"კარგი იქნება, თუ საახალწლო სუფრაზე წაბლი გვექნება..." - კიდევ რა უნდა გვქონდეს სუფრასა და ნაძვის ხეზე, რომ წარმატება მოვიზიდოთ - მშობლები

"კარგი იქნება, თუ საახალწლო სუფრაზე წაბლი გვექნება..." - კიდევ რა უნდა გვქონდეს სუფრასა და ნაძვის ხეზე, რომ წარმატება მოვიზიდოთ

2025-12-25 14:24:24+04:00

როგორი იქნება 2026 წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის და რა გველოდება ცეცხლოვანი ცხენის წელში - თემაზე გადაცემაში "დღის პოსტი" ეზოთერიკოსი ნინა სუსლოვა საუბრობს:

- წითელი, ცეცხლოვანი წელი შემოდის. ცხენი საკმაოდ დინჯი, მშვიდი, მომთმენი, გაწონასწორებული ცხოველია. უყვარს სიმყარე, ერთგულება, პატიოსნება. ბოროტ ადამიანებს არ იკარებს. შესაბამისად, 2026 წელს საფრთხე ნეგატიურ ადამიანებს ელოდება. ვინც კეთილია, ვინც ბოროტებას არ ჩადის, სხვებისთვის კარგი, დადებითი უნდა, არ აქვს ნეგატიური განზრახვა, არ არის შურიანი - მისთვის იდეალური პერიოდი ექნება.

ცეცხლის კუთხით უკვე აქტიურობაა საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ ცხენი დინჯია, რახან ცეცხლოვანი წელიწადი მოდის, აქტიურობა, თამამი ნაბიჯების გადადგმა და რისკი მნიშვნელოვანია. თუმცა, აუცილებლად დაფიქრებული. არ უნდა ვიყოთ წინდაუხედავები და ამავდროულად, თამამი ნაბიჯები გადავდგათ. მათთვის, ვინც კომფორტის ზონიდან ვერ გამოვლენ, ეცდებიან, ისევ რუტინულად გააგრძელონ ცხოვრება, შეიძლება, რთული პერიოდი იყოს. ცეცხლი უბიძგებს იმისკენ, რომ იმოქმედონ და ნაბიჯები გადადგან.

სიყვარულშიც შეგვიძლია, თამამი ნაბიჯები გადავდგათ. ასევე, შეგვიძლია, მივხვდეთ, ვინ არის ჩვენი მეორე ნახევარი, ვინ გვჭირდება... ძალიან კარგი პერიოდია იმისათვის, რომ რაღაცები გადავაფასოთ. რაციონალურობა და შეგრძნება ერთ დონეზე უნდა იყოს.

ვინც ამ ენერგიას ფეხს აუწყობს, მათთვის ეს სურვილების ასრულების წელი იქნება. ადამიანებს სურვილების ასრულების შესაძლებლობა მიეცემათ, თუ ენერგიას სწორად მიმართავენ.

საახალწლო სუფრაზე კარგი იქნება, თუ წაბლი გვექნება. ასევე, წითელი ვაშლი, სტაფილო. საახალწლო სუფრაზე კარგი იქნება მანდარინი, ფორთოხალი, ბროწეული. გარდა ამისა, კარგია, თუ ჯანსაღი საკვები გვექნება. მწვანილი, ბალახეული, თაფლის დესერტები ძალიან კარგი იქნება. უმჯობესია, უპირატესობა ქათმის ხორცს მივანიჭოთ.

ამ წლის ფერები იქნება: ოქროსფერი, წითელი, მწვანე. სუფრის დეკორის, ტანსაცმლის, აქსესუარების შემთხვევაში ესეც უნდა გავითვალისწინოთ. არავითარი მუქი ფერები - შავი, მუქი ლურჯი, იისფერი სასურველი არ არის. მაქსიმალურად ნათელი ფერები ავირჩიოთ. ნაძვის ხესა და სუფრაზეც ანალოგიურად გავითვალისწინოთ. არ არის აუცილებელი, აჭრელებული იყოს. შეიძლება, ერთ ტონალობაში იყოს, თუმცა აუცილებლად ღია ტონები.

ამ წელს არ არის რეკომენდებული, ნაძვის ხეს ბევრი მსხვრევადი სათამაშო ეკიდოს. ცხენს მოსწონს ყველაფერი, რაც საიმედოა. აუცილებლად მყარი უნდა იყოს. ის, რაც შეიძლება, მარტივად დაიმსხვრეს, ეს მისთვის არ არის მოსაწონი.

ნალი აუცილებელია. ნალი შეიძლება, შემოსასვლელ კარზეც ჩამოვკიდოთ და შიგნითაც. ნალი როდესაც ქვემოთ იყურება, დაცვისთვისაა, ზემოთ როცა იყურება - წარმატებისთვისაა. ორივე დანიშნულება აქვს. იდეალური იქნება, თუ ერთმანეთს მივამაგრებთ. დაცვასაც გავაერთიანებთ და წარმატებასაც. ნაძვის ხეზეც შეიძლება, ჩამოვკიდოთ. ასევე, ხალიჩის ქვემოთ. ბევრნაირად შეგვიძლია, გამოვიყენოთ...

ბროწეული, მანდარინი, ფორთოხალი ყოველთვის ნაყოფიერებასთან ასოცირდება. ასევე, ნაძვის ხეზე შეიძლება, კუპიურები ჩამოვკიდოთ. ეს ფინანსებს იზიდავს. ნაძვის ხე ერთგვარი აქტივატორია. ასევე, შეიძლება, ტკბილეული ჩამოვკიდოთ იმისთვის, რომ ტკბილი წელი გვქონდეს.

