იცით, რომელია 2025 წლის ყველაზე პოპულარული ქართული წიგნი? - მშობლები

იცით, რომელია 2025 წლის ყველაზე პოპულარული ქართული წიგნი?

2025-12-25 15:37:35+04:00

თუ ქართული მხატვრული ლიტერატურა თქვენთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა, მაშინ აუცილებლად დაგაინტერესებთ, თუ როგორ გამოიყურება 2025 წლის ყველაზე გაყიდვადი ქართული წიგნების სია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რეიტინგულ სიაში მოხვდა როგორც ახალი გამოცემები, ისე უკვე კლასიკად ქცეული ლიტერატურა.

მაშ ასე, 2025 წლის ყველაზე მოთხოვნადი ქართველი მწერლებისა და წიგნების სია, რომელსაც „ბიბლუსი“ გვიზიარებს, ასე გამოიყურება:

10. „თეთრი მაგნოლია“, თამარ ერაძე

აფხაზეთის ერთ პატარა, საიდუმლოებებით სავსე ქალაქში მხოლოდ მკვდარს შეუძლია, სიმართლე ხმამაღლა თქვას. ზღვის პირას, მაგნოლიების ასწლოვან პარკში, სწორედ მაშინ, როცა იქაურობა ბედნიერი ტურისტებით უნდა გაივსოს, საზარელი მკვლელობა ხდება. მსხვერპლი უცხო ახალგაზრდა ქალია, რომელსაც ადგილობრივებიდან მხოლოდ ერთი მდიდარი ოჯახი იცნობს. წარსული არასოდეს არ კვდება ჩუმად, ადრე თუ გვიან, ახმაურდება და ადამიანებს გაუგონარი სისასტიკისკენ უბიძგებს. ვინ არის ნამდვილი დამნაშავე და ვინ — ნამდვილი მსხვერპლი? თამარ ერაძე ფსიქოლოგიური ტრილერის, დეტექტივისა და სასიყვარულო რომანის მოყვარულებს მომაჯადოებელ გამოცდილებას ჰპირდება.„თეთრი მაგნოლია”ტრილოგიის პირველი წიგნია.

9. „ცა მიწიდან იწყება“, ოთარ ჭილაძე

ოთარ ჭილაძის ჩანაწერების ახალი, შევსებული გამოცემა, ფოტოებითა და ავტორის ხელნაწერი ტექსტებით. დიდი მწერლის გამოუქვეყნებელი ჩანაწერები. ყველაზე ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელსაც ოთარ ჭილაძე მთელი ცხოვრება სიმარტოვეში წერდა. აქ ნახავთ მწერლის ყოველდღიურ განცდებსა თუ ემოციებს, შემოქმედებით ლაბორატორიას, გამოხმაურებებს ამა თუ იმ მოვლენაზე, შეხედულებებს ცნობილ ადამიანებზე.ჩანაწერებიგასდევს მთელ მის შემოქმედებით ცხოვრებას 1955 წლიდან გარდაცვალებამდე.

8. „სამოსელი პირველი“, გურამ დოჩანაშვილი

ეს გახლავთ თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერლის გურამ დოჩანაშვილის ყველაზე ცნობილი ნაწარმოები."სამოსელი პირველის"სიუჟეტი თავგადასავლის მაძიებელი ჭაბუკის დომენიკოს ტიპური ამბავია, რომელზეც დიდად იმოქმედა იდუმალებით მოცული კაცის - ლტოლვილის ნაამბობმა. დომენიკო ტოვებს მშობლიურ სახლ-კარს, მამას და მიდის "ლამაზ ქალაქში". თანდათან მრავალი ადამიანთან ურთიერთობისას, იგი მიხვდება, თუ რა არის მეგობრობა, სიყვარული, სიკეთე, ბოროტება, გულწრფელობა, პატიოსნება. ეს არის წიგნი სიკეთისა და ბოროტების შეცნობაზე, მას თამამად შეიძლება ვუწოდოთ "ცხოვრების წიგნი".

7. „მერვე სიცოცხლე (ბრიკლას)“, ნინო ხარატიშვილი

წიგნი, რომელიც ერთიანად გიპყრობს - სწორედ ასე ახასიათებენ ნინო ხარატიშვილის რომანს.

საქართველო, 1900 წელი: შოკოლადის ცნობილი მწარმოებლის ქალიშვილის, სტასიას დაბადებით იწყება ეს ამაღელვებელი ოჯახური საგა, რომელიც ექვს თაობას მოიცავს. სტასია შეძლებულ საზოგადოებრივ ფენაში იზრდება და ძალზე ახალგაზრდა ცოლად მიჰყვება თეთრგვარდიელ სიმონ ჯაშს, რომელსაც ოქტომბრის რევოლუციის წინა საღამოს მეუღლისაგან შორს, პეტროგრადში გზავნიან. როდესაც სტალინი ქვეყნის სათავეში დგება, სტასია თავის ორ შვილთან, კიტისა და კოსტიასთან ერთად თბილისში, თავის დასთან, ქრისტინესთან, თავბრუდამხვევი სილამაზით ცნობილ ქალთან, აფარებს თავს. მაგრამ საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელი ლავრენტი ბერია მას თვალს დაადგამს, რასაც საბედისწერო შედეგი მოჰყვება...

