ამ მარტივი ტესტით დაადგენთ, ინტროვერტი ხართ თუ უფრო ექსტროვერტობისკენ იხრებით - მშობლები

ამ მარტივი ტესტით დაადგენთ, ინტროვერტი ხართ თუ უფრო ექსტროვერტობისკენ იხრებით

2026-01-08 17:00:36+04:00

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში 2 იანვარს ინტროვერტების მსოფლიო დღე აღნიშნეს.ინტროვერტების მსოფლიო დღე შედარებით ახალი ინიციატივაა. იგი 2011 წელს გაჩნდა ფსიქოლოგის, ფელისიტას ჰეინეს იდეის საფუძველზე, რომელმაც აქტიურად დაიწყო ამ ცნების პოპულარიზაცია და ამ ტიპის ადამიანების თავისებურებებზე საუბარი.

რატომ სწორედ 2 იანვარი

თარიღი შემთხვევით არ შეურჩევიათ. ევროპასა და აშშ-ში სწორედ ამ პერიოდში სრულდება გრძელი ზამთრის დღესასწაულები, რომლებიც მადლიერების დღიდან და შობიდან ახალ წლამდე გრძელდება. ამ დროისთვის ბევრი ინტროვერტი უკვე დაღლილია მუდმივი შეხვედრებით, ხმაურიანი წვეულებებითა და ოჯახური შეკრებებით. 2 კი იანვარი მათთვის ერთგვარი ამოსუნთქვის დღეა, როცა ბოლოს და ბოლოს სიმშვიდე ეღირსათ.

ინტროვერტი და ექსტროვერტი — ნორმის ორი ფორმა

ინტროვერტი და ექსტროვერტი პიროვნების ნორმალური და თანაბრად ღირებული ტიპებია. არც ერთი მათგანი არ არის უკეთესი ან უარესი. მიუხედავად ამისა, თანამედროვე საზოგადოებაში ხშირად უფრო მისაღებად ექსტროვერტული ქცევა მიიჩნევა — აქტიურობა, ხმამაღალი თვითგამოხატვა და მუდმივი კომუნიკაცია. ამის გამო ინტროვერტებს ხშირად უწევთ სტერეოტიპებთან გამკლავება. სწორედ ამიტომ დაწესდა 2 იანვარი, როგორც მხარდაჭერის დღე მგრძნობიარე და ჩუმი ადამიანებისთვის.

ვინ არის ინტროვერტი

ინტროვერტი არის ადამიანი, რომელიც მეტად საკუთარ შინაგან სამყაროზეა ორიენტირებული და ენერგიას ძირითადად მარტო ყოფნით ან მშვიდ გარემოში აღიდგენს. ადამიანებთან ურთიერთობა მას ხშირად მეტ ძალას ართმევს, ვიდრე აძლევს.

გავრცელებული მოსაზრებაა, თითქოს ინტროვერტები აუცილებლად მორცხვები და ჩაკეტილები იყვნენ, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ არის. ბევრი ინტროვერტი ყოველდღიურ ცხოვრებაში საკმაოდ კომუნიკაბელურ შთაბეჭდილებას ტოვებს. განსხვავება ისაა, რომ ეს კომუნიკაცია მათთვის ემოციურად უფრო დამღლელია. ინტროვერტები უფრო ხშირად ამჯობინებენ განმარტოებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი უღიმღამო ან საზოგადოებაში ფუნქციონირების უნარს მოკლებულები არიან.

ვინ არის ექსტროვერტი

ექსტროვერტი პიროვნება უფრო მეტად გარე სამყაროზეა ორიენტირებული. მის ინტერესებსა და ემოციებს ხშირად ადამიანებთან ურთიერთობა კვებავს. დიდი კომპანია, საუბრები და აქტიური სოციალური ცხოვრება ექსტროვერტისთვის ენერგიის წყაროა.

როგორ გავიგოთ, რომელ ტიპს მივეკუთვნებით

ხშირად გვგონია, რომ ინტროვერტები ვართ, რადგან ხმაურიან წვეულებებს სახლში მშვიდ საღამოს ვამჯობინებთ. თუმცა ეს გადამწყვეტი ნიშანი არ არის. მთავარი კითხვა ასე ჟღერს: როგორ ვისვენებთ უკეთ — ადამიანებთან ერთად თუ მარტო?

თუ დაღლილობის შემდეგ სიმშვიდე, სიჩუმე და პირადი სივრცე გეხმარებათ ძალების აღდგენაში, სავარაუდოდ ინტროვერტისკენ იხრებით. თუ კი ენერგიას საუბარი, შეხვედრები და მოძრაობა გაძლევთ, უფრო ექსტროვერტული ტიპი ხართ. ბევრი ადამიანი ამ ორ უკიდურესობას შორის იმყოფება და სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვანაირად ისვენებს.

პატარა ვიზუალური ტესტი

არსებობს მარტივი ვიზუალური ექსპერიმენტიც: შეხედეთ სურათს, სადაც ორი წრეა — შიდა პატარა და გარე დიდი. თუ გეჩვენებათ, რომ მოძრაობს შიდა წრე, ამას ხშირად ინტროვერტობას უკავშირებენ, ხოლო თუ გარე წრე „ტრიალებს“, ექსტროვერტობას. ეს ტესტი გასართობია და არა სერიოზული დიაგნოზი, თუმცა თვითდაკვირვებისთვის საინტერესოა.

optikuri-iluzia-1767877206.jpeg