თუ ბავშვის საჩუქრით გახარება გვინდა, პირველ რიგში სათამაშო გვახსენდება. თუმცა ხშირად ხდება ისე, რომ გულდასმით შერჩეული ნივთი ბავშვს ან არ აინტერესებს, ან ვერ იყენებს. იმისთვის, რომ სათამაშომ ნამდვილად გაახაროს პატარა, მნიშვნელოვანია თავიდან ავირიდოთ შეცდომები, რომლებიც ყველაზე ხშირად სათამაშოს არჩევისას ხდება.
ნაჩქარევად ნაყიდი სათამაშო
დატვირთული ყოველდღიურობის გამო მშობლებს ზოგჯერ არ რჩებათ დრო სათამაშოს მშვიდად და გააზრებულად შესარჩევად. ასეთ შემთხვევაში არჩევანი სწრაფად, გზად მდებარე მაღაზიაში კეთდება. ამ დროს იზრდება რისკი, რომ შეძენილი ნივთი არ იყოს უსაფრთხო — გამოყენებული ჰქონდეს არასანდო მასალა ან საღებავი. ბავშვის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია, სათამაშო აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების სტანდარტებს, ამიტომ სასურველია მისი შეძენა ისეთ ადგილას, სადაც ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ნახვა შესაძლებელია.
სათამაშო, რომელიც უფრო მშობელს მოსწონს
სათამაშოს ყიდვისას უფროსები ზოგჯერ თავად ბრუნდებიან ბავშვობაში და ნივთსაც თავიანთი გემოვნებით არჩევენ. როგორც წესი, ბავშვი ასეთი სათამაშოებით აღფრთოვანებული არ რჩება, თითქოს რაღაც სხვას ელოდა. ამ შეცდომას არ დაუშვებთ, თუ საყიდლებზე წასვლის წინ ბავშვს ამ თემაზე გამოელაპარაკებით, ან ბავშვის თვალით შეხედავთ ვიტრინას.
ძალიან დიდი ზომის სათამაშოები
მშობლები ხშირად აკეთებენ არჩევანს უზარმაზარ პლუშის სათამაშოებზე. საინტერესოა, შემდეგ რა ხდება? ალბათ თავადაც შეგიჩნევიათ ბავშვიან ოჯახებში უამრავი "ფუმფულა" სათამაშო, რომლებიც მტვრის ბუდედ რომ არ იქცნენ, ცელოფნის პარკებში აქვთ შეფუთული. არც არის გასაკვირი, ბავშვის სხეულის ზომებთან მიახლოებული სათამაშო მას არასოდეს გამოადგება.

მხოლოდ გარეგნობით შერჩეული სათამაშო
სათამაშოს ფასი ან კაშკაშა დიზაინი ბავშვისთვის გადამწყვეტი არ არის. გაცილებით მნიშვნელოვანია, შეძლოს თუ არა ბავშვმა მისი გამოყენება თამაშში, წარმოსახვის ჩართვა და საკუთარი სცენარების შექმნა. ხშირად ბავშვი ირჩევს მარტივ, მისთვის გასაგებ სათამაშოს, რომელიც ემოციურ კავშირს უქმნის.
ერთსა და იმავე ტიპის სათამაშოების ჭარბი რაოდენობა
თუ ბავშვს ერთი კონკრეტული სახის სათამაშო განსაკუთრებით მოსწონს, საკმარისია რამდენიმე ერთეული. ზედმეტი რაოდენობა ინტერესს აქვეითებს. სათამაშოების პერიოდული შეცვლა ან დროებით გადადება ეხმარება ბავშვს, თამაშის მიმართ ინტერესი შეინარჩუნოს.
ზედმეტად ავტომატიზებული სათამაშოები
დღეს ძალიან გავრცელებულია სათამაშოები, რომლებიც ხმებს გამოსცემენ, ან სულაც მღერიან და ცეკვავენ. ამ დროს ბავშვმა რა გააკეთოს? არაფერი, უბრალოდ უნდა უყუროს. სულ 5 წუთი თუ გაართობს ეს სათამაშო, ამის მერე კი შეიძლება არასოდეს აღარ გამოდგეს. ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია თავად იყვნენ თამაშის მონაწილეები — იმოქმედონ, გადაწყვიტონ, მოიფიქრონ. ამიტომ სასურველია ისეთი სათამაშოების არჩევა, რომლებიც ხელს უწყობს მოძრაობას, ფიქრსა და წარმოსახვას.

ცნობილი პერსონაჟების სათამაშოები — რამდენად სასარგებლოა ბავშვისთვის
ცნობილ პერსონაჟებზე დაფუძნებული სათამაშოები მშობლებისთვის ხშირად ბუნებრივი არჩევანია, რადგან ბავშვი უკვე იცნობს მათ მულტფილმებიდან და მათთან ემოციური კავშირი აქვს. ასეთი სათამაშოები ადვილად იპყრობს ყურადღებას და ბავშვს თამაშში ჩართვას უმარტივებს, რადგან პერსონაჟი მისთვის უკვე ნაცნობი და ემოციურად დატვირთულია.
ამავე დროს მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ცნობილ პერსონაჟებს ძალიან კონკრეტული ხასიათი და სიუჟეტი აქვთ, რაც ზოგიერთ შემთხვევაში თამაშს ზღუდავს. ბავშვი შეიძლება თამაშისას მხოლოდ ნანახი სცენების გამეორებაზე კონცენტრირდეს და ნაკლებად გამოიყენოს საკუთარი ფანტაზია. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია მაშინ, როცა პერსონაჟი სათამაშოები ბავშვის სათამაშოების უმეტეს ნაწილს იკავებს და ალტერნატივა პრაქტიკულად არ აქვს.
თანამედროვე რეკომენდაციების მიხედვით, ასეთი სათამაშოები ბავშვისთვის პრობლემური არ არის, თუ ისინი მრავალფეროვანი სათამაშო გარემოს მხოლოდ ერთი ნაწილია. როდესაც პერსონაჟი თოჯინები ან მანქანები შერწყმულია ნეიტრალურ სათამაშოებთან — კუბებთან, ფიგურებთან, კონსტრუქტორებთან — ბავშვი თამაშში უფრო თავისუფალია და თავად იგონებს ახალ სიუჟეტებს.
მთავარი ისაა, რომ ბავშვი დარჩეს თამაშის აქტიურ მონაწილედ, ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება და შესაძლებლობა, საკუთარი წარმოსახვა გამოიყენოს — იქნება ეს ელზასთან, ვინი პუჰთან, მანქანებთან თუ სრულიად გამოგონილ გმირებთან ერთად.
დასასრულს, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს: სათამაშოები ბავშვის სამყაროს ნაწილია, მაგრამ მათ არჩევას გააზრება სჭირდება. სწორად შერჩეული სათამაშო ხელს უწყობს განვითარებას, ინტერესს და სიხარულს. და რაც ყველაზე მთავარია — ვერც ერთი სათამაშო ვერ შეცვლის ბავშვისთვის მშობლის ყურადღებასა და ურთიერთობას.