ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორიმარი მალაზონია გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს, როგორ გვეხმარება მაწონი ნაბახუსევზე:
- ნაბახუსევზე, ალკოჰოლით დატვირთვის შემდეგ, ადამიანის ორგანიზმი აღსადგენად გარკვეულ რესურსებს მოითხოვს. ჩვენ უნდა "შემოვირიგოთ" ის მიკროსამყარო, რომელსაც მიკრობიომი და მიკრობიოტა ჰქვია. რა თქმა უნდა, ამის შესახებ ჩვენმა წინაპარმა არ იცოდა, მაგრამ მან აღმოაჩინა, რომ მაწვნის მოხმარება ნაბახუსევის გადალახვის, ამ სინდრომის ადვილად დაძლევის შესაძლებლობას იძლევა. საქართველოს ძალიან ბევრ კუთხეში ასეთი გამოცდილება დაგროვილია. სამწუხაროდ, ეს ტრადიცია მივიწყებულია. არადა სამედიცინო თვალსაზრისით, უამრავი მტკიცებულება გვაქვს, როგორ შეიძლება, ალკოჰოლის და მისი გადამუშავების პროდუქტების, მასთან ასოცირებული საკვები პროდუქტების არასწორი, გადაჭარბებული მოხმარების შედეგების განეიტრალება ისეთი საშუალებით, როგორიც პრე, პრო და პოსტ ბიოტიკებით მდიდარი ჩვენი მამაპაპური მაწონია, რომელშიც არის ცოცხალი ბაქტერიებიც, მათთვის განკუთვნილი საკვებიც და მათი ცხოველქმედების პროდუქტიც. ეს ის დღეებია, როდესაც ისტორიის გახსენება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი კვებითი ისტორიები, ჩვენი კვებითი ტრადიციები გავიხსენოთ, მათ შორის, გამოზარხოშების დროსაც. მე ვფიქრობ, ეს ძალიან ბევრ ადამიანს წაადგება და ბევრად უფრო უმტკივნეულოდ დააძლევინებს იმ სირთულეებს, რაც აქვს, ვიდრე კვლავ ალკოჰოლთან დაბრუნება და კვლავ ალკოჰოლური სასმელებისა და მსუყე საკვების გამოყენება იმისთვის, რომ ადვილად გაუმკლავდეს ნაბახუსევს.