პატივისცემა არ ნიშნავს საზღვრების დარღვევას
2025 წელს ბავშვთა მიმართ ძალადობისა და რეფერირების ტრენინგი ჩავატარეთ 5 მუნიციპალიტეტის 400-ზე მეტ აღმზრდელთან. ისტორიები, რომლებსაც ვისმენდით მონაწილეებისგან, იყო საგანგაშო და რეალური საფრთხე ნებისმიერი ჩვენგანისთვის. საფრთხე კი განსაკუთრებით იზრდება, როცა უფროსები დაკავებულები არიან დღესასწაულების ვალდებულებებით და ბავშვები ყურადღების მიღმა რჩებიან.
არდადეგებზე ხშირად ვიცვლით გარემოს. მივდივართ სოფელში, ნათესავებთან ან ვისვენებთ კურორტებზე, სასტუმროებში. ეს განტვირთვის პერიოდია, თუმცა სწორედ ამ დროს დგება ერთი უხილავი საფრთხე, რომელზეც ხმამაღლა იშვიათად ვსაუბრობთ.
როცა ბავშვი ხედავს, რომ ჩვენ სუფრასთან სტუმრებთან ერთად ვხალისობთ, მას უჩნდება განცდა, რომ ეს ხალხი დედას და მამას მეგობრები არიან, ესე იგი, მათგან ყველაფერი დასაშვებია.
მაგრამ სადღესასწაულო სუფრას ხშირად თან ახლავს ალკოჰოლი, რომელიც ადამიანებს ცვლის. ნასვამი „ბიძია“ ან „ახლობელი“ შესაძლოა გახდეს არაპროგნოზირებადი, ზედმეტად მომთხოვნი ან სულაც საფრთხის შემცველი ბავშვისთვის.
რა უნდა ავუხსნათ ბავშვს, სანამ მივიღებ სტუმრებს ან სახლისგან განახვავებულ გარემოში წავალთ?
ის, რომ ადამიანი ჩვენთან სახლშია ან ჩვენთან ერთად ზის სუფრასთან, არ ნიშნავს, რომ მას უფლება აქვს, ცალკე გაგიყვანოს, ჩაგეხუტოს ან გეთამაშოს ისე, როგორც შენ არ გსიამოვნებს.
5-6 წლის ბავშვს უკვე მარტივად შეგიძლიათ უთხრათ, როცა უფროსები ღვინოს ან სასმელს სვამენ, ისინი იცვლებიან. შეიძლება გახდნენ ზედმეტად ხმაურიანები ან უხეშები. თუ ხედავ, რომ ვიღაცას უცნაური სუნი აქვს ან სახეზე შეეცვალა გამომეტყველება, ნუ გაჩერდები მასთან მარტო, მოდი ჩემთან.
არასდროს დარჩე უცხო ადამიანთან (თუნდაც ნათესავის მეგობართან) მარტო ოთახში, სადაც კარი დაკეტილია. თამაში შეიძლება მხოლოდ იქ, სადაც სხვებიც გხედავენ (მისაღებში, ეზოში). თუ ვინმე გეუბნება წამო, მეორე ოთახში საიდუმლო გაჩვენო, მოდიხარ ჩემთან.
თუ კურორტზე ხართ სასტუმრო დიდი სახლი არ არის, ის საჯარო სივრცეა.
არ შევდივართ ლიფტში უცხო ადამიანთან ერთად მარტო.
არ გავდივართ დერეფანში სათამაშოდ უცხოების თანხლებით.
მშობლებო, ნუ დააძალებთ ბავშვს ნასვამი ნათესავების ან სტუმრების კოცნას და ჩახუტებას პატივისცემის გამო. თუ ბავშვი იბღვირება და გაურბის კონკრეტულ სტუმარს, დაუჯერეთ მის ინსტინქტებს. ბავშვი ხშირად უფრო კარგად გრძნობს საფრთხეს სხეულის ენით, ვიდრე ჩვენ.
განვიხილოთ კიდევ ერთი მაგალითი:
სუფრა, ხმაური, სტუმრები. ვიღაც კეთილი ბიძია (ნათესავი იქნება თუ სრულიად უცხო ადამიანი სასტუმროს დერეფანში) გავლა-გამოვლისას ჩერდება თქვენს 5 წლის შვილთან.
იწყება ლოყაზე თათუნი.
ბავშვი იბნევა, იკუმშება, თავს სწევს, მაგრამ უცხო არ ჩერდება.
შემდეგ მოდის კითხვები, რომლებიც ბავშვისთვის სრულიად გაუგებარი და უადგილოა
- „ბაღში დადიხარ?“
- „აბა ვისი გოგო ხარ?“
- „დედა უფრო გიყვარს თუ მამა?“
და ბოლოს, ყველაზე საშიში მანიპულაცია
- თუ მაკოცნინებ, შოკოლადს მოგცემ.
და ეს არ არის სითბო, ეს არის ემოციური ძალადობა!
რატომ არის ეს სახიფათო?
- როცა ბავშვს ვეუბნებით, რომ კოცნის სანაცვლოდ ტკბილეულს მიიღებს, ჩვენ მას ვასწავლით, რომ მისი სხეული გადახდის საშუალებაა. ეს ბავშვს სამომავლოდ მოძალადის წინაშე დაუცველს ხდის.
- როცა უცხო კაცი ბავშვს ლოყაზე ეხება და მშობელი ამ დროს იღიმის (რადგან არ უნდა, რომ უზრდელი გამოჩნდეს), ბავშვი იღებს გზავნილს „ჩემი დისკომფორტი არ არის მნიშვნელოვანი, მთავარია უფროსს არ ეწყინოს“.
- პირადი, ინტიმური კითხვები უცხო ადამიანისგან ბავშვს სტრესში აგდებს. ის იყინება და ელოდება თქვენს რეაქციას.
როგორ დავიცვათ ბავშვი?
ნუ მოგერიდებათ შენიშვნის მიცემა. თქვენი შვილის ფსიქიკა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უცხო ადამიანის განწყობა.
- ჩაერიეთ მყისიერად. უთხარით უფროსს, მას არ უყვარს, როცა ეხებიან
- შეაჩერეთ ვაჭრობა. ჩვენ კოცნაში კამფეტებს არ ვცვლით. თუ პატივს სცემთ, ისე მიეცით, თუ არა და არ გვინდა.
- აარიდეთ სიტუაციას. თუ ხედავთ, რომ ადამიანი ვერ იგებს სიტყვას (განსაკუთრებით ნასვამ მდგომარეობაში), მოკიდეთ ბავშვს ხელი და გაიყვანეთ ოთახიდან.
საგანმანათლებლო დაწესებულებებს და აღმზრდელებს ვურჩევთ, ხანგრძლივ არდადეგებზე გასვლამდე, ბოლო კვირაში, ჯგუფებში ჩაატარეთ სახალისო გაკვეთილები უსაფრთხოებასა და ბავშვების პირად საზღვრებზე.