ნიკოლ კიდმანმა და კიტ ურბანმა ქორწინება დაასრულეს - 19-წლიანი ქორწინების შემდეგ, ისინი განქორწინდნენ და ქონების გაყოფა მოაგვარეს. განქორწინების სარჩელი 2025 წლის შემოდგომაზე შეიტანეს. მსახიობმა სარჩელში აღნიშნა, რომ ოჯახური ცხოვრების გაგრძელება შეუძლებელი იყო „გადაულახავი უთანხმოებების“ გამო.
ვრცელდებოდა სხვადასხვა ჭორი, მათ შორის, რომ ურბანი სხვა ქალს ხვდებოდა, რამაც მათი ქორწინების დაშლა დააჩქარა. მუსიკოსმა, სავარაუდოდ, ჯგუფის გიტარისტთან რომანი დაიწყო და ამის დამალვას ცოლისგან არც ცდილობდა.

თუმცა, ნიკოლ კიდმანისთვის ყველაზე სერიოზული დარტყმა ყოფილა, როდესაც დედამისი 2024 წლის შემოდგომაზე გარდაიცვალა და ქმრისგან ვერანაირი მხარდაჭერა ვერ მიიღო.
მსახიობმა და ქანთრი მუსიკოსმა მოახერხეს ორი ქალიშვილის მეურვეობისა და ქონებრივი საკითხების მოგვარება. ნიკოლმა და კიტმა უარი თქვეს ალიმენტზე და თითოეული მშობელი თავად არის პასუხისმგებელი საკუთარ სასამართლო ხარჯებსა და დანახარჯებზე.
ქონების გაყოფის ყველა დოკუმენტი ხელმოწერილია, სადაც ჩამოთვლილია ყველაფერი, უძრავი ქონებიდან და მანქანებიდან დაწყებული საყოფაცხოვრებო ტექნიკით დამთავრებული. საბანკო ანგარიშები, ინვესტიციები და ხელოვნების ნიმუშებიც თანაბრად იყოფა. თითოეული მხარე შეინარჩუნებს მათ საკუთრებაში არსებულ ნებისმიერ ქონებას.
ბავშვზე ზრუნვის ცალკეული შეთანხმებები არსებობს და ისინი უმეტეს დროს დედასთან იცხოვრებენ. 17 წლის სანდეი როუზი და 15 წლის ფეითი წელიწადში 306 დღეს ნიკოლ კიდმანთან გაატარებენ. მამას მათი ნახვა 59 დღის განმავლობაში, ანუ თვის ყოველ მეორე შაბათ-კვირას შეეძლება.

ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, ოსკაროსანი მსახიობისა და მუსიკოსის ყოველთვიური შემოსავალი (თითოეულის) 100 000 დოლარს აღემატება. მათი ერთობლივი ქონება 282 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ნიკოლი და კიტი ფლობენ ექვს ბინას სიდნეის ნავსადგურის ხედით მაღალსართულიან შენობაში, ასევე დუპლექსს მანჰეტენზე. ასევე ფლობენ სახლს ბევერლი ჰილზში, სასახლეს ნეშვილში და უზარმაზარ მამულს ავსტრალიის სამხრეთ მაღალმთიანეთში. ამ ქონების დიდი ნაწილი ქორწილის შემდეგ იქნა შეძენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს იყო ერთობლივი ქონება, რომელიც სასამართლოში გაიყო, იტყობინება Daily Mail.
ნიკოლ კიდმანისა და კიტ ურბანის განქორწინებით გახარებულებს შორის იყვნენ მსახიობის უფროსი შვილები, იზაბელა და კონორი. როგორც ცნობილია,ნიკოლის პირველი ქმარი ტომ კრუზი იყო, რომელთან 12 წელი ცხოვრობდა და 2001 წელს განქორწინდნენ. ქორწინების დროს წყვილმა ქალიშვილი, იზაბელა და ვაჟი, კონორი იშვილა, რომლებიც განქორწინების შემდეგ მამასთან დარჩნენ.
ისინი არასდროს მალავდნენ მამინაცვალის - კიტ ურბანის მიმართ უკმაყოფილებას, რადგან მისმა ცუდმა ჩვევებმა „ვარსკვლავის ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია“. ურბანი ერთ დროს ალკოჰოლისა და უკანონო ნივთიერებების მიმართ სერიოზული დამოკიდებულებით იტანჯებოდა. როცა ქორწინდებოდნენ, საყვარელ ქალს ახალი ცხოვრების დაწყება აღუთქვა, ნიკოლი კი, თავის მხრივ, ყოველი წლისთვის, რომელსაც კიტი "სუფთად" გაატარებდა, დიდ თანხას დაჰპირდა.