ნინო რამიშვილმა და ილიკო სუხიშვილმა თავის დროზე ნამდვილი გადატრიალება მოახდინეს, როცა ქართული ცეკვა სრულიად ახალ სიმაღლეზე აიყვანეს, მსოფლიოს გააცნეს და ეპოქა შექმნეს, რომელიც შემდეგ მათმა შვილმა, რძალმა და შვილიშვილებმა გააგრძელეს.



არაჩვეულებრივი მოცეკვავე იყო მათი ვაჟი - თენგიზ სუხიშვილი და რძალი - ინგა თევზაძე. თენგიზ სუხიშვილი წლების წინ გარდაიცვალა, ახლახან კი, ინგა თევზაძე. მომავალი მოცეკვავე 18 წლისა მოხვდა ანსამბლში, ბათუმში ნახეს დიდმა ილიკომ და ნინომ და მოეწონათ. იქვე შეხვდა თენგიზ სუხიშვილს. ნინო სუხიშვილის თქმით, ინგა რომ არა, დღეს ანსამბლიც არ იარსებებდა და მის მხრებზე გადაიარა ბევრმა რამემ.


თენგიზის და ინგას ორივე შვილმა - წინაპრების მოსახელეებმა, ილიკომ და ნინომ, მათი გზა განაგრძეს. ისინი ბავშვობიდან ცეკვავდნენ, მოგვიანებით კი ანსამბლს ჩაუდგნენ სათავეში და ანსამბლის ახალ ერასაც დაუდეს საფუძველი. 


















რაც შეეხება მეოთხე თაობას, ისინი ჯერჯერობით არ აქტიურობენ ამ მიმართულებით. როგორც ცნობილია, ილიკო სუხიშვილს ორი ქალიშვილი ჰყავს. დარია პირველ ქორწინებაში შეეძინა - რუსეთში სწავლისას რუს გოგონაზე იქორწინა, თუმცა მალე დაშორდა. დარია საქართველოში გაიზარდა და ნინო სუხიშვილი აღნიშნავს ხოლმე ინტერვიუებში, რომ ფაქტობრივად მან გაზარდა.
"მე არ მყავს ჩემი ბიოლოგიური შვილი, თუმცა ვთვლი, რომ რაც ცხოვრებაში ხდება, ასე უნდა მოხდეს, იმიტომ რომ ჩემი საქმეებიდან გამომდინარე, ალბათ ამისთვის ვერ მოვიცლიდი. თუმცა, უნდა გითხრა, რომ მე ილიკოს შვილებმა შემიცვალეს ჩემი შვილები. მე და ილიკოს გვყავს ორი გოგო. ილიკოს შვილები ჩემი შვილები არიან. მე გავზარდე, განსაკუთრებით ერთი, რომელიც დღესაც ჩემთან ცხოვრობს, მეორე საზღვარგარეთ სწავლობს. ფაქტობრივად, ილიკოს შვილები ჩემი შვილები არიან... - ამბობს ნინო სუხიშვილი, - ილიკოს ორივე გოგო სახელით მიმართავს. მამას არცერთი არ ეძახის. ეს სტილი ჩვენს ოჯახში ყოველთვის იყო, მე და ილიკოც დედას და მამას ყოველთვის სახელებით მივმართავდით, გოგოები ძალიან ჰგვანან მამას, მაგრამ ლიზა უფრო, შავგრემანია და ილიკოსნაირი აღნაგობა აქვს“.
დარია ცოტა ხნის წინ სცენაზე გამოვიდა, როგორც მომღერალი.



მეორედ ილიკო ანსამბლის ერთ-ერთ წევრზე, ულამაზეს გვანცა შერგელაშვილზე დაქორწინდა. თუმცა ეს ქორწინება ტრაგიკულად დასრულდა - 2001 წლის აგვისტოში ანსამბლი გასტროლზე ვენესუელაში იმყოფებოდა, სადაც 21 წლის გვანცა ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა.
მას შემდეგ ილიკო სუხიშვილი აღარ დაქორწინებულა, თუმცა წლების წინ გაიგო საზოგადოებამ მისი მეორე შვილის - ლიზას შესახებ, რომელიც ასევე რუსეთში დაიბადა.







