როგორ მოხვდა მაღალმთიან ეცერში კანადელი ტონი ჰანმერი, რომელმაც ცხოვრება ამ კუთხეს, სვანეთის სკოლასა და ქართველ მეუღლეს დაუკავშირა და როგორ ატარებს ოჯახთან ერთად შობა-ახალ წელს - მათ შესახებ საინტერესო სიუჟეტი გადაცემამ "დილა მშვიდობისა საქართველო" მოამზადა:
ტონი ჰანმერი: - უკვე 26 წელია, საქართველოში ვარ და 26 შობასა და ახალ წელს აქ ვატარებ. ვცდილობ, ვისაც უჭირს, მათთვის რაღაც გავაკეთო. ეს ჩვენი შობის დიდი ნაწილია.
ლალი სხირტლაძე - ჰანმერი: - 2026 წლის შობა-ახალ წელსაც თოვლის ბაბუისა და ბებიის ფორმებით შევხვდებით და ჩვენს თანასოფლელებს მივულოცავთ.
ტონი ჰანმერი: - ეს ადამიანები შობა-ახალ წელს მარტო არ უნდა იყვნენ, ვცდილობთ, რაღაც გავაკეთოთ. გვიყვარს სხვებთან წასვლა ან ჩვენს სახლში ვეპატიჟებით, რომ ერთად ვიყოთ.
ლალი სხირტლაძე - ჰანმერი: - ერთხელ მე-3 კლასელებს ფიფქია და შვიდი ჯუჯა გავაკეთებინე ინგლისურად. ღამდებოდა და სახლში მაშინ მოვდიოდი. ვთქვი, აი შვილი რომ არ მყავს, თქვენ მიყვარხართ-თქო და ბავშვებს ეწყინათ... მითხრეს, ჩვენ თქვენი შვილები ვართო. რას აღარ ვაკეთებთ, ხელოვნება, მათემატიკა, ინგლისური, ხატვა, ცეკვა, სიმღერა...
ტონი ჰანმერი: - აქ 1999 წლის ივლისში ჩამოვედი. სვანეთი პირველივე ნახვით შემიყვარდა. აქ ცხოვრება გადავწყვიტე. უშგულელებს შევეკითხე, თუ შეიძლებოდა, მასპინძლის ოჯახში გადავსულიყავი. მითხრეს, კი, მოდი, ჩვენთან იყავიო. შემდეგ ხალხს, ამ ოჯახს ვკითხე, რისი გაკეთება შემეძლო, რომ სასარგებლო ყოფილიყო. მითხრეს, ტონი უშგულში ბევრი ტურისტი მოდის, მაგრამ აქ ინგლისური არავინ იცის და ჩვენი სოფლის პირველი ინგლისურის მასწავლებელი გახდი, ჩვენს ბავშვებს ასწავლეო.
მე და ლალი 10 წლის განმავლობაში მეგობრები ვიყავით, სანამ ჩვენი ხედვა ერთმანეთის მიმართ შეიცვალა. შემდეგ ლალის ვთხოვე, მოდი, პაემნები დავიწყოთ-თქო. ერთხელ არქიტექტურულ მუზეუმში პიკნიკი გვქონდა. პიკნიკი, რა თქმა უნდა, სვანური კოშკის ქვეშ იყო. ცოტა გამიკვირდა, რომ ლალიმ ტირილი დაიწყო.
ლალი: - შეხვედრები რომ დავიწყეთ, ბრიტანეთში, თავის სამშობლოში წავიდა. ზუსტად მაშინ ომი დაიწყო. ყოველ დღე მისალოც ბარათებს მწერდა. ერთი პასუხი მქონდა, რომ ეს ჩემთვის ზუსტად სწორი ადამიანი იყო. ამის შემდეგ ჩემში ყველაფერი გადატრიალდა. მაშინ ვამბობდი: "რომ ჩამოვა, თუ ჩამოსვლიდან 3 დღეში ცოლობას არ მთხოვს, მე უარს ვიტყვი-მეთქი." მან არ იცოდა, რას ვლოცულობდი. რომ ჩამოვიდა, იმ დღეს შევხვდი, ვნახე. სასტუმროში ცხოვრობდა, ხალხი ირეოდა, კარი დახურა და მუხლზე დაეცა.
ტონი: ხელის თხოვნის წინადადება ზეპირად ვისწავლე. მზად მქონდა. სვანეთში ძალიან მიხარია იმიტომ, რომ თოვლია და როგორც კანადელისთვის, ჩემთვის შობა და თოვლი ერთად მოდის. ძალიან მომწონს თოვლიანი, ცივი, მაგრამ სახლში თბილი შობა.