მნიშვნელოვანია, სახლი ჩაბნელებული არ იყოს. მაქსიმალურად უნდა გავანათოთ. სანთლები აუცილებლად გვჭირდება.

ვერძებისთვის საკმაოდ საინტერესო პერიოდი იქნება. საკუთარ თავთან ბალანსში უნდა იყვნენ. დისციპლინა აუცილებელია. თუ ქაოსურები იქნებიან და ენერგიას გაფანტავენ, შეიძლება, მათთვის ძალიან საზიანო აღმოჩნდეს. ფინანსები სწორად უნდა მართონ და საკუთარი თავის განვითარებაში ჩადონ.

კუროებს კომფორტის ზონიდან გამოსვლა მოუწევთ და თუ გამოვლენ, ძალიან კარგი პერიოდი ექნებათ. შემოდის ისეთი ენერგია, რომელიც მოითხოვს, რომ აქტიურები, თამამები იყვნენ. თუ ამ ტემპს ფეხს აუწყობენ, იდეალური პერიოდი ექნებათ. მეორე ნახევარი უფრო მშვიდი იქნება. თუმცა, წლის პირველ ნახევარში აქტიურები უნდა იყვნენ.

ტყუპებისთვის ფინანსური მიმართულებით ძალიან კარგი პერიოდია. მოულოდნელობებით სავსე წელი იქნება. გარდა ამისა, ძალიან კარგი პერიოდია იმისათვის, რომ ფინანსური რესურსები გაიზარდოს, როგორც წლის პირველ, ასევე მეორე ნახევარში. წლის მეორე ნახევარი ახალი კონტაქტების აღმოჩენის ან არსებულის გამყარებისთვის კარგია.

კირჩხიბი წლის პირველი ნახევრის ფავორიტი იქნება. იუპიტერი მათ ზოდიაქოს ნიშანში იქნება. უნდა შეეცადნენ, რომ ივლისის ბოლომდე ეს პერიოდი მაქსიმალურად კარგად გამოიყენონ, იყვნენ აქტიურები და შანსები ხელიდან არ გაუშვან.

ლომებისთვის, პირიქით, წლის მეორე ნახევარი, ივლისის შემდგომი პერიოდია ხელსაყრელი. კირჩხიბებმა და ლომებმა ეს წელი მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ ყველა მიმართულებით. შანსები მიეცემათ და მთავარია, ხელიდან არ გაუშვან.

ქალწულებმა ახალი ნაბიჯები უნდა გადადგან და ხედვა შეცვალონ. რაღაც ახალი შემოიტანონ ცხოვრებაში. კუროს მსგავსად, მოუწევთ, ახალი ენერგია შემოიტანონ. რუტინიდან გავიდნენ და რაღაც ახალი დაიწყონ. კარგი პერიოდი იქნება იმ შემთხვევაში, თუ წარსულზე არ იქნებიან ჩაბღაუჭებულები.

სასწორებისათვის საკმაოდ საინტერესო პერიოდი იქნება. მათ უფრო მეტად საკუთარ თავში უნდა ჩადონ რესურსი. წლის პირველი ნახევარი შედარებით უფრო აქტიური იქნება. უნდა დაგეგმონ და ენერგია სწორად გამოიყენონ. მეორე ნახევარი შედარებით მშვიდი იქნება და თამამი ნაბიჯების გადადგმას უფრო მშვიდად შეძლებენ. ასევე, პასუხისმგებლობების აღება უნდა შეძლონ და ლიდერული თვისებები გამოაჩინონ.

მორიელებისთვის დგება ის პერიოდი, როდესაც შეუძლიათ, მშვიდად იყვნენ. მათ ნიშანს ლილიტი ტოვებს და შებოჭილობა, წინააღმდეგობები, ის, რაც ხელს უშლიდათ, დასრულდება. ახლა უკვე მთავარია ის, რომ პოტენციალი სრულად გამოიყენონ. უფრო თამამები უნდა გახდნენ. შანსებსა და მინიშნებებს ყურადღება უნდა მიაქციონ.

ლილიტი მშვილდოსნის ნიშანში გადადის. ისინი ძალიან ყურადღებით უნდა იყვნენ. ფინანსებთან, სიტყვებთან, ქმედებებთან მიმართებით წინდახედულად უნდა მოიქცნენ.

თხის რქების შემთხვევაში, წლის პირველი ნახევარი საკმაოდ კარგია. 14 სექტემბრის შემდეგ თხის რქაში გადადის ლილიტი და წლის ბოლო ცოტა მძიმე იქნება. თუმცა, იქამდე ფინანსური ვალდებულებების მოგვარებას მოახერხებენ.

მერწყულებმა უმჯობესია, წლის პირველი ნახევარი დასაგეგმად, გასააზრებლად, ტრანსფორმაციისთვის, პრიორიტეტების გადახედვისთვის გამოიყენონ. მეორე ნახევარში კი თამამი ნაბიჯები გადადგან.

თევზებისთვის ძალიან კარგი პერიოდი იქნება, თუ ნაბიჯებს გადადგამენ, ლიდერები იქნებიან და მეტი ამბიცია ექნებათ. უნდა აჩვენონ ის, რომ შეუძლიათ, თავდაჯერებულები იყვნენ. ინტუიცია იზრდება. თევზები იდეალურად მოახერხებენ, რომ ყველაფერი იგრძნონ. შესაბამისად, თავიანთ გულის ხმას უნდა მოუსმინონ.