სამწუხაროდ, ნაადრევ პოპულარობას და ვარსკვლავურ დაავადებას ყველა ვერ უმკლავდება. შოუბიზნესს ბევრი შემთხვევა ახსოვს, როცა ადრე გავარსკვლავებული პატარები ადრევე შეეჩეხნენ უცებ მოსული პოპულარობის მეორე მხარეს - დიდურ წვეულებებს, სადაც ადვილად ხელმისაწვდომია ნარკოტიკული საშუალებები და სასმელი, სექსუალურ ძალადობას პროდიუსერების თუ ზრდასრული მსახიობების მხრიდან, ან ვერ გადაუტანიათ შემდგომ პოპულარობის მოულოდნელად დაკარგვა და ყურადღების მიღმა დარჩენა. მიზეზი ბევრია.
ადრეული პოპულარობა ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე თემაა. ხშირად ხდება, რომ ბავშვებს, რომლებიც ძალიან ადრეულ ასაკში ხდებიან ვარსკვლავები, წარმოდგენა არ აქვთ, როგორ მართონ თავიანთი პოტენციალი. „მარტო სახლში“-ს ვარსკვლავმა მაკოლეი კალკინმა ერთხელ მსგავსი სიტუაცია განიცადა, მრავალი წლის განმავლობაში ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებით იტანჯებოდა. ასევე იყო დრიუ ბერიმორი, რომელმაც არაერთხელ ისაუბრა ნარკოტიკებით და ალკოჰოლით გაჯერებულ ბავშვობაზე. ახლა ბევრი აკვირდება ამანდა ბაინსის სიტუაციას - მსახიობი მძიმე ფსიქოლოგიურ პრობლემებს განიცდის და უარს ამბობს დახმარების მიღებაზე...
ტეილორ ჩეიზის შესახებ კი რამდენიმე წლის განმავლობაში არაფერი სმენიათ. ის ახლახან კალიფორნიის ქუჩაში შენიშნეს. Nickelodeon-ის ბავშვთა სერიალების ტელევარსკვლავი ადრეული პოპულარობის ფენომენის კიდევ ერთი მსხვერპლი გახდა. მისი კარიერის მნიშვნელოვან მომენტებს შორისაა „ნედის გასაიდუმლოებული სახელმძღვანელო სკოლაში გადარჩენისთვის“, „ყველას სძულს კრისი“ და „ცელქი მაქსი“.


ტეილორ ჩეიზი 1989 წლის 6 სექტემბერს დაიბადა არიზონაში. როდესაც ის ძალიან პატარა იყო, მისი ოჯახი ლოს-ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მისი სამსახიობო კარიერა დაიწყო. ჯერ კიდევ დაწყებით სკოლაში სწავლის პერიოდში ტეილორმა დედასთან ერთად დაიწყო კასტინგებზე სიარული და პირველი როლები მიიღო, თუმცა ბევრმა ის „ნედის გასაიდუმლოებული სახელმძღვანელო სკოლაში გადარჩენისთვის“ გამოსვლის შემდეგ გაიცნო, რომელშიც მთავარი როლი შეასრულა. სერიალი სამი სეზონის განმავლობაში გადიოდა ეთერში, რამაც ტეილორ ჩეისი Nickelodeon-ის წამყვან ვარსკვლავად აქცია. შემდგომში ის კიდევ რამდენიმე ცნობილ სერიალში გადაიღეს, მაგრამ ზრდასრულ ასაკში სამსახიობო კარიერა არ განვითარებულა და მისი პოპულარობა სწრაფად გაქრა. მისი ბოლო პროექტი 2007 წელს გავიდა ეთერში.
ამის შემდეგ ტეილორის სახელი იშვიათად ხვდებოდა სათაურებში, მაგრამ თავად მსახიობი არ ნებდებოდა და ახალ როლებს ეძებდა. მერე დაიწყო ლექსების წერა და ორი საბავშვო ფენტეზის წიგნი გამოაქვეყნა, მოგვიანებით შექმნა YouTube არხი და საკუთარ ნამუშევრებს ყვებოდა. თავის ნამუშევრებში ის ღიად განიხილავდა ფსიქოლოგიურ საკითხებს, განსაკუთრებით ბიპოლარულ აშლილობას და ასევე აღიარებდა, რომ თავს არასასურველად გრძნობდა, როგორც „შემოდგომის ფოთოლი თხრილში“.
რამდენიმე წლის განმავლობაში მსახიობი სრულიად მიუწვდომელი იყო, თუმცა ახლახანს ის კალიფორნიის ქუჩებში უსახლკაროებს შორის ამოიცნეს. ნაგვის ურნებთან სიგარეტის ნამწვებს აგროვებდა და საშობაო ბარათებს ეძებდა, ჟურნალისტებთან საუბრისას კი აღიარა, რომ მოახლოებული შობის მოლოდინში აღფრთოვანებული იყო.



სოციალურ მედიაში სწრაფად გავრცელდა უცნობი ტეილორ ჩეიზის ვიდეოები და მსახიობმა სულ უფრო მეტი ყურადღება მიიპყრო. ის ახლა 36 წლისაა. სიამოვნებით დათანხმდა ინტერვიუზე და აღნიშნა, რომ ტექნიკურად თავს უსახლკაროდ არ თვლის, რადგან დედამისი კალიფორნიაში ცხოვრობს, მამამისი კი - ჯორჯიაში და მათ „შეუძლიათ ნებისმიერ დროს მისცენ ოთახი“. უბრალოდ, ეს ცხოვრების წესი მისთვის მისაღებია. მსახიობის დედამ უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე, მაგრამ აღნიშნა, რომ შვილს კომუნიკაციისთვის რამდენიმე ტელეფონი უყიდა, მაგრამ მან ისინი დაკარგა და ფული ნარკოტიკებში დახარჯა. მსახიობის დედა წარმატებული რიელტორია.

ტეილორ ჩეიზი არ მალავს ნარკოტიკების მოხმარების პრობლემებს. რამდენიმე წელია აკვირდებიან სახელმწიფო სოციალური სამსახურები, მაგრამ უარს ამბობს სახელმწიფო საცხოვრებელზე, მკურნალობასა და დროებით სამუშაოზე. თავის მდგომარეობას ბიპოლარულ აშლილობას მიაწერს, მაგრამ თვლის, რომ ყველაფერი ჯერ არ არის დაკარგული და შეუძლია ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. 2023 წლის აგვისტოდან 2025 წლის დეკემბრამდე პერიოდში მის წინააღმდეგ 12 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა - უმეტესობა, 950 დოლარამდე ღირებულების საქონლის ქურდობისთვის იყო. ამჟამად ის არ არის ძებნილი.

ტეილორის რთული ცხოვრებისეული მდგომარეობის შესახებ ამბის გავრცელების შემდეგ, მისმა ყოფილმა კოლეგებმა Nickelodeon-დან მას დახმარება გაუწიეს. მათ მისი რეაბილიტაციისთვის თანხების შეგროვება დაიწყეს და უკვე უპოვეს ადგილი კარგ სარეაბილიტაციის ცენტრში. ჩეიზთან მომუშავე ერთ-ერთმა მსახიობმა აღიარა, რომ წარსულში ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და გამოცდილებიდან იცის, რომ მათი მიტოვება შესაძლებელია. მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ტეილორი არ ავლენს აგრესიას და მისი მაგალითი ასევე ადასტურებს ჰოლივუდში სპეციალური კომისიის შექმნის აუცილებლობას, რომელიც ბავშვი მსახიობების საჭიროებებს და ზრდასრულ ასაკში მათ ადაპტაციას გაუმკლავდება.
