მომღერალ ანრი ჯოხაძეს დედა გარდაეცვალა. "გამიფრინდა ჩემი ბედნიერება... მიყვარხარ დედა" - წერს ის სოციალურ ქსელში.

ანრის დედას, რუსუდან ჩხაიძეს საზოგადოება წლებია იცნობს. ანრის ხშირად უთქვამს, რომ დედა, რომელმაც მარტომ გაზარდა შვილები, ძალიან ძვირფასი ადამიანი იყო მისთვის. ასევე მნიშვნელოვნად განსაზღვრა მისი კარიერა და მისწრაფებები, რადგან თავადაც უკრავდა, მღეროდა და წერდა სიმღერებს.
ანრიმ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ 1 წლის იყო, როცა მამამისი დააპატიმრეს სახელმწიფო ქონების გაფლანგვისთვის და წლები ციხეში იჯდა. დედა მარტო ზრდიდა სამ შვილს.„ჩემი და ჩემი და-ძმის ამღერება მამის პატიმრობას უკავშირდება. როდესაც მამა დაიჭირეს, მას უმძიმესი სასჯელი, დახვრეტა ემუქრებოდა. შემდეგ ეს განაჩენი 15-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს, რადგან მამას 5 შვილი დარჩა. მე ეს ამბავი წლების შემდეგ გავიგე.დედამ მას წერილი გაუგზავნა და პირობა მისცა: „შენს შვილებს ყოველთვის ნახავ ტელევიზორში!” და ეს პირობა შეასრულა. ჩვენ სულ ვმონაწილეობდით საახალწლო სატელევიზიო გადაცემებში და მამა გვიყურებდა, სანამ პირადად გავიცნობდით".
ციხიდან გამოსული ანრის მამა მალევე გარდაიცვალა და ანრისა და მისი და-ძმისთვის ფაქტობრივად მთელი ცხოვრება დედა იყო ერთადერთი მშობელი. ანრის ძმა ომარი ოპერის მომღერალია. საზოგადოება ასევე იცნობს მის დას მაგდას, რომელიც ცოტა ხნის წინ ბებია გახდა.