როგორ დავიცვათ ბავშვის ტვინი შიშის კვალისგან და რა უნდა გავითვალისწინოთ სადღესასწაულო დღეებში, რომ პატარისთვის ზედმეტი ხალხმრავლობა, ხმაური, განათებები საშიში არ აღმოჩნდეს - თემაზე ბავშვთა ნევროლოგი, თამარ ედიბერიძე, გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს:
- დავიწყებ იმით, რომ შიში მეგობარია. მისი დემონიზება საჭირო არ არის. სიყვარულთან ერთად, შიშიც არის ერთ-ერთი, რამაც კაცობრიობა გადაარჩინა. ეს არის საფრთხის თავიდან არიდება, წინდახედულება... შიშს არ ვებრძვით, შიში სწორად უნდა გადავამუშაოთ და გამოცდილებისთვის გამოვიყენოთ. ადრეული ასაკის ბავშვის შემთხვევაში, ვინაიდან პირადი გამოცდილება არ აქვს, უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ - ზოგადად, ბავშვს აშინებს, აფრთხობს მოულოდნელობა, არასტაბილურობა და გადაჭარბებული იმპულსები. გადაჭარბებული იმპულსი შეიძლება, იყოს ხმაური. თუმცა, გადაჭარბებულად დიდმა ფორმატმა, მდგომარეობამ, გადაჭარბებულად განათებამ, ზედმეტად კაშკაშამ ასევე შეიძლება, დააფრთხოს, თუ ეს მოულოდნელობის ფაქტორია. ამიტომ, ჩვენ ხომ უკეთ ვიცით ჩვენი შვილის ტემპერამენტი, რამდენად მძაფრი რეაგირება ახასიათებს.
პირველი, თუ ვატყობთ, რომ ჩვენს შვილს ბევრი ხალხი, ერთით, ორით მეტი სტუმარი კი არ მოსწონს, არ არის საჭირო, გადაჭარბებულ ხალხმრავლობას მივეტანოთ, რაც არ უნდა მიმზიდველი ჩანდეს. ცენტრალურ ნაძვის ხესთან იქნება თუ სხვა დაწესებულებასთან მაშინ მივიდეთ, როდესაც შედარებით ნაკლები ხალხია.
მეორე, რაც უფრო პატარაა ბავშვი, უსაფრთხოების განცდას უქმნის ის, რომ მარტო არ არის. ის, რომ ვუთხრათ, ჩვენთანაა და მარტო არ აღმოჩნდება, ეს სიმშვიდისთვის ძალიან კარგი წინაპირობაა. ხალხმრავლობაში, სუნთქვა ჩვენც გვიჭირს. ამიტომ, რაც უფრო პატარაა ბავშვი, ჯობს, ან ხელში ავიყვანოთ ან უფრო განაპირა ადგილას აღმოვჩნდეთ, რომ სუნთქვის საშუალება ჰქონდეს.
კიდევ ერთი, დიდი ნაძვის ხე, ზღაპრის გმირები, რომლებიც მოცულობით დიდები არიან, ეს შეუსაბამობას ქმნის. ბავშვებს ხშირად აშინებს ის, რომ მისი საყვარელი ზღაპრის გმირი თავზე უზარმაზარი მთასავით დაადგა. ეს მისი ზეიმისთვისაა მოფიქრებული, მაგრამ ამ დროს შეუსაბამოა.
დისტანციის დაცვა ან ხელში აყვანა მნიშვნელოვანია, რომ მან თოვლის ბაბუა თუ რომელიმე ზღაპრის გმირი უკეთ გაიცნოს. სიმაღლის ცვალებადობაც ჯობს, რომ გავითვალისწინოთ.
რაც შეეხება ხმას, თუ ვატყობთ, რომ ჩვენს შვილს ხმაურზე გადაჭარბებული რეაგირება აქვს, არსებობს ყურსასმენები, რომლებითაც შეიძლება, ტიპიური განვითარების და ასევე სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები დავიცვათ. ეს ყურსასმენები ხმას ცოტა ჩაახშობს.
შემდეგ უკვე მნიშვნელოვანია, ემოციებზე ვისაუბროთ. რა მოგვეწონა, რა იყო მოულოდნელი, რა გაგვიკვირდა და ასე შემდეგ. დაახლოებით, 3 წლიდან ემოციების სახელდება, რომ ბავშვმა საკუთარ ემოციებს სახელი თავადაც დაარქვას, შეიძლება. 3 წლამდე ჩვენ უფრო ვეხმარებით. ეს კარგი ინვესტიციაა სამომავლოდაც და, რა თქმა უნდა, ყველაფრის სიხარულში გადამუშავებას შეუწყობს ხელს.