"ძალიან შეიცვალა ჩემი ბავშვი, სახლში გვიან მოდის, ალკოჰოლის სუნი აქვს..." - ფსიქოლოგთან დედის ჩანიშნული ვიზიტი, რომლის შვილი 40 წლამდე "ბავშვი" ღმოჩნდა - მშობლები

"ძალიან შეიცვალა ჩემი ბავშვი, სახლში გვიან მოდის, ალკოჰოლის სუნი აქვს..." - ფსიქოლოგთან დედის ჩანიშნული ვიზიტი, რომლის შვილი 40 წლამდე "ბავშვი" ღმოჩნდა

2025-12-28 09:32:46+04:00

ფსქოლოგი ქეთი თავართქილაძე თავისი პრაქტიკიდან საინტერესო შემთხვევას იხსენებს. საქმე ზრდასრულ შვილებს ეხებათ, რომლებსაც მშობლები 40 წლის ასაკშიც კი ბავშვებად აღიქვამენ.

ამის შესახებ ქეთი თავართქილაძემ აჭარის ტელევიზიაში გადაცემა "პროექციაში" ისაუბრა:

"მაშინ ბავშვებთან ვმუშაობდი. დაირეკა ზარი. დედა ამბობდა: "მინდა მივიყვანო თქვენთან ბავშვი. ძალიან შეიცვალა ბოლო დროს, ჩემთვის უცნობი მეგობრები შეიძინა, სახლში გვიან მოდის, ხან ალკოჰოლის სუნი აქვს"... მე ჩავთვალე, რომ არის თინეიჯერი. დედა დავამშვიდე. ვუთხარი, რომ ისეთი არაფერია, ჩავინიშნოთ ვიზიტი, ბავშვის ასაკი მითხარით-მეთქი. მითხრა, რომ მისი ბავშვი არის 38 წლის... ეს მოგონილი ამბავი არაა...

ამას დადანაშაულებას ნუ დავარქმევთ, დავარქვათ შეცდომა, რადგან დედა ამას განზრახ არ აკეთებს. თუმცა ეს ყველაფერი რომ ადამიანს ზიანს არ აყენებდეს, ამდენს არ ვისაუბრებდით და არ ვინერვიულებდით პროფესიონალები. ამით მშობელი პირველ რიგში ბავშვს აზიანებს. უნერგავს აზრს, რომ ყველაფერი მე უნდა გაგიკეთო, უჩემოდ ვერ იქნები, შემდეგ ვღებულობთ ამ შედეგს.

ადამიანის სიმწიფის მთავარი მაჩვენებელი საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობის აღების უნარია. როცა მუდმივად მშობელი იღებს ამ პასუხისმგებლობას, შვილს ეს უნარი ვერ განუვითარდება. შემდეგ ექნება თავდაჯერებულობის ნაკლებობა, ყველაფერი რომ სხვას უნდა ჰკითხოს, ყველაფერი სხვას უნდა გადააბრალოს. ყველაზე სახიფათო ისაა, რომ ეს ხშირად ოჯახში თაობიდან თაობაზე გადადის. შეიძლება სულაც არ მოსწონდა შვილს თავის დროზე ასეთი ზემზრუნველობა, მაგრამ იმავე მოდელით აგრძელებს თავად შვილებთან ურთიერთობას. ბევრისგან მომისმენია, რომ მე ასე ვიყავი,მაგრამ ჩემს შვილებთან არ ვიქნები ასე. თუმცა საბოლოოდ მაინც არ გამოსდით სხვანაირად. იგივეს აკეთებენ უმეტესად." - ამბობს ქეთი თავართქილაძე.