მოზარდები გამუდმებით უკმაყოფილონი არიან თავიანთი წონით. ამის გამო ხშირად შიმშილობენ, ან საშინლად იკვებებიან. ცნობილი ექიმი, მარი მალაზონია მოზარდებსა და მათ მშობლებს უმნიშვნელოვანეს რჩევებს აძლევს წონისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის.
- დიეტა მოზარდებს თავისებურად ესმით - ხშირად ეს არის დღეობით შიმშილი. შეიძლება თუ არა მოზარდის დიეტაზე ყოფნა?
- სამწუხაროდ, დიეტა გაიგივებულია შეზღუდულ კვებასთან. რეალურად კი დიეტა ჩვენი ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილების შესაბამისად შედგენილი ერთდღიანი მენიუ-რაციონია და გულისხმობს სწორ, დაბალანსებულ, რაციონალურ კვებას ჯანსაღი ცხოვრების წესის ფარგლებში. არ არსებობს ყველასათვის მისაღები და გასაზიარებელი უნივერსალური დიეტა, რადგან ყოველი ადამიანი ერთადერთი და განსაკუთრებულია. დიეტის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ ასაკი, სქესი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, საქმიანობა, ყოველდღიური რეჟიმი, სტრესორი, სეზონი, გემოვნება, ხასიათის თავისებურება და ა.შ.
განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვენ მოზარდები, ისევე, როგორც ბავშვები, ორსულები, ხანდაზმულები. ისინი „სპეციალური კვების ჯგუფს“ განეკუთვნებიან, რადგან საკვებ ნივთიერებებზე, ანუ ნუტრიენტებზე სპეციფიკური მოთხოვნილება აქვთ. მათ კვებას საგანგებოდ გააზრება და შერჩევა სჭირდება და, შესაბამისად, კვების რომელიმე მოდელის ბრმა გაზიარება შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს მათი ჯანმრთელობისთვის.
წონაში სწრაფი კლება და შიმშილი ორგანიზმისთვის სტრესია, რასაც მოსდევს ყოველი ლუკმის დამარაგება და სიმსუქნის რისკის ავტომატური ზრდა. თუ თქვენ ერთხელ მაინც იშიმშილებთ ან მკვეთრად შეუზღუდავთ კვებას თქვენს ორგანიზმს, განვითარდება „მეტაბოლური ადაპტაცია“, ანუ თქვენი ორგანიზმი შეეჩვევა სიმკაცრეს და შემდეგში აღარ შეიმჩნევს, ან ექნება მინიმალური რეაქცია. თუ თქვენ ცხიმის უპირატესი დაგროვების „პრობლემური ზონები“ გაქვთ, შიმშილობის შემდეგ ყოველი გასუქება სწორედ ამ ზონების „გაძლიერებას“ გულისხმობს და, მორიგი კვებითი შეზღუდვისას, ყველაზე რთულად სწორედ ეს ზონები დაგემორჩილებათ.
განსაკუთრებული სიფხიზლე მართებთ მოზარდი გოგონების მშობლებს. ე.წ. დიეტის მიღმა შეიძლება იმალებოდეს კვების უკიდურესი შეზღუდვა ფსიქიკური პრობლემების ფონზე სახელად „ანორექსია“ (შესაძლოა ბულიმიაც). ასეთ შემთხვევაში ნუ იტყვით უარს სპეციალისტის დახმარებაზე. იმის იმედით, რომ თქვენ თვითონ გაუმკლავდებით, პრობლემა შეიძლება უმართავი და საბედისწეროც გახდეს.
- რომელ ასაკამდე არ არის სასურველი დიეტის დაცვა?
- თუ თქვენ მხედველობაში გაქვთ შეზღუდული კვება, ამგვარი მოდელი ნებისმიერ ასაკში მოითხოვს სიფრთხილეს. თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კვებას სამკურნალო დატვირთვა აქვს, მაშინ შეზღუდვა ექიმის მიერ კონტროლდება და დიეტოთერაპიის, ანუ საკვებით მკურნალობის ნაწილია. ყველა სხვა შემთხვევაში მოქმედებს პრინციპი „მივირთვათ იმისათვის, რომ გავხდეთ“. საგანგებოდ მინდა ვთქვა სამარხვო კვების შესახებ. სამწუხაროდ, მას ხშირად იყენებენ, როგორც წონის კორექციის მცდელობას. ამგვარი მიდგომა გაუმართლებელია, პირიქით, წონის დაგროვების მიზეზიც კი შეიძლება გახდეს, რომ არაფერი ვთქვათ მარხვის მნიშვნელობის გაუფასურებასა და დაკნინებაზე.
- 13-14 წლიდან იწყება შიმშილის დათრგუნვა ყავით. რამდენად რეკომენდირებულია მოზარდისთვის ყავა, მითუმეტეს დიეტის დროს?
