რა შეიცვალა 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამებში წინა წელთან შედარებით - 3 ძირითადი საგნის მიმოხილვა - მშობლები

რა შეიცვალა 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამებში წინა წელთან შედარებით - 3 ძირითადი საგნის მიმოხილვა

2025-12-24 13:51:02+04:00

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის საგამოცდო პროგრამები გამოაქვეყნა. ინფორმაციაში თითოეული საგნის მიხედვით დეტალურადაა ის საკითხები აღნიშნული, რომელთა ცოდნაც აბიტურიენტებს გამოცდაზე მოეთხოვებათ.

აბიტურიენტებს განსაკუთრებით აინტერესებთ ცვლილებები, რომლებიც ძირითადი საგნების პროგრამებში განხორციელდა. მაგალითად, 2026 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის ერთიანი ეროვნული გამოცდის პროგრამაში დაბრუნდა ის საკითხები, რომლებიც შარშან პროგრამიდან ამოიღეს და ამ ფაქტმა ძალიან დიდი და ნეგატიური გამოხმაურება გამოიწვია.

"ის მნიშვნელოვანი საკითხები, რაც შარშან პროგრამიდან ამოიღეს და რის გამოც უკმაყოფილოები ვიყავით, 2026 წლის საგამოცდო პროგრამაში კვლავ დაბრუნდა, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. გარდა ამისა, პროგრამას ლეო ქიაჩელის "ჰაკი აძბა" დაემატა.

2025 წლის პროგრამიდან ამოიღეს ისეთი მნიშვნელოვანი ნაწარმოებები, როგორებიცაა: "ბახტრიონი", "ბედნიერი ერი", გრიგოლ ორბელიანის "საღამო გამოსალმებისა", "პასუხი შვილთა". პროგრამაში აღარ იყო ალექსანდრე ყაზბეგის"ხევისბერი გოჩა", რაც, ვფიქრობ, არასწორი იყო. პრაქტიკა აჩვენებს, რომ თუ აბიტურიენტი ტექნიკური მიმართულებით აბარებს, შესაძლოა, მან ისეთ ნაწარმოებებს, რომლებიც საგამოცდო პროგრამაში არ შედის, ყურადღება აღარ დაუთმოს.

ვფიქრობ, კარგი სიახლეებია, პროგრამა უფრო მეტად დატვირთულია და აბიტურიენტებსაც მეტი სერიოზულობითა და პასუხისმგებლობით მოუწევთ მუშაობა." - გვეუბნება ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ელზა აბლოთია.

შეგახსენებთ, რომ შარშან საგამოცდო პროგრამიდან ამოიღეს ალექსანდრე ჭავჭავაძისლექსი "გოგჩა". ასევე, გრიგოლ ორბელიანის ლექსებიდან მხოლოდ "თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში" დარჩა. 2025 წლის პროგრამაში შემცირებული იყო ლექსებიც. ილია ჭავჭავაძის ლექსები: "ბედნიერი ერი", "პასუხის პასუხი", "ჩემო კალამო"; პოემები: "განდეგილი", "აჩრდილი" ასევე ამოიღეს. 2025 წელს აკაკი წერეთლის პროგრამიდან ლექსებიც შეამცირეს. ვაჟა-ფშაველას პოემა "ბახტრიონი", მოთხრობა "ამოდის, ნათდება"; პუბლიცისტური წერილი "კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი" 2025 წელს პროგრამიდან ასევე ამოიღეს. აღარ იყო "ყვარყვარე თუთაბერი" და სხვა ნაწარმოებები. ზემოთ ჩამოთვლილი საკითხები 2026 წლის პროგრამაში კვლავ დაბრუნდა.

მცირე ცვლილებებია მათემატიკის 2026 წლის საგამოცდო პროგრამაშიც.

"პროგრამაში რადიკალურად არაფერი შეცვლილა. თუმცა, მცირე დეტალები გასათვალისწინებელია. ეს გეომეტრიის ნაწილს ეხება. 2025 წლის პროგრამაში 3 საკითხი აღარ შედიოდა. ესენია: კოსინუსების თეორემა, სინუსების თეორემა და სამკუთხედის ამოხსნა. 2026 წლის პროგრამაში საკითხი გამოსწორდა და ამჯერად სამივე თემა შესულია.

ვფიქრობ, ეს ძალიან სწორი ცვლილებაა, იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ პროგრამაში არ შედიოდა, ჩვენ, პედაგოგები, არა მარტო აბიტურიენტებს, არამედ სკოლაში, მოსწავლეებს დამატებითი სახელმძღვანელოს გამოყენებით მაინც ვასწავლიდით. ეს საკითხები მათემატიკის პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ, როგორც გითხარით, მაინც ვასწავლიდით, ვიტყოდი, რომ წლევანდელ პროგრამაში ეს შეცდომა გამოსწორებულია.

მათემატიკის 2025 წლის საგამოცდო პროგრამაში სამი მართობის თეორემა, სტერეომეტრიის ნაწილში დაზუსტებული არ იყო. 2026 წლის პროგრამაში ხაზგასმით დაზუსტებულია. ესეც მისასალმებელია. ჩვენ მაინც ვასწავლიდით, რადგან ამ ინსტრუმენტის საშუალებით სტერეომეტრიულ ამოცანებს ვხსნით.

კიდევ ერთი ცვლილება ალგებრას უკავშირდება - ირაციონალური უტოლობებია დამატებული. მოთხოვნებში და დაზუსტებებში ერთუცნობიან, წრფივ და კვადრატულ უტოლობათა სისტემაზე დაყვანადი ირაციონალური უტოლობის ამოხსნაა შეტანილი. 2025 წლის პროგრამაში არ იყო. სხვა 2026 წლის პროგრამაში არაფერი შეცვლილა." - გვითხრა მათემატიკის პედაგოგმა, ლია აბაშიძემ.

გარკვეული ცვლილებებია ისტორიის 2026 წლის საგამოცდო პროგრამაშიც. მაგალითად, 2025 წლის პროგრამიდან ცალკე საკითხი - „საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში" ამოიღეს. ამ საკითხის ქვესაკითხები კი იყო:

  • რუსეთის მიერ ქართული სამეფო-სამთავროების დაპყრობა;
  • აჯანყებები საქართველოში ცარიზმის წინააღმდეგ XIX საუკუნის პირველ ნახევარში;
  • საქართველო მეფისნაცვლობის პერიოდში;
  • ალექსანდრე II-ის რეფორმები;
  • რუსეთ-ოსმალეთის ომები და საქართველო.

2026 წლის პროგრამაში ეს საკითხი კვლავ ცალკე თავად და ქვესაკითხებად გვხვდება.

სრულად 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამები შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე.

თამარ იაკობაშვილი