"მონასტერში 18 წლისა წამოვედი... მინდოდა, ჩემი თავი უფლისთვის მიმეძღვნა... მონასტრის გარეთ სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია. ჩემთვის სიცოცხლე მონასტერში ყოფნაა..." - მშობლები

"მონასტერში 18 წლისა წამოვედი... მინდოდა, ჩემი თავი უფლისთვის მიმეძღვნა... მონასტრის გარეთ სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია. ჩემთვის სიცოცხლე მონასტერში ყოფნაა..."

2026-01-09 12:32:41+04:00

ბორჯომის შობის ღვთისმშობლის დედათა მონასტერში ცხოვრობენ ახალგაზრდები, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება უფალს მიუძღვნეს. ისინი შობისთვის განსაკუთრებით ემზადებოდნენ. მათ შესახებ სიუჟეტი გადაცემამ "დილა მშვიდობისა საქართველო" მოამზადა:

17 წლის ასაკში მონასტრის კარი პირველად შეაღო. სტუმრად მისულს მონასტრული ყოფა რთულად ეჩვენებოდა, თუმცა, აქ განცდილმა სიმშვიდემ მორჩილ ბარბარეს საერო გზაზე უარი ათქმევინა და უფლისკენ მიმავალი გზაც ასე დაიწყო:

მორჩილი ბარბარე: - ჩემმა მოძღვარმა მირჩია, რამდენიმე დღე მონასტერში წავსულიყავი, მონასტრული ცხოვრება მეცადა. რამდენიმე დღეში გადავწყვიტე, რომ მონასტერში დავრჩენილიყავი. თავიდან სირთულედ მომეჩვენა მონასტრული ცხოვრება, მაგრამ მერე სიმშვიდე და სიყვარული მონასტერში დავინახე. ვიგრძენი, რომ ეს ჩემი გზა იყო. ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება, რა თქმა უნდა, უფალთან ყოფნა, ლოცვა, მორჩილებები, დედებთან ურთიერთობა და მთლიანად, მონასტრული ცხოვრებაა. მონასტრის გარეთ სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია. ჩემთვის სიცოცხლე მონასტერში ყოფნაა.

სამონაზვნე სერაფიმა პირველად 13 წლის იყო, როდესაც მონასტერში სტუმრად მივიდა. უკვე სრულწლოვანმა კი ბინა უფლის სახლში დაიდო:

სამონაზვნე სერაფიმა: - მონასტერში 18 წლის წამოვედი. დიდი სურვილი, რომ ჩემი თავი უფლისთვის მიმეძღვნა, შევასრულე. დედების სიტყვები გამახსენდა, როცა მონასტერში მიხვალ, თავიდან იგრძნობ, რომ უფალს თავისი ხელით დაყავხარ და შეიძლება, მთელი დღე ისე იშრომო, რომ არც კი დაიღალოო. ამას გრძნობ, მერე უფალი ნელ-ნელა გიშვებს ხელს, რომ ნაბიჯების გადადგმა თავად ისწავლო და გაძლიერდე.

22 წლის სამორჩილე ელენე ახლა მონასტრული ცხოვრების პირველ ნაბიჯებს დგამს:

- ბოლო ერთი თვეა, მონასტერში ვცხოვრობ, თუმცა მონასტერთან კავშირი უკვე სამი წელია, რაც მაქვს. ხშირად მოვდიოდი, რამდენიმე დღით ვრჩებოდი, დედებისგან სულიერ განათლებას ვიღებდი. აქ ცხოვრება არა მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრია, არამედ ის, რომ შენს მთელ ცხოვრებას უძღვნი უფალს, შენს გარშემომყოფებზე, ოჯახის წევრებზე ლოცულობ და შენი ლოცვით აძლიერებ როგორც ოჯახის წევრებს, ისე საკუთარ თავს. რაკი ეს გზა ავირჩიე, დედასაც გაუხარდა, მამასაც, ოჯახის წევრებს, თუმცა, რა თქმა უნდა, რთულია. არ აქვს მნიშვნელობა, ოჯახს შევქმნიდი თუ მონასტერში წამოვიდოდი, ის სირთულე, რაც ახლა აქვთ, მაშინაც იმავეს იგრძნობდნენ.