- როგორც ჩემი სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, მოზარდები ხშირად იყენებენ ენერგეტიკულ გაზიან სასმელებს, რომელთა შემადგენლობაში არის დიდი რაოდენობით კოფეინი და შაქარი (საქაროზა). ასევე, ხშირად იყენებენ ენერგეტიკული და მაგარი ალკოჰოლური სასმელების (მაგ., არყის) კომბინაციას ისე, რომ არ ითვალისწინებენ მიღებულ „ცრუ კალორიებს“ (შედარებისთვის: 1 გრამი ალკოჰოლი 7 კკალორიას გვაძლევს, 1 გრამი ნახშირწყალი მხოლოდ 4 კკალორიას). რაც შეეხება ყავას, საგულისხმოა რამდენიმე ფაქტი: თანამედროვე მიდგომით, მოზარდობის, ანუ ადამიანის ორგანიზმის საბოლოო ფორმირების პერიოდი 22-25 წლამდეც კი გრძელდება. პრაქტიკულად ჯანმრთელი ზრდასრული ადამიანისთვის დღეში 1 ჭიქა ყავა უსაფრთხოდ ითვლება. ყავას, როგორც კოფეინშემცველ პროდუქტს, მატონიზირებელი ეფექტი აქვს, ანუ ენერგიას გვმატებს. ამავე დროს, აძლიერებს პერისტალტიკას, ანუ ნაწლავის ტალღისებურ მოძრაობას და აჩქარებს საკვების გადაადგილებას, აძლიერებს კუჭის წვენის გამომუშავებას, ნაღვლის ბუშტის ტონუსს და სხვა. შესაბამისად, ყავა უმჯობესია მივირთვათ ჭამის შემდეგ და არა უზმოდ, მშიერზე, მით უმეტეს, შეზღუდული კვების პირობებში. მოზარდის ტონუსის ასამაღლებლად კი საუკეთესო არჩევანი ფიზიკური აქტივობა, სრულფასოვანი ძილი და დაბალანსებული კვებაა ადექვატური ინტერესების და ურთიერთობების ფონზე.
- რა საკვები შეიძლება გამორიცხოს მოზარდმა თავისი სურვილით, რათა წონაში არ მოიმატოს?
- სიმართლე გითხრათ, მოზარდის რაციონში ამა თუ იმ პროდუქტის თვითნებურად და დაუსაბუთებლად შეზღუდვა არ მიმაჩნია გონივრულ და სასიკეთო გადაწყვეტილებად. უმჯობესია ძილის, აქტივობისა და კვების რეჟიმის ურთიერთშეხამება, წყლის მოხმარების ჩვევა, კვების ულუფის და ჯერადობის დაცვა, რაციონის დაბალანსება და სხვა. არ ვიცი, რამდენად ისურვებენ მოზარდები, თუმცა კარგი იქნება უარი თქვან საკონდიტრო ნაწარმზე, სწრაფი კვების პროდუქტებზე, პროცესირებულ საკვებსა და გაზიან სასმელზე.
- გარდატეხის პერიოდში წონაში ოდნავ მომატება ყოველთვის კვების ბრალია თუ ეს ასაკობრივი ცვლილებებისთვისაა დამახასიათებელი?
- ზოგადად, წონის მატებას ბევრი მიზეზი აქვს. უმჯობესი იქნება, თუ ჩვენ მშობლები გამოვიჩენთ წინდახედულობას და ადრეული ბავშვობიდან ვიზრუნებთ ჩვენი შვილების ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებასა და ოპტიმალურ წონაზე, ცხადია, გენეტიკური წინასწარგანწყობის გათვალისწინებით. ასაკთან ასოცირებული ჰორმონული ცვლილებები ხშირად ხდება წონის მერყეობის მიზეზი. ამ შემთხვევაში, მოზარდის ენდოკრინოლოგიური სტატუსი უნდა შეფასდეს. სასქესო და სხვა ჰორმონებთან ერთად, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობა. მაგ., ჰიპოთირეოზი, ანუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება ანელებს მეტაბოლიზმს და ზრდის წონის მატების შესაძლებლობას.
- რამდენად საშიშია მოზარდისთვის ზედმეტი ან პირიქით, ნაკლები წონა?
