მოროს სტაფილოს სუპი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამედიცინო რეცეპტია ბავშვთა კვების ისტორიაში. მას ხშირად „ლეგენდარულსაც“ უწოდებენ, რადგან გასული საუკუნის დასაწყისში უამრავი ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა მიეწერება. ამიტომაც ეს წვნიანი პედიატრიის ისტორიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად ითვლება .
სტაფილოს სუპი 1908 წელს შექმნა ავსტრიელმა პედიატრმა ერნსტ მორომ. იმ პერიოდში დიარეა ბავშვთა სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო. არ არსებობდა ანტიბიოტიკები, არც თანამედროვე რეჰიდრატაციის ხსნარები და ექიმები ეძებდნენ გზებს, როგორ შეემცირებინათ გაუწყლოება და ნაწლავური ინფექციების გართულებები.
მორომ შენიშნა, რომ ხანგრძლივად მოხარშული სტაფილოს სუპი ბავშვებში დიარეის სიმძიმეს და ავადობის ხანგრძლივობას ამცირებდა. ეს აღმოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იმ ეპოქაში და სწრაფად გავრცელდა ევროპაში.
მოროს სუპი პოპულარული გახდა რამდენიმე მიზეზის გამო: ის მარტივად მზადდებოდა, ხელმისაწვდომი იყო თითქმის ყველა ოჯახისთვის და, რაც მთავარია, რეალურად ამცირებდა ბავშვთა სიკვდილიანობას დიარეის დროს XX საუკუნის დასაწყისში. სწორედ ამან აქცია იგი პედიატრიის ერთ-ერთ საკულტო რეცეპტად.
მრავალი ათწლეულის განმავლობაში ექიმები ხედავდნენ, რომ სუპი განსაკუთრებით ეფექტური იყო მსუბუქი და საშუალო დიარეის დროს, როცა ბავშვს შეეძლო საკვების მიღება.
მხოლოდ 2000-იანი წლების დასაწყისში გახდა ზუსტად ცნობილი, რატომ მუშაობდა მოროს სუპი. კვლევებმა აჩვენა, რომ სტაფილოს ხანგრძლივი ხარშვისას სპეციალური ოლიგოსაქარიდები წარმოიქმნება. ეს ნივთიერებები ხელს უშლის გარკვეული პათოგენური ბაქტერიების ნაწლავის კედელზე მიმაგრებას. შედეგად, ბაქტერიები უფრო ადვილად გამოიდევნება ორგანიზმიდან და დიარეის ხანგრძლივობა შეიძლება შემცირდეს.
თანამედროვე მედიცინის თვალსაზრისით, მოროს სტაფილოს სუპი შეიძლება დღესაც:
დაეხმაროს ბავშვს მსუბუქი დიარეის დროს;
შეამციროს დეფეკაციის სიხშირე ზოგიერთ შემთხვევაში;
იყოს მსუბუქი და ადვილად მოსანელებელი საკვები ავადმყოფობის პერიოდში;
გამოიყენებოდეს დამატებით, როცა ბავშვი უკვე იღებს სითხეს.
მნიშვნელოვანია მშობლებმა ზუსტად იცოდნენ მისი შეზღუდვები:
სუპი არ ცვლის რეიდრატაციის ხსნარებს (ORS);
არ კურნავს ვირუსულ ან ბაქტერიულ ინფექციას;
არ არის ალტერნატივა ექიმის კონსულტაციისთვის;
არ გამოიყენება მძიმე დიარეის, გაუწყლოების, სისხლიანი განავლის, მაღალი სიცხის ან ბავშვის ლეთარგიის დროს;
არ არის პროფილაქტიკური საშუალება „წინასწარ“.
მოროს სუპი დამხმარე საშუალებაა და არა სამკურნალო პრეპარატი.
ინგრედიენტები:
500 გრამი სტაფილო
1 ლიტრი წყალი
მწიკვი მარილი
მომზადება: სტაფილო გაასუფთავეთ და დაჭერით. მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე 1,5–2 საათის განმავლობაში, სანამ სრულად არ დარბილდება. შემდეგ კარგად დააბლენდერეთ ან გახეხეთ. მიღებული მასა შეავსეთ ადუღებული წყლით ისე, რომ საბოლოო მოცულობა ისევ 1 ლიტრი იყოს. დაამატეთ მხოლოდ მწიკვი მარილი.
სხვა დანამატი — შაქარი, ზეთი, ხახვი, ბულიონი — არ გამოიყენება, რადგან ამ შემთხვევაში სუპი კარგავს თავის სპეციფიკურ თვისებებს.
მოროს სტაფილოს სუპი არის ისტორიულად მნიშვნელოვანი, მეცნიერულად ახსნილი და დღემდე გამოსადეგი დამხმარე საშუალება. თუმცა იგი არ არის „სასწაული“ და არც თანამედროვე მედიცინის შემცვლელი. ბავშვის დიარეის დროს მთავარი რჩება სითხის სწორად შევსება და მდგომარეობის დაკვირვება, ხოლო მოროს სუპი შეიძლება იყოს უსაფრთხო დამატება.