ბერტა ბოროდკინა, იგივე რკინის ბელა, კურორტ გელენჯიკში მუშაობდა. სსრკ-ის ყველა უმაღლესი თანამდებობის პირი მის რესტორნებში გემრიელი საჭმლის, ალკოჰოლისა და გართობისთვის იკრიბებოდა. სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაახლოებამ და მეგობრობამ დაუნგრია ქალს ცხოვრება.
საბჭოთა ისტორიაში მხოლოდ სამი შემთხვევაა აღწერილი, როდესაც ქალები სიკვდილით დასაჯეს. პირველი იყო ანტონინა მაკაროვა, მეტსახელად "ტონკა ტყვიამფრქვეველი". დიდი სამამულო ომის დროს ის გერმანელებთან თანამშრომლობდა და დაახლოებით 1500 პარტიზანი სიკვდილით დასაჯა. მეორე იყო თამარა ივანუტინა, რომელიც 40 ადამიანის განზრახ მოწამვლაში დამნაშავედ ცნეს.
მესამე, ბერტა ბოროდკინა, არც მკვლელი იყო და არც ჯაშუში. პირიქით, მას საბჭოთა მთავრობაში, უმაღლესი თანამდებობის პირებთან ჰქონდა კავშირი და გელენჯიკის დედოფლად ითვლებოდა... თუმცა 1983 წელს სიკვდილით დასაჯეს…
ბერტა ნაუმოვნა ბოროდკინა 1927 წელს, ბილა-ცერკვაში, უკრაინაში დაიბადა. ვრცელდებოდა ჭორები, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს, ჯერ კიდევ მოზარდობის ასაკში, ის რუმინელი პარტიზანის საყვარელი გახდა და გერმანელებისთვის მუშაობდა, თუმცა ეს ამბავი ვერავინ დაადასტურა.
გარდაცვალებამდე ის საკუთარ თავს ბელას უწოდებდა. გვარიც რამდენჯერმე შეიცვალა. ულამაზეს ქალს ოთხი ოფიციალური ქმარი ჰყავდა.
1951 წელს ბერტა ოდესიდან გელენჯიკში გადავიდა საცხოვრებლად და მალევე პენსიაზე გასულ გენერალ ბოროდკინზე გათხოვდა. მათი ოჯახური ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა: ქმარი გარდაიცვალა და ცოლს საკმაოდ დიდი ქონება დაუტოვა. ბერტა-ბელა, რომელიც ადგილობრივ რესტორანში მიმტანად მუშაობდა, ნელ-ნელა დაწინაურდა და 1974 წელს გელენჯიკის რესტორნისა და სასადილოს ხელმძღვანელი გახდა.

ყველა მნიშვნელოვანი თანამდებობის პირი ბერტასთან ერთად სადილობდა. ქალმა შესანიშნავად იცოდა, გავლენიან სტუმრებთან როგორ უნდა ესაუბრა. მისი რესტორანი "ჩვეულებრივ" მომხმარებლებს ჩაგრავდა. ქალი ყველაფერს აკეთებდა, რომ მაღალი თანამდებობის პირების მეგობრობა შეენარჩუნებინა.
პარალელურად, საკუთარი წესები ჰქონდა. პროდუქტებს მაქსიმალურად ზოგავდა, თუმცა მომხმარებლებს ისე სთავაზობდა, თითქოს, უმაღლესი ხარისხის იყო.
ქალი არათანამდებობის პირებისთვის კატლეტს თითქმის უხორცოდ ამზადებდა, იაფფასიან არაყს იყენებდა, თანხას ზოგავდა. დაზოგილი თანხით კი მაღალი თანამდებობის პირებისთვის მიღებებს აწყობდა. მისმა ქვეშევრდომებმა ბერტას მეტსახელად "რკინის ბელა" შეარქვეს.
ბოროდკინა გულუხვად უმასპინძლდებოდა უფროსებს და სხვა გასართობი ღონისძიებებითაც ანებივრებდა - ნავებით რბოლა, სასიამოვნო საღამოები გოგონებთან ერთად, პროსტიტუცია… ბერტა დარწმუნებული იყო, რომ მაღალი თანამდებობის პირებთან მეგობრობა ყველაფრის უფლებას აძლევდა და მის დაწესებულებას არავინ არასდროს შეამოწმებდა.
საბოლოოდ ბოროდკინა არა თაღლითობისთვის, არამედ პორნოგრაფიისთვის დააკავეს. 1982 წელს ანონიმმა პროკურატურას შეატყობინა, რომ ბოროდკინას ერთ-ერთ კაფეში "კინოჩვენებების საღამოები" იმართებოდა. ბუნებრივია, ყველასთვის არა და დიდი თანხის საფასურად... სინამდვილეში, კაფეში პორნო-საღამოები იმართებოდა და ბელა ძალიან დიდ შემოსავალსაც იღებდა.
შემდეგ ბერტას სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. ბოროდკინა, რომელიც თავის იმუნიტეტში სრულიად დარწმუნებული იყო, დეტექტივებს არ ემორჩილებოდა და მეტიც, კარი ცხვირწინ მიუჯახუნა. გამომძიებლებმა სახლის კარი შეამტვრიეს და მის სახლში მაინც შევიდნენ. ნანახით ყველა გაოგნდა.
