ტელეწამყვან თინა კანდელაკს, რომელიც წლებია რუსეთში ცხოვრობს, იქ შექმნა ოჯახი (ორჯერ), აიწყო ტელეკარიერა და რუსეთს თავის ძირითად სამშობლოდ მიიჩნევს, პუტინისგან (რომელსაც საჯაროდ არაერთხელ გამოუცხადა ნდობა და შეასხა ხოტბა) ალექსანდრე ნეველის სახელობის ჯილდო მიიღო.

"რუსეთი დედამიწაზე ის ადგილია, სადაც ყველა ადამიანი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, თავს ზეცასთან ახლოს გრძნობს. აქ მშვიდობა, ღმერთი და რწმენა ცარიელი სიტყვები არ არის; აქ ზღვარი ცასა და დედამიწას შორის იმდენად ფაქიზია, რომ ხალხს სასწაულების არ სჯერა - ისინი მათით ცხოვრობენ. მინიშნება, სიტყვა, მოვლენა - არაფერია შემთხვევითი.
25 წლის წინ მივიღე რუსული პასპორტი. 1990-იან წლებში ქვეყანა ნანგრევებად იყო ქცეული: ბანდიტები, ოლიგარქები, ჟოლოსფერი ქურთუკები, ჩეჩნეთის ომი. მაგრამ იყო რწმენა და იყო ნაბიჯი. იყო ჩემთვის ყველაზე ახლობელი ადამიანის - დედაჩემის - ნდობა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. იყო ახალი პრეზიდენტი - ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინი და იწყებოდა სრულიად განსხვავებული ერა.
ალბათ, მაშინ ვინმეს რომ ეთქვა, რომ ყველაფერი ასე შეიცვლებოდა როგორც ქვეყნისთვის, ასევე ჩემთვის, არ დავიჯერებდი. მაგრამ ბედმა არაერთხელ დამანახა, რომ ყველაფერი შესაძლებელია, მთავარია გჯეროდეს და შენი პრინციპების ერთგული იყო. ზეცა ადრე თუ გვიან გაჩვენებს, სწორი არჩევანი გაკეთდა თუ არა.
ერთ დღეს ასეთი მომენტი დადგა. მრავალი წლის შემდეგ, თბილისში ჩვენი შეხვედრის დროს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ, მოულოდნელად და დიდი მსჯელობის გარეშე, მთხოვა, ვლადიმერ ვლადიმიროვიჩისთვის გადამეცა, რომ ის მისთვის ლოცულობს და ასე გააგრძელებდა, რაც არ უნდა მომხდარიყო. ეს არ იყო მხოლოდ პირადი ჟესტი, არამედ მართლმადიდებლობის ერთ-ერთი საყრდენის მხრიდან ღრმა სულიერი აღიარების ნიშანი. ნიშანი იმისა, რომ რუსეთის მეთაური არა მხოლოდ მართლმადიდებლობის, არამედ მთელი ქრისტიანული ცივილიზაციის ღირებულებების დამცველად აღიქმება. და ის ფაქტი, რომ რწმენა, ოჯახი და მშობლები, როგორც ღირებულებები, საჯაროდ გაიხსენეს როგორც ევროპაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ასევე იმის ნიშანია, რომ ყველაფერი სწორად კეთდება.
„რწმენა არის იღბლიანი ბილეთი, ბედისწერა, სასწაული, რომელიც მოულოდნელად ქმნადია. რწმენა უმაღლესი ნიჭია“, - წერდა რუსი გენიოსი ივან შმელევი, რუსული სასწაულის მიზეზის ახსნისას. ეს იღბლიანი ბილეთი არა მხოლოდ რუსეთს ერგო. ჩვენ ვხედავთ ქრისტიანული კულტურის აღორძინებას, როგორ აღდგება ეტაპობრივად ქრისტიანობა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ევროპაში იყო დამარხული, და ამის დასტურია იმ მტრების შიში, რომლებიც ქრისტიანული ეკლესიების განადგურებას ცდილობენ. თუმცა, ჩვენი საერთო ღირებულებების მხარდამჭერი ხმები უკვე ისმის ოკეანის ორივე მხარეს და ეს მხოლოდ საერთო ქრისტიანული აღორძინების დასაწყისია. მესამე რომი კვლავ გააბრწყინებს მსოფლიოს და შექმნის მართლმადიდებლობის სიმფონიას", - თქვა თავის სიტყვაში კანდელაკმა, მოგვიანებით კი ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა ქართველებისთვის.