ანასტასია ბენდუქიძე გვანცას პოდკასტს სტუმრობდა და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა - თუ როგორ რთულად დაძლია პოსტსამშობიარო დეპრესია, როგორ ებრძვის საკუთარ თავში მსხვერპლის კომპლექსს, როგორ ცდილობს საზღვრების დაწესებას შვილებთან, როგორ ეხმარება ქმრის ბებია, რომელსაც ბებიამთილს ეძახის, რატომ მიაჩნია ახალი წელი "მატყუარა" დღესასწაულად და ა.შ. ასევე ისაუბრა იმაზე, როგორ შეარჩია ძიძები შვილებისთვის და ბაღი უფროსი ბიჭისთვის. მისი თქმით, მთავარი, რასაც ეძებს ადამიანებში, ვინც მისი შვილების გვერდით იქნებიან, მხიარული ხასიათია:
- ჩემს ცხოვრებაში ისე მოხდა, რომ ყველაზე აქტიურად ჩართული ოჯახის წევრი ბებიამთილია. მე სხვა არავინ არ მყავს საქართველოში. ჩემი ქმრის ოჯახი სხვა ქვეყანაში ცხოვრობს, ჩემი ოჯახიც საზღვარგარეთ არის. სულ ვამბობ, ჩემი ქმარი რომ მომწონს და მიყვარს, ეს ჩემი არჩევანია, მაგრამ მეუღლის ოჯახი რომ ასე მომწონს, ეს ღმერთის საჩუქარია. ერთი მხრივ კარგია, დედამთილთან რომ არ ვცხოვრობ, ასე ვთქვათ, კონტროლის ქვეშ რომ არ ვარ. მაგრამ რეალურად ძალიან მიყვარს ჩემი დედამთილი და ვფიქრობ, რომ სადმე ახლოს რომ ეცხოვრა, უკეთესობისკენ სხვანაირი ცხოვრება მექნებოდა.
ორი ძიძა მყავს და მგონი, ყველაზე მხიარული ძიძები არიან მათ შორის, რაც მინახავს საქართველოში. პირველი ძიძა გვყავდა სასწაული, უბრალოდ მერე ვიფიქრეთ, რომ ძნელი იქნებოდა ორ ბავშვთან ერთად, რადგან დიდი სხვაობაა ასაკში - 4 წელი, ამიტომ დაგვჭირდა მეორე ძიძა. ერთი ძალიან სასიამოვნო ქალბატონი მოვიდა, მაგრამ არ იყო აქტიური და მხიარული, ძალიან მშვიდი იყო, ყველაფერზე თანახმა. მე ვგრძნობ, რომ ძიძა, რომელიც საკმაოდ დიდ დროს ატარებს ჩემს შვილთან, უნდა იყოს ჩემნაირი. მე მხიარული ვარ, სიმღერით ვაკეთებ ყველაფერს. ჩემი პირველი ძიძაც ზუსტად ეგეთია... ორი თვის მერე დავითხოვე ეს ქალბატონი... მანამდე ვთხოვე, ცოტა გახსნილიყო, ემღერა, ემხიარულა, მაგრამ არ იყო მის ხასიათში... შეიძლება დღესაც არ ჯერა, რომ მაგის გამო გავუშვი. ზედმეტი ხელფასიც გადავუხადე და მერე სააგენტოს პირდაპირ ვუთხარი, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩემი ძიძა იყოს მხიარული. შეიძლება დააგვიანდეს, საჭმელი არ მოამზადოს, მაგრამ იყოს მხიარული. ეგ იყო ჩემთვის ნომერ პირველი მოთხოვნა.
ასევე მაქვს პრიორიტეტები, და რაღაც არ იყოს პრიორიტეტი და არ მივაქციო ყურადღება. მაგალითად, ბევრი მაქვს წაკითხული იმაზე, რომ არაა საჭირო ყოველ წამს შექება და "ყოჩაღ"-ის ძახილი, როცა ბავშვმა მარტივი რაღაც გააკეთა, რაღაც მოგიტანა. ჯობს უთხრა მადლობა. ყოჩაღ - მხოლოდ დამსახურებისამებრ. უნდა შევაქოთ, მაგრამ აზრიანად. ჯობს მიიღოს დამსახურებული შექება და ელემენტარული ქმედებებისთვის - უბრალოდ, მადლობა.
ასევე არის პრიორიტეტი, რომ უარს ვამბობ ტკბილეულზე და როცა 6 თვიდან მყარ კვებაზე გადადის, 3 რამ არის, რაც არ შეიძლება - მარილი, შაქარი და თაფლი. თაფლი ბოტულიზმის საშიშროების გამო. ოღონდ ეს წესები ყველასთვისაა და ჩვენ არ ვაკეთებთ საკვებს მხოლოდ ბავშვებისთვის, ყველანი ერთნაირად მივირთმევთ ერთ სუფრასთან. არც ვუბლენდერებ.
ანასტასიას თქმით, ბავშვებთანაც ასე ცდილობს - აქვს გარკვეული საზღვრები და პრიორიტეტები. შეიძლება უარი არ უთხრას, საყვარელ სათამაშოსთან ერთად დაიძინოს ან თერმოსამოსით წავიდეს ბაღში, რადგან ეს მას არ აზიანებს, თუმცა დაუწესოს გარკვეული დროები და შეზღუდვები გარეთ ყოფნისას, კვებისას, მაღაზიაში შესვლისას.