ყველგან ფული იყო: ეზოში აგურებში დამალულ, სამლიტრიან მინის ქილებში, გამათბობლის გისოსებში და ხალიჩების ქვეშ. სასიამოვნო ბონუსად იყო სამკაულები, ძნელად საშოვნელი თეთრეული, ბროლი და ბეწვი. გამოძიებამ აჩვენა, რომ ბერტამ სახელმწიფოსგან მილიონ რუბლზე მეტი მიითვისა.
ბოროდკინას სისხლის სამართლის საქმის ამონარიდში ვკითხულობთ, რომ ქალი კრიმინალურ გარიგებებში იყო ჩართული, დიდი ოდენობით ქრთამს იღებდა და ძვირფასეულობას აგროვებდა.
იმ დროს სსრკ-ში ე.წ. მედუნოვის საქმე მძვინვარებდა - ეს იყო ერთ-ერთი პირველი გახმაურებული კორუფციული გამოძიება, რომელიც მთელ საბჭოთა კავშირში გავრცელდა. მას წინ კორუფციით გაჯერებული "თევზის საქმე" უძღოდა, რომელშიც გამომძიებლებმა არსენ ფრუიძე, სოჭში მდებარე "ოკეანის" მაღაზიის დირექტორი დაადანაშაულეს. მკაცრი სასჯელის შიშით, ფრუიძემ გამოძიებასთან თანამშრომლობა დაიწყო და გაამხილა, რომ თავის მოგებას სოჭში ვიაჩესლავ ვორონკოვთან იზიარებდა, რომელიც საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის კრასნოდარის რეგიონალური კომიტეტის პირველ მდივანთან, სერგეი მედუნოვთან იყო დაახლოებული.
სინამდვილეში, სწორედ მედუნოვმა და მისმა მეგობრებმა განაპირობეს ბერტას აღზევება: ისინი მის კაფეს რეგულარულად სტუმრობდნენ და ყველა იმ სერვისით სარგებლობდნენ, რისთვისაც ბერტა დააპატიმრეს.
საბოლოოდ, თავად სერგეი მედუნოვი ციხეში არ ჩაუსვამთ, მაგრამ თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მის საქმესთან დაკავშირებით, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიიდან 5000-ზე მეტი თანამდებობის პირი გაათავისუფლეს და გარიცხეს, მათგან 1500-ს კი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

როდესაც ბოროდკინა წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაჰყავდათ, ის დარწმუნებული იყო, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლებდნენ. თუმცა, მისი გავლენიანი მეგობრები გელენჯიკის დედოფლის მართლმსაჯულებისგან გადარჩენას არ ჩქარობდნენ... მოგვიანებით ქალმა აღნიშნა, რომ აწამებდნენ. მისი თქმით, ყოველ საღამოს სცემდნენ და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებასაც აიძულებდნენ, რის გამოც ჩვენებას არაფხიზელი აძლევდა. მისი სისხლის სამართლის საქმე 20 ტომს შეიცავს. აღიარებითი ჩვენების შემდეგ კიდევ 30 საქმე გაიხსნა, რომლებშიც 70-ზე მეტი თანამდებობის პირი მონაწილეობდა.
რკინის ბელა მიხვდა, რომ დახმარება არ არსებობდა. შემდეგ შიზოფრენიის გათამაშება სცადა და საკმაოდ დამაჯერებელიც კი იყო, მაგრამ სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ ქალს ფსიქიკური პრობლემები არ ჰქონდა.
რკინის ბელას უმაღლესი სასჯელი - სიკვდილით დასჯა მიესაჯა. თავად ბერტა, ისევე როგორც ყველა, ვინც ამ სკანდალურ საქმეს მიჰყვა, შოკირებული იყო. არავინ ელოდა მოვლენების ასეთ განვითარებას: რკინის ბელას არსებული კანონმდებლობით 15, მაქსიმუმ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ეკუთვნოდა.
გელენჯიკის დედოფალი უბრალოდ განადგურებული იყო. ის საკანში დაბრუნდა და სასჯელს ელოდა, ღამით კი საშინლად ღრიალებდა. მისი ერთადერთი ქალიშვილი მის გადარჩენას ცდილობდა; მან ყველა შესაძლო ორგანოს პეტიციებით მიმართა, მაგრამ უშედეგოდ.
1983 წლის აგვისტოში ქალი სიკვდილით დასაჯეს. ბოროდკინა 56 წლის იყო. მოგვიანებით, რკინის ბელას ქალიშვილს უკანასკნელი თხოვნაც კი არ დაუკმაყოფილეს - მას დედის ცხედრის წამოღების უფლება არ მისცეს. ბერტა ბოროდკინა უსახელო საფლავში დაკრძალეს.
ბერტა-ბელა კულისებში მიმდინარე პოლიტიკური ომების მთავარი მსხვერპლი და განტევების ვაცი გახდა. ისტორიკოს ვლადიმერ რუნოვის თქმით, რკინის ბელას იმედგაცრუება გამოიწვია იმან, რითაც ყოველთვის ამაყობდა - მისმა კავშირებმა მთავრობასთან. მაღალი თანამდებობის პირებს ბერტასთვის სასჯელის არიდება არ სურდათ. როგორც გაირკვა, ქალმა იმაზე მეტი იცოდა, ვიდრე უნდა სცოდნოდა. ამიტომ, მისი სიკვდილით დასჯა უამრავი ადამიანისათვის გადარჩენის ერთადერთი გზა აღმოჩნდა.