ბრიჯიტ ბარდომ ეკრანზე არაერთი დასამახსოვრებელი როლი შექმნა და უამრავი გულშემატკივარი შეიძინა. თუმცა, მისი დიდების უკან იმალებოდა ისტორია, რომელსაც ის თავის ყველაზე მტკივნეულ შეცდომად მიიჩნევდა. მან ერთადერთ შვილზე, ნიკოლაზე, უარი თქვა და არასდროს დაუმალავს, რომ დედობა არ სურდა. ეს ამბავი ფრანგული კინოს სიმბოლოს ბიოგრაფიაში ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ თავად იქცა. ბრიჯიტ ბარდო საკუთარ შვილს "სიმსივნეს" ადარებდა...
ყველაფერი 1959 წელს დაიწყო. 25 წლის ბრიჯიტ ბარდო დიდებისა და თავისუფლების მწვერვალზე იმყოფებოდა. მაშინ მსახიობს ურთიერთობა ჟაკ შარიესთან ჰქონდა. მაგრამ, როდესაც გაიგო, რომ ორსულად იყო, ბედნიერება მალევე იმედგაცრუებაში გადაიზარდა. იმ პერიოდში საფრანგეთში აბორტი მკაცრად აკრძალული იყო. ამიტომ, ბრიჯიტ ბარდომ ბავშვის მოშორება ვერ შეძლო. ბარდო ჟაკ შარიეზე დაქორწინებას დათანხმდა. შარიეს მამობის იდეა განსაკუთრებით მოსწონდა და ამ ამბით ბედნიერი იყო, რასაც ბარდოზე ვერ ვიტყვით.

ბარდომ ორსულობის ცხრა თვე თავის პარიზულ სასახლეში გაატარა. კართან უამრავი პაპარაცი ელოდებოდა. პაპარაცებს სურდათ, ორსული მსახიობი გადაეღოთ და ფოტოები გაევრცელებინათ. თუმცა, ბარდო სახლს არ ტოვებდა. როგორც მოგვიანებით მემუარებში დაწერა, საკუთარი სხეული სძულდა და სასოწარკვეთილი იყო. 1960 წლის 11 იანვარს სახლში იმშობიარა, მას და ჟაკ შარიეს ვაჟი, ნიკოლა-ჟაკი შეეძინათ.
ბრიჯიტ ბარდოს დედობრივი ინსტინქტი არასდროს გასჩენია. მან შვილის ძუძუთი გამოკვებაზე უარი თქვა, მშობიარობიდან რამდენიმე დღეში კი გადასაღებ მოედანზე დაბრუნდა. გადასაღებ მოედანზე ბრიჯიტ ბარდომ მსახიობ სამი ფრეისთან დაიწყო რომანი. როდესაც ჟაკ შარიემ ცოლის ღალატის შესახებ გაიგო, განქორწინება მოითხოვა.
სასამართლო პროცესზე ბრიჯიტ ბარდომ შვილისთვის ბრძოლაზე უარი თქვა და გამოაცხადა, რომ მზრუნველობა თავად უფრო სჭირდებოდა. ბიჭი ოფიციალურად 1963 წლიდან მამასთან იზრდებოდა და დედას ძალიან იშვიათად ხვდებოდა.

ერთხელ, როდესაც ნიკოლა 12 წლის იყო, დედას შეხვდა და სთხოვა, რომ მასთან დარჩენილიყო. თუმცა, ბრიჯიტ ბარდომ უთხრა, რომ მნიშვნელოვან სტუმრებს ელოდებოდა. ეს სცენა მათი ურთიერთობის მტკივნეულ სიმბოლოდ იქცა.
ნიკოლამ ეკონომიკის მიმართულებით ისწავლა, მღეროდა და პიერ კარდენთან მოდელადაც კი მუშაობდა.


1980-იანი წლების დასაწყისში ნორვეგიელ მოდელ ანა-ლინ ბიორხანს შეხვდა, შეუყვარდა და მასთან ერთად ოსლოში გადავიდა საცხოვრებლად. 1984 წელს ის საყვარელ ქალზე დაქორწინდა. ქორწილში დედა არ მიუწვევია. წყვილს ორი ქალიშვილი - ანა კამილა და თეა ჟოზეფინა შეეძინა.
დედასთან ურთიერთობის ახალმა ეტაპმა კიდევ ერთი სკანდალი გამოიწვია. 1996 წელს ბარდომ გამოაქვეყნა თავისი საკამათო მემუარები "ინიციალები B.B.", რომელშიც მან კიდევ ერთხელ, შემზარავი გულწრფელობით აღწერა, როგორ არ სურდა შვილი, როგორ იტანჯებოდა ორსულობის დროს და უფლება რომ ჰქონოდა, დედობაზე უარს სამუდამოდ იტყოდა...

მისმა სიტყვებმა, რომ "ძაღლის გაჩენა ერჩივნა", მთელი მსოფლიოს პრესა მოიცვა. ამ ამბავმა ნიკოლა და მისი მამა განსაკუთრებით აღაშფოთა. მათ მსახიობს პირადი ცხოვრების ხელყოფისთვის სასამართლოშიც კი უჩივლეს და ეს პროცესი მოიგეს. შედეგად, ბრიჯიტ ბარდოს, მნიშვნელოვანი კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.
სხვათა შორის, ბრიჯიტ ბარდოს ცხოველები განსაკუთრებით უყვარდა და მათ დასახმარებლად საკუთარი ფონდიც კი შექმნა.
წლების განმავლობაში მათ არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდათ. თუმცა, 2018 წელს ბარდომ განაცხადა, რომ ის და მისი ვაჟი ერთმანეთს წელიწადში ერთხელ ხვდებიან და რომ ის ასევე შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს ხვდება.
გარდა ამისა, 2024 წელს ჟურნალ Paris Match-თან ინტერვიუში მან ასეთი რამ თქვა: "მე ნიკოლას დავპირდი, რომ მასზე აღარასდროს ვისაუბრებდი." ბევრმა მსახიობის სიტყვები ჩუმ სინანულად ჩათვალა და აღნიშნა, რომ ბრიჯიტ ბარდომ საბოლოოდ გააცნობიერა, რომ შვილის პირადი ცხოვრებისთვის პატივი უნდა ეცა.
მსახიობი რამდენიმე დღის წინ, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.