1952 წლის 5 ნოემბერს კურილის კუნძულებს ძლიერი ცუნამი დაატყდა თავს, რამაც, დაახლოებით, 8000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, რადგან ტრაგედია არ გაახმაურეს. მეტიც, თუ ვინმე მაშინ ამაზე საუბარს გაბედავდა, სასტიკად დასჯით ემუქრებოდნენ.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კურილის კუნძულები სსრკ-ს შემადგენლობაში შევიდა. აქ საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადებისა და დამყარების შემდეგ აღჭურვილობა და სამშენებლო მასალები დაუყოვნებლივ შეიტანეს, მოეწყო სამხედრო ნაწილი, შეიქმნა სასაზღვრო პუნქტი და მოხალისეები კურილის კუნძულებზე კომუნიზმის მშენებლობის დასაწყებად გაიწვიეს. 1946 წელს ქალაქი სევერო-კურილსკი გააშენეს.
მკაცრი პირობების მიუხედავად, ხალხი კუნძულებზე მიემგზავრებოდა. მათი მოტივაცია, დიდი ანაზღაურების მიღება, მაღალი კომპენსაცია და ამავდროულად, ახალი თავგადასავლები იყო. ამიტომ, მალევე ეს ტერიტორია ერთ-ერთი ყველაზე დასახლებული ადგილი გახდა.
ქალაქი გაშენდა, ადამიანებმა კარგი საცხოვრებელი პირობები შექმნეს, თუმცა, მას ერთი ნაკლი ჰქონდა - სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობდა. კამჩატკის ნახევარკუნძული და მთელი კურილის კუნძულები "ვულკანური ცეცხლის რგოლითაა" გარშემორტყმული. დროდადრო სევერო-კურილსკსა და მიმდებარე სოფლებში მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა. მაგრამ ისინი საკმარისად ძლიერი არ იყო, რომ ადგილობრივ მოსახლეობაში შეშფოთება გამოეწვია.

ყველაფერი 1952 წლის 5 ნოემბერს შეიცვალა. იმ ღამეს სევერო-კურილსკის მაცხოვრებლები ძლიერმა ბიძგებმა გააღვიძა. ერთი ძლიერი მიწისძვრა ფანჯრების ჩასამსხვრევად და კედლების დასაბზარად სრულიად საკმარისი აღმოჩნდა. ზოგიერთ ადგილას ბზარები იმდენად დიდი იყო, რომ ხუთი წლის ბავშვსაც კი შეეძლო გაძრომა. ეს მხოლოდ დასაწყისი იყო - რიხტერის შკალით 10-ბალიანმა ძლიერმა ბიძგმა ოკეანეში ასევე ძლიერი ტალღა შექმნა, რომელიც ნაპირისკენ სწრაფად მიიწევდა...
საფრთხე პოლიციელებმა პირველებმა გააცნობიერეს, ჰაერში სროლა დაიწყეს და მოსახლეობის ინფორმირებას ცდილობდნენ. ბუნებრივია, პანიკა დაიწო.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კუნძულზე ამ მასშტაბის სტიქიური უბედურება მოხდა და მისი მართვის გამოცდილება არავის ჰქონდა. მოსახლეობა სახლებიდან გარბოდა, მაგრამ მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ წყლის უზარმაზარ ტალღებს ვერსად გაექცეოდნენ... ზოგიერთი მათგანი სახლის სახურავზე ავიდა, თუმცა 8-10 მეტრის სიმაღლის ტალღებმა ქალაქის ყველა შენობა შთანთქა, ავეჯი, ნივთები და ადამიანების ცხედრები ქუჩაში ეყარა...
ადგილობრივებს, ვინც ბორცვებზე ასვლა შეძლო და ამ გზით გადარჩა, ქვემოთ ჩამოსვლა აუკრძალეს. თუმცა, ადამიანებს ეშინოდათ, რომ მძარცველები მათ ნივთებს მოიპარავდნენ. არ იცოდნენ, რა მდგომარეობაში იყო მათი სახლი, ძვირფასეულობა. ამიტომ, ზოგიერთმა მათგანმა გადაწყვიტა, ქვემოთ ჩასულიყო.

