ეზოთერიკოსი ანზორ ოდიშარია გადაცემაში "დღის პოსტი" საუბრობს, რა რიტუალი უნდა შევასრულოთ ახალი წლის ღამეს, რომ წარმატება და კეთილდღეობა მოვიზიდოთ:
- ეს ჯადოსნური პერიოდია. დრო, როცა შეგვიძლია, ყველა სურვილი ჩავიფიქროთ და ასრულდება. მთავარია, ვირწმუნოთ.
უპირველეს ყოვლისა, წელთან დამშვიდობება მნიშვნელოვანია. გარდამავალ წელს უნდა ვთხოვოთ, რომ ყველა ნეგატიური ენერგია, ემოცია, განცდა, დანაშაული, რაც კი გვქონდა ამ წელს ჩადენილი, წაიღოს, მოგვაშოროს და ამის გამო შემდეგ წელს არ დაგვსაჯოს.
მე, მაგალითად, კართან რომ ფარდაგი გვაქვს, ვცვლი, ვაგდებ და ვეუბნები: "ძველი კვალი, ძველი წლის ნეგატივი ამას გაჰყვეს." ამ დროს უკვე ახალი გვაქვს მომზადებული. რიტუალის შესასრულებლად ცოცხიც ძალიან კარგია. რაიმე ნივთი არის საჭირო, რასაც ძველ წელს გავატანთ. ეს შეიძლება, იყოს, მაგალითად, საფულეც. ძველი მაისური, რომელიც აღარ გვინდა. პირველ რიგში, ამას ვაკეთებთ.
შემდეგ უკვე ენერგეტიკულად ნაძვის ხის გააქტიურება იწყება. აუცილებელია, სწორედ 31 რიცხვში, სანამ ახალი წელი შემოვა, ნაძვის ხეზე ერთი ახალი სათამაშო დავკიდოთ. როდესაც დაკიდებთ, თქვით: "ჩემი ბედნიერების ხე სახლში, რომელიც სიკეთესა და ბედნიერებას მოიზიდავს, გააქტიურდეს." ნაძვის ხის სათამაშოს საკუთარი ხელით გაკეთება კიდევ უკეთესია. თუ სათამაშო არ გვაქვს, შეგვიძლია, ლენტი შევაბათ. კანფეტი, ხილი დავდოთ... მნიშვნელოვანია, რომ სიცოცხლის ენერგია წამოვიდეს. შეიძლება, სახლში ბევრი ხელოვნური ნაძვის ხეც გვქონდეს. მაგრამ, სასურველია, რომ ერთი იყოს და მასზე გადავიტანოთ ყურადღება. ცენტრალური ერთი ნაძვის ხეა. თუ ადამიანს უხარია, უნდა და მოსწონს ბევრი ნაძვის ხე, ამაში ცუდი არაფერია. სიმბოლურად - პატარა ნაძვის ხე იქნება თუ გრანდიოზული, მნიშვნელობა არ აქვს. ეს სიმბოლოა და გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.
საახალწლო სუფრა მართლაც ჯადოსნურია. თუ რაიმეს ყურადღება უნდა მიექცეს, არის ეს. პირველ რიგში, საახალწლო სუფრაზე ფულის თილისმა უნდა გავამზადოთ. ვიღებთ იმ თეფშს, რომლიდანაც უნდა მივირთვათ. წინასწარ, ოჯახის წევრმა, თეფშის ქვეშ ნებისმიერი კუპიურა უნდა ჩადოს. ყველას უნდა ედოს კუპიურა. როდესაც ახალი წელი შემოდის, ერთმანეთს მივულოცავთ, ჩუმად ფული უნდა "გამოვაპაროთ" და ჯიბეში შევინახოთ ან საფულეში გადავიტანოთ. ეს წლის ბარაქის მოზიდვის რიტუალია. მინიმალური კუპიურა შეიძლება, 1-ლარიანი იყოს. შეგვიძლია, ნებისმიერი კუპიურა, ხურდა, მთავარია, ფულის ნომინალი იყოს. ეს ფული არ უნდა დავხარჯოთ, მთელი 1 წლის განმავლობაში უნდა შევინახოთ.
ბედისწერის ხაზები რომ გავხსნათ, საჭიროა, ლენტი. ფერს მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ, სასურველია, წითელი იყოს. ოქროსფერიც შეიძლება. წელზე უნდა შემოვიხვიოთ და ჭიპთან შევიკრათ. როცა ახალი წელი შემოვა, კვანძზე უნდა გავჭრათ და ვთქვათ: "შეკრული ვიყავი და განვიხსენი." ლენტი შეგვიძლია, დავწვათ, მოვიშოროთ - მას არ ვინახავთ.
როდესაც სურვილს ჩავიფიქრებთ, ჯობს, ეს სილაღით, ბედნიერებით გავაკეთოთ. ემოცია ძალიან მნიშვნელოვანია. 1-ელი იანვრიდან 12 იანვრამდე ჯადოსნური პერიოდია. ეს ბედობის დღეებია. როგორც გავატარებთ ამ დღეებს, ეს ჩვენი ბედისწერისთვის მნიშვნელოვანია. კარგი იქნება, თუ მეკვლეობის ტრადიციას გავაგრძელებთ, შემოვყაროთ ხურდები, ფულები და ასე შემდეგ.
როცა ცაზე დავინახავთ ფეიერვერკს, როდესაც იქნება ხმაური, როცა შეიძრება ცა, ყველა როცა ულოცავს ერთმანეთს ახალ წელს, ეს მომენტი ყველაზე ჯადოსნურია. ამ მომენტში, ამ პერიოდში ჩაფიქრებული სურვილი ყველაზე მარტივად და სწრაფად სრულდება, ყველანაირი რიტუალის გარეშე. მთავარია, ამ დროს კონცენტრირებული ვიყოთ ჩვენს სურვილზე და სწორად ჩავიფიქროთ. "2026 წელს მზად ვარ, დიდი წარმატებისთვის" - ასეთი ფორმულირებით უნდა ჩავიფიქროთ.
სურვილების ჩამოწერაზე როდესაც ვსაუბრობთ, წელს ეს 2 იანვარს უნდა გავაკეთოთ. 5 რიცხვში ჯანმრთელობის დღეა. ამ დღეს ჯანმრთელობის პრობლემებზე წუწუნი არ შეიძლება. ბედისწერისთვის, პარტნიორული ურთიერთობებისათვის წელს 8 რიცხვი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 8 რიცხვში შეძენილი ნებისმიერი სიმბოლური საჩუქარი, ეს იქნება ბეჭედი, სამაჯური, სიმბოლო, მნიშვნელოვანია. ქალბატონებმა უნდა იყიდონ რაიმე ნივთი, მამაკაცის ელფერით. მაგალითად, ქამარი ან ჩანთა. მამაკაცს შეუძლია, იყიდოს გამხმარი ყვავილები, სუნამო, მოტკბო სუნით, რომ ცხოვრებაში მეორე ნახევარს "დაუძახონ".