4 ყველაზე მძიმე და მავნებელი კერძი ჩვენს საახალწლო სუფრებზე - მშობლები

4 ყველაზე მძიმე და მავნებელი კერძი ჩვენს საახალწლო სუფრებზე

2025-12-30 11:14:09+04:00

"ჩვენმა სხეულმა არ იცის, რომ დღესასწაულია, მისთვის ეს სერიოზული სტრესია"

ახალი წელი ყოველთვის ასოცირდება უხვ სუფრასთან, საყვარელ ტრადიციულ კერძებთან და აზრთან, რომ წელიწადში ერთხე თავს შეგიძლია უფლება მისცე, რომ ისიამოვნო ყველა კერძით, რაც კი გიყვარს. სამაგიეროდ ორგანიზმი არ აღიქვამს დღესასწაულს როგორც გამონაკლისს — მისთვის ზედმეტი ცხიმი, მარილი და მძიმე კომბინაციები ახალ წელსაც ისეთივე სტრესია, როგორც ჩვეულებრივ დღეებში, მით უმეტეს მაშინ, როცა გადატვირთული ჭამა რამდენიმე დღეს გრძელდება.

რა თქმა უნდა, საახალწლო სუფრა თავისთავად საფრთხე არ არის — პრობლემები იწყება მაშინ, როცა კლასიკურ კერძებს დიდი რაოდენობით და ერთმანეთთან შეუთავსებლად მივირთმევთ.

ოლივიე

რატომრაც დღემდე ტრადიციული სუფრის ნაწილია და ბევრ ოჯახში ახალი წლის სიმბოლოდაც ითვლება, თუმცა გასტროენტეროლოგიური თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე მძიმე სალათად რჩება. ძირითადი პრობლემა მაიონეზიანი სოუსია — ინდუსტრიულ პროდუქტებში ხშირად გვხვდება ტრანსცხიმები და მოდიფიცირებული მცენარეული ზეთები, რომლებსაც ორგანიზმი რთულად ითვისებს და ანთებით პროცესებს აძლიერებს. ერთი საშუალო ულუფა ხშირად ქოლესტერინის დღიური ნორმის ნახევარზე მეტს შეიცავს. თუ ოლივიეს ერთვის შებოლილი ნაწარმი, ყველი და ცხელი კერძები, სისხლძარღვებზე დატვირთვა საგრძნობლად იზრდება.

სალათი "შუბა"

საბჭოთა ცხოვრებიდან "შუბაც" შემორცა ჩვენს სადღესასწაულო სუფრებს. ამ სალათის მთავარი რისკი მარილის სიჭარბეა. ქაშაყი ბუნებრივად ძალიან მარილიანია და მაიონეზთან ერთად ორგანიზმზე დატვირთვა მნიშვნელოვნად იზრდება. ჭარბი მარილი არღვევს წყალმარილის ბალანსს, იწვევს სითხის შეკავებას, შეშუპებას და შესაძლოა არტერიული წნევის მატებაც გამოიწვიოს. დამატებით პრობლემას ქმნის მოხარშული ჭარხალი და სტაფილო — მათ მაღალი გლიკემიური ინდექსი აქვთ და სისხლში შაქრის სწრაფ მატებას იწვევს, რაც განსაკუთრებით არასასურველია დიაბეტის ან ინსულინრეზისტენტობის დროს.

ღორის ხორცი

ღორის ხორცი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ცხოველურ პროდუქტად. მასში მაღალია გაჯერებული ცხიმების შემცველობა, რაც ანელებს მონელებას და აძლიერებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ანთებით პროცესებს. განსაკუთრებით პრობლემურია შემწვარი ან ცხიმიანი სოუსებით მომზადებული ღორის ხორცი, რომელიც ზრდის ქოლესტერინის დაგროვების და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.

ხაჭაპური და ცომეული

ხაჭაპური და სხვა ფქვილოვანი საკვები ცხიმთან და ცილასთან ერთად რთულ კომბინაციას ქმნის მონელებისთვის. დიდი რაოდენობით მიღებისას ისინი იწვევს სიმძიმეს, ენერგიის მკვეთრ დაქვეითებას და სისხლში შაქრის რყევებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა სუფრაზე უკვე ბევრი ცხიმიანი კერძია წარმოდგენილი.

როგორ შევინარჩუნოთ ზომიერება დღესასწაულზე

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ საყვარელ კერძებზე სრულ უარს არავინ ითხოვს. მთავარი პრინციპი ზომიერებაა. მცირე ულუფა ზიანს არ მიაყენებს ორგანიზმს, თუ მძიმე კერძები მსუბუქით მონაცვლეობს, სუფრაზე მეტი ახალი ბოსტნეულია, სვამთ საკმარის წყალს და არ ჭამთ მხოლოდ „კომპანიისთვის“.