აღზრდა დარიგების გარეშე — როგორ ვესაუბროთ მოზარდს რომ მოგვისმინოს - მშობლები

აღზრდა დარიგების გარეშე — როგორ ვესაუბროთ მოზარდს რომ მოგვისმინოს

2025-12-29 12:21:52+04:00

დიპლომირებული მედიკოსი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორანტი მოზარდთა და ზრდასრულთა ფსიქოთერაპევტი - ზურაბ კიკვიძე.

ხშირად მშობლები მიზიარებენ გაუცხოვების განცდას, თითქოს შვილს ვეღარ ცნობენ და საყვარელი, დამჯერე ბავშვი, მოულოდნელად ხდება ფეთქებადი, ჩაკეტილი ან ზედმეტად კრიტიკული. იცვლება მოზარდის დამოკიდებულება, როგორც ოჯახის წევრების მიმართ ასევე სოციუმში მისი ქცევები და პოზიციონირება.

რატომ იცვლებიან ჩვენი შვილები?

მოზარდობა არის პერიოდი, როდესაც ირღვევა ძველი წონასწორობა და იწყება ახალი - იდენტობის ძიების ფაზა. მოზარდი ცდილობს გაარკვიოს: „ვინ ვარ მე სინამდვილეში?“ ამ კითხვაზე პასუხის საპოვნელად მას სჭირდება, რომ დროებით „გამოეყოს“ მშობელს, გაავლოს მკაფიო საზღვრები და ზოგჯერ დაუპირისპირდეს კიდეც არსებულ ღირებულებებს.

კონტაქტი — ხიდი მშობელსა და შვილს შორის

მოზარდებთან ფსიქოთერაპიისას ხშირად ვხედავ, რომ მშობელსა და შვილებს შორის ეს ხიდი ჩატეხილია. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ, უფროსები, ხშირად ვსაუბრობთ არა მოზარდთან, არამედ ჩვენს წარმოდგენებთან მასზე: „რატომ არ სწავლობ?“, „რატომ გაცვია ასე?“ და ა.შ

ნამდვილი კონტაქტი კი მაშინ მყარდება, როდესაც შვილს ვხვდებით „აქ და ახლა“. ნაცვლად დარიგებისა, სცადეთ დაინტერესდეთ მისი შინაგანი სამყაროთი. ბრაზობს? ნუ მიიღებთ ამას პერსონალურად. მისი აგრესია ხშირად არა თქვენს მიმართ, არამედ საკუთარი ავტონომიის დასაცავადაა მიმართული.

რა სჭირდება მოზარდს თქვენგან?

პირველი ეს არის ემოციების ვალიდაცია, მოზარდისთვის მნიშვნელოვანია იგრძნოს, რომ მისი ემოციები (თუნდაც ისინი თქვენთვის გაუგებარი იყოს) ლეგიტიმურია. ნაცვლად ფრაზისა „რა არის ამაში გასაბრაზებელი“, უთხარით: „ვხედავ, რომ ახლა ძალიან ბრაზობ და მე მზად ვარ მოგისმინო“.

ასევე მნიშვნელოვანია უსაფრთხო საზღვრები. მიუხედავად თავისუფლების მოთხოვნისა, მოზარდებს სჭირდებათ მშობელი, რომელიც დაუწესებს გონივრულ საზღვრებს, რაც მასში უსაფრთხოების განცდას შექმნის — მათ სჭირდებათ ადამიანი ვისაც ნებისმიერ სიტუაციაში დაეყრდნობიან.

გულწრფელი მშობელი - ნუ შეგეშინდებათ თქვენი სისუსტეების ჩვენება შვილისთვის. როცა მშობელი გულწრფელად ამბობს: „მეც ვიბნევი“, „მეც მეშინია“, ეს მოზარდს საშუალებას აძლევს, დაგინახოთ როგორც რეალური ადამიანი და არა როგორც მაკონტროლებელი.

რა რეკომენდაციებს მისცემდით მშობლებს

ყველა მშობელს გვაქვს გეგმები და ხედვები შვილის უკეთესი მომავლისთვის, რაც ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდილებებიდან გამომდინარეობს. მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ რომ ჩვენი შვილი სხვა ადამიანია, თავისი უნიკალური ცხოვრებისეული გზით. ამიტომ მივაწოდოთ მას ჩვენი ხედვები ისე რომ არ მოვახდინოთ მენტალური ტრავმირება და შევინარჩუნოთ ოქროს შუალედი.

დასასრულს, მინდა გითხრათ, რომ მოზარდობა არ ნიშნავს კრიზისულ პერიოდს, რომელიც უნდა განიკურნოს. ეს არის დიდი თავგადასავალი. თუ თქვენ შეძლებთ, იყოთ არა კრიტიკოსი, არამედ ცნობისმოყვარე თანამგზავრი, აღმოაჩენთ, რომ თქვენი შვილი საოცრად საინტერესო ადამიანია. ეს კი აუცილებლად პოზიტიურად აისახება თქვენს ურთიერთობებზე.

R