მოდელი, ყოფილი მის საქართველო, ორი შვილის დედა ჯანეტ ქერდიყოშვილი ეკო ფანგანის რუბრიკას სტუმრობდა - "ფილტრის გარეშე". ფოტოალბომის კვალდაკვალ, ჯანეტმა ისაუბრა მშობლებზე, რომლებიც აფხაზეთიდან არიან წარმოშობით და ერთმანეთი პეტერბურგში გაიცნეს. 3-წლიანი ურთიერთობა ქორწინებით დაგვირგვინდა და პეტერბურგშივე გაჩნდა ჯანეტი და მისი ძმა ჯეკო. ხუთ წელიწადში კი მამამ საქართველოში წამოსვლა და აქ ცხოვრება გადაწყვიტა. ჯანეტის თქმით, ის მადლიერია მამის, ამ გადაწყვეტილების გამო, რადგან საქართველოში ყველაზე კარგად გრძნობს თავს.
ჯანეტმა ისაუბრა ძმაზე, რომელიც მისი ყველაზე ახლო მეგობარია და ასევე ტრაგიკულად გარდაცვლილ დაზე - ანეტაზე. მისივე თქმით, ანეტას გარდაცვალების შემდეგ ერთადერთი ოცნება ჰქონდა - შეექმნა ოჯახი და ჰყოლოდა ქალიშვილი.

გადაცემაში ასევე ისაუბრეს ჯანეტის წარმატებებზე "მის საქართველოზე", "მის სამყაროში" მონაწილეობაზე, იქ გაჩენილ მეგობრებზე, რომლებიც შემდეგ ჯანეტს ქორწილშიც ჰყავდა დაპატიჟებული. ასევე, მილანში სწავლის პერიოდზე, სადაც ჯანეტი დიზაინს სწავლობდა, "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობაზე. თუმცა ჯანეტის თქმით, მთელი ეს განვლილი გზა და წარმატებები არაფერია იმ შეგრძნებასთან შედარებით, რასაც დედობა ჰქვია.


- ახლა რომ ვაანალიზებ ჩემს ცხოვრებას, ვხვდები, რომ აი, რამდენი რაღაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი მქონდა, კარგი თუ ცუდი, მაგრამ ფასი არაფერს აქვს მას მერე, რაც შევუღლდი და მეყოლა ბავშვები. მთელი ჩემი გააზრებული ცხოვრება ვოცნებობდი, რომ მყოლოდა თბილი, მყუდრო, ქართული ოჯახი, რომელიც დღეს მაქვს და მადლობა ღმერთს, რომ ასეა. ჩემთვის ამას აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა. დღეს მე ვარ სავსე და ბედნიერი, რომ მყავს ასეთი მეუღლე და ორი პატარა.