სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით “ნესტლე საქართველოს“ ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების ამოღების პროცესი მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყებამ იმ პარტიების კოდებიც გაასაჯაროვა, რომლებიც სახიფათო საკვების ყუთებზეა მითითებული. ამ კოდებით შეგიძლიათ გადაამოწმოთ, არის თუ არა საშიში ის საკვები, რომელიც უკვე შეძენილი გაქვთ.
„ნესტლე ჯგუფმა“ სხვადასხვა ბაზრიდან, მათ შორის საქართველოდან, ბავშვთა კვების გარკვეული პროდუქციის გამოთხოვის შესახებ გადაწყვეტილება გარე მომწოდებლისგან მიღებულ ნედლეულში (მცენარეული ზეთი – ომეგა-6 არაქიდონმჟავების წყარო) ტოქსინ Cereulid-ის გამოვლენის შესაძლო რისკის გამო მიიღო, იმის მიუხედავად რომ ამ ინგრედიენტის შემცველობა მინიმალურია და ტოქსინ Cereulid-ის შემცველობა საქართველოს და სხვა, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებშიც არ ნორმირდება.
კერძოდ, სურსათის ეროვნული სააგენტო ზედამხედველობას ახორციელებს „ნესტლე საქართველოს“ მიერ კომპანიის მიერ წარმოებული ბავშვთა კვების პროდუქციის - მშრალი სწრაფად ხსნადი რძის ნარევების ბაზრიდან კონკრეტული პარტიების ამოღება/გამოთხოვის პროცესზე, კერძოდ:
* NAN 1 OPTIPRO – თუნუქის ქილა, 800 გ – 51490346AA, 51750346AB, 51810346AA;
* NAN 2 OPTIPRO – თუნუქის ქილა, 800 გ – 51240017C1, 51240017C2, 51420017C6, 51430017C2, 51570017C1, 51660017C5, 51670017C1, 52940017C3, 52950017C1;
* NAN 2 OPTIPRO – თუნუქის ქილა, 400 გ – 51550017A1, 52920017A;
* NAN 2 OPTIPRO – მუყაოს ყუთი,1050 გ – 5218167821, 5256167811;
სურსათის ეროვნული სააგენტო და ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს მომხმარებელს, იმ შემთხვევაში თუ შეძენილი აქვს პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან, არ გამოიყენოს.
„აღნიშნულ პროცესებში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტრო ,ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, რომლებსაც დარგის სპეციალისტებთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ. აღნიშნული ნივთიერება არ წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან ზიანს, ხოლო განხორციელებული ღონისძიებები ატარებს პრევენციულ ხასიათს.
Cereulide/ცერეულიდი არის ღებინების გამომწვევი ტოქსინი, რომელიც წარმოიქმნება Bacillus cereus-ის ზოგიერთი შტამის მიერ. თუ ბავშვმა მიიღო ამ ტოქსინით დაბინძურებული საკვები, სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს ღებინებას, დიარეას და სისუსტეს. სიმპტომები, როგორც წესი, ვლინდება კონტაქტიდან 30 წუთიდან 6 საათამდე პერიოდში, ქრება 24 საათის განმავლობაში.
ამ ეტაპზე ევროპის ქვეყნებში ამ პროდუქტის მიღების შემდეგ ბავშვების სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრის ფაქტი არ დაფიქსირებულა. ინფორმაციისთვის, ზემოთ აღნიშნული საკვების მიღებისას, ამ სიმპტომების გამოვლენის შემთვევაში, სასურველია დაუკავშირდეთ პედიატრს, რომელიც საჭიროებისამებრ განსაზღვრავს მკურნალობას ან მეთვალყურეობას.
აღსანიშნავია, რომ ბაზრიდან გამოთხოვა ხდება მხოლოდ მოცემული პარტიების, რომლებიც კომპანიის შეფასებით, შესაძლოა პოტენციურ რისკებს შეიცავდეს. ბაზრიდან გამოთხოვის მოთხოვნა არ ვრცელდება პროდუქციის სხვა პარტიებსა და ბავშვთა კვების სხვა პროდუქტებზე, რომლებითაც კომპანია Nestlé წარმოდგენილია საქართველოში.
აღნიშნული შესახებ „ნესტლე საქართველომ“ დაუყოვნებლივ აცნობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს და თანმშრომლობისთვის მზადყოფნაგამოთქვა. პარტიების იდენტიფიცირების და ამოღების პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
როგორც ცნობილია, საერთაშორისო კვების გიგანტმა Nestlé-მ რამდენიმე ქვეყანაში ბავშვთა კვების გარკვეული პროდუქტების გაყიდვიდან ამოღება დაიწყო. გადაწყვეტილება მიღებულია პრევენციული ზომის ფარგლებში და კონკრეტული პარტიების შესაძლო უსაფრთხოების რისკს უკავშირდება. კომპანიის ოფიციალური განმარტებით, საუბარია ჩვილთა კვების მხოლოდ კონკრეტულ პარტიებზე. ამ ეტაპზე პროდუქციის ჩამოშორება მიმდინარეობს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ევროპასა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოშიც, სადაც ადგილობრივმა მარეგულირებელმა უწყებებმა შესაბამისი რეკომენდაციები უკვე გაავრცელეს.