კითხულობს, მაგრამ მალე ავიწყდება, დიდხანს სამეცადინოდ ვერ ჯდება, თუ ამოცანა უცებ ვერ ამოხსნა, თავს სწრაფად ანებებს, წაკითხულიდან შინაარსი ვერ გამოქვეს - თუ თქვენს შვილს ეს პრობლემები აწუხებს, საქმე შესაძლოა კლიპურ აზროვნებასთან გვაქვს. რას წარმოადგენს ეს მოვლენა და როგორ შეიძლება მასთან გამკლვება?
სამყარო სულ უფრო ჩქარდება, ხოლო ყურადღება და კონცენტრაციის უნარი, განსაკუთრებით ბავშვებში, იშვიათ რესურსად იქცევა. მოკლე მულტფილმები, დინამიკური ვიდეოები, უსასრულო სქროლვა ფერადი, მაგრამ წამიერად განახლებული კადრებით — ბავშვის ტვინი ბუნებრივად ერგება ამ რიტმს და სწავლობს ინფორმაციის სწრაფად, მცირე ნაწილებად აღქმას.
ამ მოვლენას კლიპურ აზროვნებას უწოდებენ. შეიძლება ტერმინი ახალია, მაგრამ თავად ეს მოვლენა ყველასზთვის ნაცნობი და შემაწუხებელი. საიდან მოდის ეს აზროვნების სტილი, აქვს თუ არა მას დადებითი მხარეები და, რაც მთავარია, როგორ დავეხმაროთ ბავშვს, რომ ზედაპირულ აღქმას არ დასჯერდეს და ცალკეული ფრაგმენტებისგან მთლიანი სურათი აღიქვას.
კლიპური, ზედაპირული აზროვნება გულისხმობს ინფორმაციის აღქმას მოკლე, სწრაფად ცვლადი ფრაგმენტების სახით — ისე, როგორც ვიდეოები სოციალურ ქსელებში. თავად ტერმინი მომდინარეობს ინგლისური სიტყვიდან clip — „ნაწყვეტი“, „ფრაგმენტი“, რაც ზუსტად აღწერს ამ ფენომენის არსს: ცნობიერება ინფორმაციას იღებს მოკლე, მკვეთრ, მაგრამ ერთმანეთისგან განცალკევებულ ნაწილებად.
მკვლევრები ამას ფსიქიკის ინფორმაციის უზარმაზარ ნაკადთან ბუნებრივ ადაპტაციად მიიჩნევენ . ეს ერთგვარი დამცავი მექანიზმია, რომელიც ტვინს გადატვირთვისგან იცავს და საშუალებას აძლევს ადამიანს სწრაფად — თუმცა ხშირად ზედაპირულად — დაამუშაოს მიღებული ინფორმაცია.
ეს განსაკუთრებით შესამჩნევია ბავშვებსა და მოზარდებში, რომლებიც ადრეული ასაკიდან დიდ დროს ატარებენ ეკრანებთან. კვლევები აჩვენებს, რომ თანამედროვე მოსწავლეები ეკრანზე ტექსტს გაცილებით სწრაფად კითხულობენ, ვიდრე ათი წლის წინ, თუმცა ამავე დროს მნიშვნელოვნად იმატებს შინაარსის არასწორი გაგების შემთხვევები. ზედაპირული კითხვა ხელს უშლის სიღრმისეულ გაგებას და ტექსტთან გააზრებულ ურთიერთობას.
კლიპური აზროვნება, ფაქტობრივად, პასუხია იმ გარემოზე, სადაც სმარტფონები, სოციალური ქსელები და მოკლე ვიდეოები ინფორმაციის ძირითად წყაროდ იქცა. ტვინი ნელ-ნელა ეჩვევა ასეთ რეჟიმში მუშაობას.
თანამედროვე ბავშვები სწრაფად რეაგირებენ მოკლე და გამომსახველ ვიზუალურ სიგნალებზე. ამ ტიპის აღქმას ძლიერი მხარეებიც აქვს: ისინი მარტივად უმკლავდებიან დიდ მოცულობის ინფორმაციას, სწრაფად გადააქვთ ყურადღება ერთი საკითხიდან მეორეზე და ხშირად არასტანდარტული ხედვით გვაოცებენ.
მშობლებისა და პედაგოგების ამოცანა არ არის ამ თავისებურების აღმოფხვრა, არამედ ბავშვთან საერთო ენის პოვნა. ხანგრძლივი მორალის წაკითხვის ნაცვლად, გაცილებით ეფექტურია ნანახის, მოსმენილისა თუ წაკითხულის განხილვა. მაგალითად, მულტფილმის შემდეგ შეიძლება საუბარი სიუჟეტზე: რა მოხდა თავიდან, რა — შემდეგ, რატომ მოიქცა გმირი ასე და არა სხვაგვარად.
ასეთი საუბრები ბავშვს ეხმარება მოვლენების თანმიმდევრობის გააზრებაში, მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარების განვითარებაში. სასარგებლოა, როცა ბავშვი ამბავს საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს ან ნახატით ასახავს. ამის შემდეგ შესაძლებელია ეტაპობრივად უფრო გრძელ ტექსტებზე გადასვლა და წიგნების განხილვა — ისე, რომ ბავშვმა მხოლოდ კონტენტის მოხმარება კი არა, მისი გააზრებაც ისწავლოს.