“, ვლადიმერ პუტინმა უპასუხა: „დიახ“.