სოციალურ ქსელში გვერდი "Mariami and China" აქვეყნებს ვიდეოს, თუ როგორ შეგვიძლია, გავარჩიოთ, რამდენად უსაფრთხოა ჩინური ტანსაცმელი ჩვენი ჯანმრთელობისთვის:
- ბოლო 10 წელია, რაც ჩემი ტანსაცმლის 90% ან ჩინეთში ნაყიდია ან ჩინეთიდან გამოწერილი. არსებობს 4 უმარტივესი წესი, რომლებიც გეხმარებათ, არა მარტო ჩინეთიდან, არამედ მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან ნაყიდი ტანსაცმელი გაარჩიოთ, რამდენად მავნეა ჯანმრთელობისთვის.
პირველი, არავითარ შემთხვევაში არ ვყიდულობთ მუქი ფერის საცვლებს. ეს იქნება ქალის, კაცის თუ ბავშვის. რადგანაც არსებობს შესაძლებლობა, რომ ეს საცვალი ადრე სხვა ფერის იყო, ძალიან დიდხანს იყო "ჩაწოლილი", ანუ ვერ გაიყიდა. შემდეგ ეს ცოტა გაჭუჭყიანებული და შელახული საცვლები შეღებეს. ყველაზე მარტივია მსგავსი პროდუქციის შავად შეღებვა. შავ საცვლებზე, თუ აბსოლუტურად არ ხართ დარწმუნებულები, როგორ არის ნაწარმოები, უარს ვამბობთ.
ასევე, შეძლებისდაგვარად მცირე რაოდენობით შეიძინეთ ისეთი კაშკაშა სამოსი, რომლებსაც ზემოდან ბრჭყვიალები აქვს. მით უმეტეს, თუ ეს ბრჭყვიალები სცვივა და კარგად არ არის დამუშავებული. ეს ბრჭყვიალები შემდეგ ვის სასუნთქ სისტემაში წავა, კაცმა არ იცის.
თუკი შეგხვდათ ჯინსი, რომელიც 5-დან 10 ლარამდე ღირს, არის საკმაოდ მოდური, გირჩევთ, რომ არ იყიდოთ. რადგანაც, ამ ჯინსების დამუშავებისას შესაბამისი სტანდარტები დაცული არ არის. 2021 წელს ჩაატარეს კვლევა, რომლის მიხედვითაც, სწორედ ასეთი, დაბალფასიანი ჯინსების უმეტესობა, სწორად დამუშავებული არ იყო. შესაბამისად, დღემდე გვირჩევენ, რომ მსგავს ტანსაცმელში ფული არ გადავყაროთ.
როდესაც ვყიდულობთ ტანსაცმელს, უნდა დავსუნოთ. კარგად შეამოწმეთ, ჰაერზე გაატარ-გამოატარეთ. თუ რაიმე მძაფრი სუნი აქვს, ეს შეიძლება, იყოს იმის ნიშანი, რომ როდესაც იღებებოდა, წესების დაცვით არ შეიღება. გარდა ამისა, როდესაც ტანსაცმელს ვყიდულობთ, აუცილებლად უნდა გავრეცხოთ, რადგანაც საღებავის ნაწილაკები ასე გამოვა. ასევე, უნდა დავაკვირდეთ ფერს. თუკი ტანსაცმელი ჩავდეთ წყალში, წყლის ტემპერატურა 30-დან 40 გრადუსამდე უნდა იყოს, და მან გაუშვა ფერი, თავისუფლად შეგიძლიათ, გადააგდოთ ან დააბრუნოთ.
ბოლოს, უმარტივესი მეთოდი, როგორ უნდა გაარჩიოთ ჩინური საიტებიდან გამოწერილი ტანსაცმელი, რამდენად უსაფრთხოა ჩვენთვის. გაითვალისწინეთ, რომ ეს ეხება მხოლოდ და მხოლოდ იმ საიტებს, რომლებიც განკუთვნილია თავად ჩინელებისთვის. რადგანაც, ჩინეთის კანონმდებლობა მკაცრად ავალდებულებს გამყიდველებს, რომ ტანსაცმელზე რამდენიმე იარლიყი იყოს.

თუ ჩინური არ იცით, ნუ შეგეშინდებათ. ამ იარლიყის გაგებისთვის ჩინური არ გჭირდებათ. აქ წერია ტანსაცმლის ნომერი, სად დამზადდა, რას შეიცავს. ესეც, რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ ვიცოდეთ, ბამბისაა თუ პოლიესტერის, მაგრამ ყველაზე მარტივი ხერხი, რომ გაიგოთ, ეს ტანსაცმელი შეიძლება თუ არა ჩაიცვათ, შემდეგია:
ამ წარწერაში, ბოლოში აქვს B. ჩინეთში სულ სამი სახე - A, B, C არსებობს.

A - ნიშნავს, რომ ტანსაცმელი 0-დან 3 წლამდე ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.

B - ეს ის სამოსია, რომელიც შეიძლება, მოხვდეს კანზე და არაფერს დაგვიშავებს.
C - ეს გვეუბნება, რომ ამ ტანსაცმლის ჩაცმა შეიძლება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანთან შეხება არ ექნება.

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ტანსაცმელს ეს მონაცემები არ აქვს? ეს ნიშნავს, რომ თავად გამყიდველმაც არ იცის, რამდენად საზიანოა ან არ არის საზიანო ჩვენი კანისთვის.