თამუნა მუსერიძე საკუთარ პოდკასტში ბიოლოგიურ მამას, გურგენ ხორავას, სხვადასხვა საკითხზე ესაუბრება. მათ შორის, ჰკითხა იმაზე, თუ რა შეგრძნება ჰქონდა მას, როდესაც პირველად დაინახა შვილი, 40 წლის "დაგვიანებით":
- შოკი იყო... მაგრამ, სასიხარულო შოკი იყო. როგორ შეიძლება, შენს სისხლზე, ხორცზე, შვილზე თქვა: "არა, ბატონო... რატომ მოხვედი?!" ეს შენს იმიჯსა და კაცობაზე, აღზრდაზე, კულტურაზე მუშაობს. უბრალოდ, მსგავსებას ვაკვირდებოდი. ხალი დავინახე, დედაჩემს ჰქონდა ზუსტად ასეთი.
გურგენ ხორავა საუბრობს იმაზეც, თუ რატომ შეიძლება, დაემალათ მისთვის, რომ თამუნა მუსერიძის სახით შვილი ჰყავდა:
- არ ვიცი, ალბათ, ისევ იმ სიმკაცრის გამო, როგორც ლაპარაკობენ, მკაცრი ადამიანიაო. იმედი არ ჰქონდა და შეიძლება, ამიტომ. არ ვიცი, სხვაზე ლაპარაკი არ მიყვარს... ნაწყენი როგორ არ უნდა ვიყო?! წარმოიდგინე, 40 წლის განმავლობაში რამდენმა რაღაცამ ჩაიარა ისე, ჩემგან სითბო, თუნდაც სიმკაცრე რომ გაგეგო. ეს ყველაფერი ხომ მოგაკლდა შენც და მეც?! თუნდაც ის გაბრაზება, რომ გაგიჯავრდებოდი და რაღაცას გეტყოდი... ეს ხომ დაგვაკლდა ორივეს?!