გერმანია 2006: ბერლინის კედლის დამხობისა და სსრკ-ის დაშლის შემდეგ საქართველოში არეულობაა. სტასიას უნიჭიერესი შვილთაშვილი ნიცა საცხოვრებლად ბერლინში გადადის. როდესაც ნიცას თორმეტი წლის დისშვილი ბრილკა დასავლეთში მოგზაურობის შემდეგ საქართველოში დაბრუნებაზე უარს აცხადებს, ნიცა მას მოძებნის. სწორედ ბრილკას უამბობს ჯაშების ოჯახის მთელ ისტორიას – უყვება რვა ცხოვრებისა და იმ წითელი საუკუნის შესახებ, რომელშიც ყველანი ისე არიან ჩაქსოვილნი, როგორც ძაფები ხალიჩაში.

6. „დათა თუთაშხია“, ჭაბუა ამირეჯიბი

რომანიდაყოფილია 4 ნაწილად და მოთხრობილია მისი გმირის მორალური ევოლუციის შესახებ იმ პიროვნებების გადმოსახედიდან, რომლებთანაც წარსულში კავშირი ჰქონდა. დათა თუთაშხია არის ადამიანი, რომელიც დაბადებიდან ვერ იტანს უსამართლობას და უკანონობას. თავიდანვე, რომანში ვიგებთ, რომ იგი იყო ბრალდებული შემთხვევითი მკვლელობის თანამონაწილეობისათვის. მას შემდეგ დაიწყო ცხოვრება, როგორც ტყეში გასულმა და სასოწარკვეთილი ჟანდარმერიის მუდმივად დევნილმა. მთელი რომანის განმავლობაში, თუთაშხია იცვლის ადგილსამყოფელს, ხედავს ბოროტებას და ცდილობს როგორმე დასძლიოს იგი.

უახლესი გამოცემის შეძენა ორ ტომადაა შესაძლებელი.

5. „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“, კონსტანტინე გამსახურდია

კონსტანტინე გამსახურდიას ისტორიული რომანი"დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“სრულყოფილად წარმოგვიდგენს ქართული რენესანსის ეპოქას, წინააღმდეგობებით, კონფლიქტებით და "მრუმე ღამეებით“ აღსავსე მკაცრ საუკუნეს.

4. „მდგმური“, ჯემალ ქარჩხაძე

ჯემალ ქარჩხაძის პირველი რომანია. მთავარი პერსონაჟი,“მდგმური”ახალგაზრდა კაცია, რომელიც მაღალი იდეალებითა და საკუთარი თავისადმი დიდი მოთხოვნებით ცხოვრობს, მაგრამ მას არაერთი გამოცდა ელის, რომლებისთვისაც მეტ-ნაკლებად მზად აღმოჩნდება. რომანში ერთმანეთს ცვლის რეალური, წარმოსახვითი და იგავური განზომილებები, რომელთა ორგანული შერწყმა – საკმაოდ გაბედული ექსპერიმენტი – ბრწყინვალედაა გადაჭრილი.

3. „ჯაყოს ხიზნები“, მიხეილ ჯავახიშვილი

რომანში, რომელსაც მწერალმა 20 წელი მოანდომა, XX საუკუნის დასაწყისის საქართველოს სოციალური პრობლემებია წარმოჩენილი. რომანი ავტორის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებად არის მიჩნეული. „ჯაყოს ხიზნებში“ აღწერილი ამბები მეტად რთული ისტორიული პერიოდის ფონზეა გაშლილი და გაშუქებული. ეს ეპოქა, XX საუკუნის 10-იანი წლების ბოლო და 20-იანი წლების დასაწყისი, არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენებითაა აღსავსე. საკუთრივ საქართველო ელოდა თავისუფლებას, მიიღო და მალევე დაკარგა კიდეც იგი. ნაწარმოებშიც მოქმედება ძირითადად გასაბჭოების ხანაში ხდება.

2. „მზე, მთვარე და პურის ყანა“, თემურ ბაბლუანი

ძალიან რთულია, დაამტკიცო შენი უდანაშაულობა, როცა კრიმინალები მოკვლით გემუქრებიან, პროკურატურისთვის მთავარია, საქმე გახსნილად გამოაცხადოს, „გამოვლენილი დამნაშავე“ გააციმბიროს ან თუნდაც დახვრიტოს. კიდევ უფრო რთულია, ნახევარი ცხოვრება სხვის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო გაატარო ციხეში, სადაც შეიძლება ჭლექმა მოგიღოს ბოლო, თუ ვინმეს თვალში არ მოუხვედი, სიცოცხლეს გამოგასალმოს ან სულაც უბრალოდ ჭკუიდან შეიშალო. დიახ, რთულია. თუმცა ამ ყველაფრის გაძლება და მასთან ბრძოლაც კი შეიძლება, როცა იცი, რომ შენს დაბრუნებას ვიღაც, თუნდაც მხოლოდ ერთი ადამიანი ელოდება. ცნობილი ქართველი რეჟისორის, თემურ ბაბლუანის„მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)“სათავგადასავლო რომანია, რომელშიც აღწერილი ერთი თბილისელი ბიჭის დარდითა და ტკივილით სავსე ცხოვრების ამბავი ერთი ამოსუნთქვით იკითხება.

1. „ზებულონი“, ჯემალ ქარჩხაძე

რომანი"ზებულონი" ჯემალ ქარჩხაძის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია. საქართველოს ისტორიული რეალობის ფონზე გაშლილია ადამიანური სულის შემძვრელი თავგადასავალი. ღრმა ჭვრეტითა და უკომპრომისო სიმართლით გადმოცემულია დაუვიწყარი ხასიათები და წარუშლელი ხატები. უზადო ქართული და დაძაბული თხრობა ლამის შეუსაბამოა წერის საოცრად მსუბუქ მანერასთან, რომელიც რომანს ხელმისაწვდომს ხდის ნებისმიერი ასაკის და ინტერესის მკითხველისათვის.

წიგნების ონლაინ შესარჩევად და შესაძენად ეწვიეთბმულს.

R