როდემდე გაგრძელდება ყინვა საქართველოში და როდის შეიძლება, გათოვდეს დედაქალაქში - პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოდან - მშობლები

როდემდე გაგრძელდება ყინვები და როდის შეიძლება, გათოვდეს დედაქალაქში - პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოდან

2025-12-22 12:13:21+04:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი, დოდო გვაზავა, გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" მიმდინარე კვირის ამინდის პროგნოზის შესახებ საუბრობს:

- აღმოსავლეთ საქართველოში 23 დეკემბერს ღამით ყინვის შენარჩუნებაა მოსალოდნელი. 24 დეკემბრიდან ყინვა შერბილდება. ეს განპირობებული იქნება შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების შემოჭრით, რაც საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემოვა. 27-დან აღმოსავლეთ საქართველოში ნალექია მოსალოდნელი. ზოგან თოვლის სახით. ეს განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთს, მცხეთა მთიანეთსა და შიდა ქართლის ზოგიერთ რაიონს ეხება. დასავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდება. დროგამოშვებით შეიძლება, ძალიან ძლიერიც იყოს და თან ქარბუქი ახლდეს. ქარის ძალა 28 დეკემბერს თანდათან შესუსტდება.

სვანეთის რეგიონში თოვლია მოსალოდნელი. განსაკუთრებით, 27-28 დეკემბერს ქარი სანაპირო რაიონებში გაძლიერდება. ზღვაზეც ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ასევე, სამცხე-ჯავახეთის მთიან და მაღალმთიან რაიონებში. მათ შორის, კურორტებიც შედის. თოვასთან ერთად, შესაძლებელია, ქარბუქებიც აღინიშნოს. 27-ში ტემპერატურა მკვეთრად დავარდება.

დასავლეთ საქართველოში მაქსიმალური ტემპერატურა თუ გასულ კვირას +13, +14 გრადუსი იყო, 24-დან ტემპერატურა დაეცემა და დღის მაქსიმალური ტემპერატურა +7, +8 გრადუსი იქნება. ზღვიდან შემოსული ნოტიო ჰაერის მასები ყინვას ვერ გამოიწვევს. მთიან და მაღალმთიან რაიონებში ყინვა იქნება, მაგრამ შერბილდება.

27-28 დეკემბრის ღამის საათებში, როდესაც ცივი ჰაერის მასები გავრცელდება, ყინვა მთლიანად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გაძლიერდება. მათ შორის, დასავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში.

დედაქალაქში 22-23 დეკემბერს, გასულ დღეებთან შედარებით, ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს. დღის მაქსიმალური ტემპერატურა +9-დან +11 გრადუსამდეა მოსალოდნელი. 23 დეკემბერს, ღამით, ყინვა შერბილდება და შესაძლებელია პლიუსი იყო. ყინვა 28 დეკემბრამდე მოსალოდნელი არ არის. მაგრამ, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ქალაქის გარეუბნებში შეიძლება, 25-28 მ/წმ იყოს. შეიძლება, 26-ში დღისით გაწვიმდეს. ნალექი თოვლის სახით მოსალოდნელი არ არის. როდესაც 27-28 დეკემბერს ცივი ჰაერის მასები გავრცელდება, შესაძლებელია, ან ქარს მოჰქონდეს თოვლის ფანტელები ან ქარის შესუსტების გამო, ცივ ჰერთან ერთად, შემოგარენში თოვლჭყაპი წამოვიდეს, მცირე რაოდენობით.