იუმორისტი, ტელეწამყვანი, გიორგი გაბუნია, გადაცემაში "ნოესთან" მამის დაკარგვასა და ფინანსური პრობლემების შესახებ საუბრობს:
- ჩემი პირველი ჰონორარი 500 ლარი იყო და ალბათ, ვიღაცას რომ ეჩუქებინა, იმას მერჩივნა, იმიტომ, რომ ჩემი გამომუშავებული იყო და ძალიან სხვანაირი გემო ჰქონდა. მაშინ უკვე ფინანსურ ნაწილში მძიმე პერიოდი იყო. მამა უკვე დაღუპული მყავდა და დედას იმ მომენტში იმდენი შესაძლებლობა არ ჰქონდა. შესაბამისად, ეს გამომუშავებული ჰონორარები, რასაც ხანდახან სცენარების დაწერით ვიღებდით, ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. მათ შორის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი... თან ამავდროულად, მაბედნიერებდა. თუმცა, მერე იყო სამსახური, სადაც, დაახლოებით, იგივე ხელფას - 550 ლარი მქონდა. ერთ-ერთ ენერგო კომპანიაში დენის ინკასატორი ვიყავი. რუსთავის სოფლებში ვმუშაობდი 3 წელიწადი და რამდენიმე თვე. ტექნიკურ უნივერსიტეტში ენერგეტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. დენიც ჩამიჭრია. ეგ იყო ჩემი საქმე. ძალიან ცუდი შეგრძნება... მაგალითად, მოგივიდა სია, რომ 100-150-200 კაცი იყო, რომლებმაც თანხა ვერ გადაიხადეს და უნდა გაგეთიშა. დაახლოებით, 15-20 ათასი სააბონენტო მყავდა. ვიღაცას, მაგალითად, ლარი და 50 თეთრი აკლდა ან დავიწყებული ჰქონდა. რამდენიმეზე, თუ ასე ცოტ-ცოტა ჰქონდათ, თავად გადამიხდია. მაგრამ, ვისაც 20-50 და მეტი ჰქონდა დავალიანება, ფიზიკურად არ მქონდა მაგდენის შესაძლებლობა. ყველა მისვლაზე ვკვდებოდი... ვიღაც გამოსულა შვილებთან ერთად და უთქვამს: "დენი არ გამითიშოთ, ბავშვია ცუდად, გაციებულია. ხვალ გადავიხდი." არ გამითიშავს... ხვალაც ვერ გადაუხდია. 3 წლის განმავლობაში, ამ ენერგო კომპანიაში პრემია არასდროს ამიღია იმიტომ, რომ პოულობდნენ ჩართულ აბონენტებს, რომლებსაც ვერ ვთიშავდი გარკვეული მიზეზების გამო - მეცოდებოდა, არ შემეძლო, მაკლებდნენ ხან ხელფასს, ხან პრემიას. მაგრამ, ვიღაცებს მაინც ვთიშავდი. ჩემთვის ძალიან რთული იყო. სულ ვნერვიულობდი, მაგრამ იმ მომენტში სხვა გზა არ იყო...
19 წლის ვიყავი, მამა რომ გარდაიცვალა. ეს ყველაზე მძიმე და ყველაზე გარდამტეხი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში. მძიმე იმიტომ, რომ ახალგაზრდა მამა დავკარგე. მამას გარდაცვალების შემდეგ, ბიძა მალევე წავიდა, ბაბუა ლოგინად ჩავარდა. უცებ მთელ გვარში, ჩემი მხრიდან, ერთი კაცი დავრჩი. კინაღამ გავგიჟდი, ოღონდ მართლა. რამდენიმე დღე ვერ ვიძინებდი. ამ დროს მეგობრებიც გვერდით მყავდა, მაგრამ ვერავინ მიმსუბუქებდა. თან ვნერვიულობდი, რომ მამა აღარ იყო და თან ვნერვიულობდი, რა უნდა მექნა ამდენი ქალბატონისთვის. მამა გულით დაიღუპა. პატარა ბარბარე, დედაჩემი, ორი ბებია, ასაკში მყოფები... ძალიან გავიჭედე. საერთოდ არ ვიცოდი, რა უნდა მექნა. ძალიან რთულია, ქუთაისში უძლიერესი ოჯახი და უცებ აღარაა აღარავინ. სახლიც დაცარიელდა, დავრჩი 19 წლის მე, ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტი და ენერგო კომპანიის თანამშრომელი, ელექტრიკოსი. ჩემს პროფესიას კი არ ვაკნინებ, პირიქით, მაგრამ მარტო მე დავრჩი. ნერვიულობაზე ღამე გამღვიძებია და მიტირია. ხან დამესიზმრებოდა, ხან რაღაც მინდოდა, მეკითხა და ვერ ვეკითხებოდი. მაგრამ, ღმერთის წყალობით და ადამიანების ჩართულობით, გადავიტანე ეს პერიოდი და მივხვდი, რომ ჩემზე ბევრი რამ იყო დამოკიდებული. ეს გარდატეხა და ცხოვრების უდიდესი ტკივილი იყო.
გიორგიმ ასევე ისაუბრა ცოლ-შვილზე, რომლებმაც მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალეს. მეუღლე ნინი მისი მშობლების მეგობრების შვილია და ბავშვობიდან იცნობდა. თუმცა მათი სასიყვარულო ურთიერთობ სტუდენტობის დროს დაიწყო. წყვილს ქალიშვილი შეეძინა, რომელმაც, გიორგის თქმით, ასწავლა საკუთარ თავზე ზრუნვა. ახლა ცდილობს, ჯანმრთელობა მუდმივად აკონტროლოს, რომ შვილს დიდხანს გაუწიოს მამობა.