- ამ კითხვაზე პასუხად ძალიან ბევრი რამაა სათქმელი და ჩვენი საუბრის ფორმატი არასაკმარისია. თუმცა გაგახსენებთ სხეულის მასის ინდექსს (სხეულის მასა კილოგრამებში გავყოთ მეტრებში გაზომილი სიმაღლის კვადრატზე). ნორმალური მაჩვენებელია 18,5-დან 24,9-ის ჩათვლით. წონა ოპტიმალურია, თუ ეს პარამეტრი 20-დან 25-მდეა. 25-დან ჭარბი წონაა, 30-დან - სიმსუქნე. მაგ., ჭარბი წონისა და სიმსუქნის ფონზე მოზარდ გოგონებში ხშირია პოლიკისტური (პოლიცისტური) საკვერცხის სინდრომი, რომელიც უკან იხევს წონის მოწესრიგებისთანავე. თუ სხეულის მასის ინდექსი ნაკლებია 18,5-ზე. ცხიმოვანი მასის მკვეთრი დეფიციტი გავლენას ახდენს ჰორმონულ ცვლაზე და შეიძლება გამოიწვიოს გოგონებში მენსტრუალური ციკლის დარღვევა, სრული შეწყვეტაც კი, გაზარდოს უნაყოფობის რისკი. ზოგადად, დაქვეითდეს იმუნიტეტი. ამგვარად, წონის დეფიციტი ისევე საშიშია, როგორც სიჭარბე, სამწუხაროდ, სიმსუქნეზე უფრო ხშირად საუბრობენ, ვიდრე წონის დეფიციტზე, როგორც მოზარდის ჯანმრთელობის რისკ-ფაქტორზე.
- არასრულფასოვანი კვება, ხანგრძლივი კვებით შეზღუდვა ექიმის რეკომენდაციის გარეშე ასუსტებს თუ არა მოზარდის ორგანიზმს და უჭირს თუ არა ასეთ ორგანიზმს სხვადასხვა ინფექციასთან გამკლავება?
- საკვები ჩვენს ორგანიზმს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებებით ამარაგებს, შესაბამისად, უმართავი დეფიციტი ავტომატურად ზრდის დაავადებების რისკს. მაგ., მოზარდის ორგანიზმში ცილის ნაკლებობა აფერხებს არა მარტო მის ზრდა-განვითარებას, აზროვნებას, ჰორმონული და ფერმენტული სისტემების ჩამოყალიბებას, არამედ დამცავი ძალების, ანუ იმუნიტეტის გამართულ მუშაობას და, შესაბამისად, ინფექციასთან გამკლავებას.
- თუ შეგიძლიათ ჩამოგვიყალიბოთ მოზარდის ერთი დღის მენიუ, რომელიც „არ გასუქებს“.
- არ არსებობს ყველასთვის მისაღები უნივერსალური კვების მოდელი და მოზარდის მენიუ-რაციონი ინდივიდუალური მოთხოვნილების შესაბამისი უნდა იყოს, თუმცა კვებაში არსებობს რამდენიმე „ოქროს წესი“:
- შეიძლება თუ არა დუკანის დიეტა დაიცვას მოზარდმა? რა ასაკიდან შეიძლება ამ დიეტის თამამად დაცვა?
- სახიფათოა დაუსაბუთებელი დიეტური სითამამე, არასერიოზულია ცნება „დიეტისთვის ოპტიმალური ასაკი“ და არ არსებობს დიეტა-პანეცეა!!! არც ამ კონკრეტული დიეტის ავ-კარგზე საუბრით შეგაწყენთ თავს - ეს პროფესიული მსჯელობის საგანია. ერთს გეტყვით მხოლოდ: თვითნებური და გაუაზრებელი ცილოვანი დატვირთვა შეიძლება აზოტნაერთების დაგროვების, კალციუმის დანაკარგის, ზოგიერთი ვიტამინის ნაკლებობის, წყლის ბალანსის დარღვევის, ბოლო და ბოლოს, ცხიმის დაგროვების და ცილის პარადოქსული უკმარისობის მიზეზიც კი გახდეს. ამიტომ ნებისმიერი გახმაურებული დიეტა-ატკინსის, ხაასის, მონტინიაკის, დუკანის თუ სხვათა - მუდმივი რევიზიის საგანია და ხშირად დაგვიანებით ხდება პოპულარული ჩვენს საზოგადოებაში, მათ შორის, მოზარდებშიც.
ჩემი აზრით, ნებისმიერი მოზარდისთვის არსებითია ჩვენი დამოკიდებულებაა. ხმამაღლა არ ამბობენ, მაგრამ ჩვენს შვილებს სჭირდებათ მუდმივი განცდა, რომ მათი როლი და მნიშვნელობა ჩვენს ცხოვრებაში აუწონავია მათი ფაქტობრივი წონის, ანუ კილოგრამების მიუხედავად.
მინდა გავამხნეო მოზარდები: თუ, კვების მოწესრიგებასთან ერთად, ვარჯიშიც დაიწყეთ, არ შეგაშინოთ უცვლელმა წონამ, ან წონის მცირედმა ნამატმა. გაიხსენეთ, რომ კუნთი ცხიმზე მძიმეა. ამიტომ არ დაკარგოთ მოტივაცია. გააგრძელეთ აუჩქარებლად და თანმიმდევრულად.
გისურვებთ წარმატებას!
მარი მალაზონია
კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი
ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია „930“-ის პრეზიდენტი
ევროპის პრევენციული, რეგენერაციული და „ანტიეიჯინგ“ მედიცინის საბჭოს წევრი
ესაუბრა:მანანა გაბრიჭიძე