40 წუთში ცუნამი ისევ გააქტიურდა და ამჯერად, 10-მეტრიანი ტალღა ბევრად დამანგრეველი აღმოჩნდა. წაიღო მანქანები, კერძო შენობები და ავზები, დაანგრია ქარხნები, გემებიც კი ნაპირზე გამორიყა. ადამიანები ნანგრევების ქვეშ იხრჩობოდნენ. ამას ემატებოდა ისიც, რომ ნოემბერი იყო და უკვე ძალიან ციოდა.
მოგვიანებით, სეისმოლოგებმა განაცხადეს, რომ შემაღლებულ ადგილზე დარჩენით მოსახლეობა მაინც ვერავინ გადარჩებოდა, რადგანაც ტალღები არ ჩერდებოდა. ის სულ უფრო მძლავრი და მაღალი იყო. სკოლა, საავადმყოფო და თევზის გადამამუშავებელი ქარხანა განადგურდა, მხოლოდ ელექტროსადგური გადარჩა
ცუნამმა გავლენა მოახდინა არა მხოლოდ სევერო-კურილსკზე, არამედ ახლომდებარე მეთევზეთა სოფლებზე, დასახლებებსა და სამხედრო ბაზებზეც. თავდაპირველად, სახალინის ოლქის პოლიციამ 2336 დაღუპულის შესახებ განაცხადა, თუმცა ორი დღის შემდეგ ეს რიცხვი 8000-მდე გაიზარდა. რეალური რიცხვი, სავარაუდოდ, 14000-ს უახლოვდება, რადგან ბევრი მეთევზე და ვიზიტორი კუნძულებზე არალეგალურად ცხოვრობდა.

იმავე დღეს, პარამუშირისა და შუმშუს კუნძულებზე სამაშველო ოპერაციები დაიწყო. სამხედრო მაშველებმა დაშავებულების ევაკუაცია დაიწყეს და 26 960 გადარჩენილი სასწრაფოდ გადაიყვანეს პრიმორეში. ესენი ძირითადად სევერო-კურილსკის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ადამიანები იყვნენ, რომლებიც ცუნამისგან მნიშვნელოვნად არ დაზარალდნენ. არა მხოლოდ ადგილობრივი მაცხოვრებლები, არამედ სამხედრო პერსონალიც ნახოდკაში, ვლადივოსტოკსა და პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიში იყვნენ ევაკუირებულნი, რის შედეგადაც იაპონიასთან საზღვარი დაუცველი დარჩა...
ამის გაცნობიერების შემდეგ, სსრკ-ის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ დაუყოვნებლივ გადაწყვიტა, ტრაგედია მკაცრად გაესაიდუმლოებინა. ის ფაქტი, რომ ქვეყნის აღმოსავლეთი ნაწილი დაუცველი იყო, იაპონიისთვის, შეერთებული შტატებისთვის და ჩინეთისთვის სრულად უნდა დაემალათ.

გარდა ამისა, 1952 წლის 7 ნოემბერს მთელმა ქვეყანამ ოქტომბრის რევოლუციის 35-ე წლისთავი აღნიშნა და ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს ამ მოვლენის გაფუჭება საგანგებო სიტუაციის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებით არ სურდა. უფრო მეტიც, ყველას, ვინც 5 ნოემბერს კურილის კუნძულებზე მომხდარ ტრაგედიას ახსენებდა, დაპატიმრებითა და მკაცრი სასჯელით ემუქრებოდნენ.
სევერო-კურილსკი 10 თვეში აღადგინეს, თუმცა ახალი ქალაქის გეგმა სრულიად განსხვავებული იყო. ის სეისმური სადგურის პირველ პროტოტიპს მოიცავდა, ქალაქის ყველა მთავარი შენობა კი უფრო მაღალ ადგილას გადაიტანეს.
ცუნამის შემდეგ ევაკუირებულთა უმეტესობა პარამუშირში აღარ დაბრუნებულა. როგორც ამბობენ, მოგონებები მათთვის ძალიან მტკივნეული იყო. დღეს სევერო-კურილსკში, დაახლოებით, 3000 ადამიანი ცხოვრობს, შუმშუს კუნძული კი სრულიად დაუსახლებელია.