აღმოსავლურ კალენდარს თუ მივყვებით, 2026 წელი ცეცხლოვანი ცხენის იქნება. რას "მოუტანს" ეს სამყაროს, ამის შესახებ სხვა რუბრიკებში ისაუბრებენ, ჩვენ კი ისეთი რესპონდენტები შევარჩიეთ, ვისაც, შეიძლება ითქვას, ცხენის ენა ესმით და ბავშვობიდან მასთან არიან შეზრდილი. კასპის რაიონის სოფელ თეზში არის რანჩო, საცხენოსნო ტურიზმის პლატფორმა, რომლის პატრონი ახალგაზრდა მეუღლეები, ლაშა გაგოიძე და ანა ნადირაძე არიან. ლაშას თქმით, ცხენი მას დიდ ენერგიას აძლევს და ეხმარება, რომ აქტიურად იცხოვროს.
ლაშა გაგოიძე:
- წარმოშობით თუში ვარ, ზაფხულს შენაქოში ვატარებდი, იქ გავიზარდე და ცხენის სიყვარულიც იქიდან მომდევს. ბავშვობაში, 90-იან წლებში, როცა ტურიზმი საქართველოში არც არსებობდა, ჩვენთან მთაში ძირითადი საქმიანობა მეცხოველეობა იყო. ჩვენც გვყავდა საქონელი და ცხენები. 6 წლისას ცხენი გამომიყვეს, თუმცა მერე როგორც მივხვდი, ჩემი თავი ძალიან ჭკვიან ცხენს ჩააბარეს, შემეძლო საღამოობით თავისუფლად გამომეყენებინა ხბორებისა და საქონლის მოსარეკად. 9 წლისამ თუშეთში დოღში პირველად მივიღე მონაწილეობა და დოღის ადრენალინით "მოვიწამლე".
- ჯირითი რა ემოციებს აღძრავს?
- გინდა სწრაფად გააჭენო, ან ისეთ რელიეფზე, რომელიც უსაფრთხო არ არის, ტყეში შევარდე გაჭენებული ცხენით, ხეებსა და ტოტებში სწრაფად გაიარო. ცხენის ჭენებისას გამოყოფილი ადრენალინი, თავისუფლების განცდას ბადებს და ეს უდიდესი სიამოვნებაა...
ანა ნადირაძე:
- ცხენები ბავშვობიდან მიყვარდა, მაგრამ ჩემთვის მიუწვდომელი იყო, თუმცა სადაც შემხვდებოდა, აუცილებლად ვჯდებოდი. ძირითადად, ციფრულ სივრცეში ვიყავი, სტარტ-აპებში, ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ამ საქმეს დავუკავშირდებოდი. მე და ლაშა მაგისტრატურაზე სწავლისას შევხვდით, აღმოვაჩინეთ, რომ ცხენები ორივეს გვიყვარდა.
მაგ მარშრუტზე დავემგზავრე და მითხრა, ამ ექსპედიციის დროს საქართველოში ისეთი ადგილები ვნახე, რომლებსაც როგორც ტურისტულ პაკეტს, არავინ ყიდის, ჩვენ შეგვიძლია ეს ტურები გავყიდოთ. შენ ციფრული ამბები იცი, მე ცხენი მესმის და ეს უნარები გავაერთიანოთო. ასე დავიწყეთ ბიზნესი. შემდგომ სტარტ-აპად ვიქეცით, რომელიც საქართველოს გარშემო საცხენოსნო ტურს აერთიანებს. მოთხოვნაც გაჩნდა და ამ ყველაფრის განსავითარებლად გადავწყვიტეთ, თბილისთან ახლოს მიწა გვეყიდა. განაგრძეთ კითხვა