Healthy Framework-ის პარტნიორის მაძიებელთა 61%-ს იზიდავს ის, ვინც მათ ინტერესებს იზიარებს. Pew Research Center-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 64% თვლის, რომ საერთო ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია ძლიერი ქორწინებისთვის, ვიდრე კარგი სექსი. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, აღმოჩნდება, რომ ეს მხოლოდ ზედაპირული შეფასებაა და საერთო ინტერესები რეალურად ჰარმონიულ ურთიერთობას ვერ აყალიბებს.
"როდესაც პირველად იწყებთ ვინმესთან შეხვედრას, შეიძლება, საინტერესო იყოს იმის აღმოჩენა, რომ ბევრი რამ გაქვთ საერთო. თუმცა, დროთა განმავლობაში, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ეს თქვენს ურთიერთობას არც უკეთესს და არც უფრო საინტერესოს ხდის." - ამბობენ ურთიერთობების ექსპერტები.
"ადამიანები ხშირად თავსებადობას ერთფეროვნებასთან ურევენ. ისიც მართალია, რომ ხშირად სწორედ განსხვავებები იწვევს პრობლემებსა და კონფლიქტებს. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ უნდა ვეძებოთ ისეთი ადამიანი, რომელიც ჩვენს ინტერესებს იზიარებს - ეს გაუგებრობებისა და უთანხმოებისგან დაგვიცავს." - ამბობენ ფსიქოლოგები.
მათი თქმით, ძალიან ხშირად მსგავსებების უარყოფით ასპექტებსა და განსხვავებების დადებით ასპექტებს უგულებელვყოფთ, მაშინ როცა ორივე საკმაოდ ბევრი და მნიშვნელოვანია.

როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, როდესაც ხვდებით ადამიანს, რომელსაც იგივე ინტერესები აქვს, ნაკლები შესაძლებლობა გაქვთ, თქვენი ჰორიზონტი გააფართოოთ. შესაძლოა, ორივემ მალე აღმოაჩინოთ, რომ ახალი რაღაცების მოსინჯვა შეწყვიტეთ. როდესაც დროის უმეტეს ნაწილს მსგავსი შეხედულებების მქონე ადამიანთან ერთად ატარებთ, ალტერნატიული პერსპექტივების მიღება და საკუთარის შეცვლა გაცილებით ძნელდება.
ფსიქოლოგების თქმით, განსხვავებული პერსპექტივები და ინტერესები მოწყენილობას, ერთფეროვნებას ხელს უშლის. სწორედ ეს განსხვავებები სიახლის შენარჩუნებაში გვეხმარება. ერთმანეთთან დროის გატარების შემდეგ დაბრუნება და საყვარელი ჰობისთვის თავის მიძღვნა ენერგიისა და შთაგონების შეგრძნებას შეგიქმნით. ერთად ყოფნისა და განშორების კომბინაცია არის ის, რაც წყვილში ჯანსაღ ბალანსს ქმნის.
ექსპერტების აზრით, მრავალფეროვანი ინტერესები პირადი სივრცისა და ინდივიდუალურობის შენარჩუნების გასაღებია. "ოჯახის გარეთ ცხოვრება უზრუნველყოფს, რომ თქვენი მეუღლე არ იყოს თქვენი კომუნიკაციისა და ემოციური კავშირის მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ერთადერთი წყარო. ეს ერთმანეთზე არაჯანსაღი დამოკიდებულების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია." - ამბობენ სპეციალისტები.
როდესაც ურთიერთობაში შევდივართ, არასდროს ვგეგმავთ განქორწინებას. თუმცა, თუ ეს მოხდება, მრავალფეროვანი ინტერესები გადარჩენაში დაგვეხმარება. ფსიქოლოგების თქმით, საყვარელი აქტივობები პარტნიორთან გატარებულ დროს არ შეგვახსენებს და ყურადღების გადატანაში ხელს შეგვიწყობს.

ერთად სირბილი შესანიშნავ იდეად მოგეჩვენებათ მანამ, სანამ არ გააცნობიერებთ, რომ თქვენი პარტნიორი თქვენზე სწრაფი და გამძლეა. არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე დასვენების აქტივობა, რომელიც შეჯიბრებად იქცევა - მას შეუძლია, თქვენი ინტერესები და სიამოვნების განცდა გაანადგუროს.
"ასევე, შეიძლება, აღმოაჩინოთ, რომ საერთო ჰობის მიმართ სხვადასხვა დონის ერთგულება გაქვთ: მაგალითად, კვირაში სამი დღე ვარჯიში თქვენთვის საკმარისია, მაშინ როცა თქვენი მეუღლე თვლის, რომ მინიმუმ შვიდი გჭირდებათ და აუცილებლად უნდა მიიღოთ მონაწილეობა შეჯიბრებებში. ამ შემთხვევაში, კონფლიქტი, მიუხედავად ვნების გაზიარებისა, გარდაუვალია." - ამბობენ ფსიქოლოგები.
"საზოგადოებამ გვაფიქრებინა, რომ საერთო ინტერესები რომანტიკულ თავსებადობას უდრის. სინამდვილეში კი, საერთო ინტერესები ბედნიერი და წარმატებული გრძელვადიანი ურთიერთობის შესაქმნელად საკმარისი არ არის." - ამბობენ ურთიერთობის სპეციალისტები.
ექსპერტების თქმით, გაცილებით მნიშვნელოვანი საერთო ღირებულებების სისტემა, საერთო მიზნები და ერთმანეთის განსხვავებულობის პატივისცემით მიღების უნარია.