დირიჟორი კარლო პონტი "რადიო თავისუფლებაზე" გოგი გვახარიას გადაცემათა ციკლ "შვილის" მორიგი ეპიზოდის სტუმარი იყო. ინტერვიუში ისაუბრა საქმეზე, რომელიც ძალიან უყვარს, ლეგენდარულ დედაზე - სოფია ლორენზე და ქართველ ცოლზე - მარიამ შარმანაშვილზე, რომელიც იმდენივე წლით (22 წლით) უმცროსია კარლოზე, რამდენითაც იყო უმცროსი სოფია ლორენი პროდიუსერ კარლო პონტიზე. უღარიბეს ოჯახში გაზრდილი სოფია კარლომ სილამაზის კონკურსზე დაინახა, აღმოაჩინა და მისგან შექმნა ნამდვილი ვარსკვლავი, რომელიც შემდეგ მისი ცოლი გახდა და უამრავი წელი იცხოვრეს ბედნიერად. კარლომ გაიხსენა ის რთული პერიოდი, რომლის გამოვლაც დედას მოუწია მის გასაჩენად. სოფიას დიდხანს არ შეეძლო შვილის ყოლა და ჟენევაში სწორედ ამისთვის ჩავიდა.
- დედა ამის გამო ჩავიდა ჟენევაში, რადგან იქ მუშაობდა ექიმი, რომელიც ქალებს ეხმარებოდა შვილების გაჩენაში. მას კარლო ერქვა და მის პატივსაცემად დამარქვეს ეს სახელი... ცხრა თვე წოლითი რეჟიმი ჰქონდა დანიშნული, რომ ნაყოფი შეენარჩუნებინა.... შემდეგ მამამ ჟენევაში სახლი იყიდა და ჩემი ძმაც იქ დაიბადა. მე ჟენევაში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ თავს ჩვეულებრივ იტალიელად ვგრძნობ...




დედა ძალიან ლამაზი იყო და ვამაყობდი დედაჩემით. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ არ არსებობდა ამ სამყაროში მასზე ლამაზი ქალი. იმდენად ლამაზია, რაღაც ნეგატიურ განცდასაც ბადებს, რადგან ეს სილამაზე გაჯადოებს, ჰიპნოზივით მოქმედებს. მისთვის ძალიან ძნელი იყო ამ სილამაზის ატანა, რადგან გამუდმებით ფიქრობდა ადამიანებზე, რატომ მიყურებენ ასეთი სახით... ლამაზი და ჭკვიანი ხოა, მაგრამ ასეთი ლამაზი ქალი არასდროს ყოფილა სამყაროში, მორჩა!

დედა სიღარიბეში დაიბადა. ომის დროს მისი ოჯახი ვირთხებს ჭამდა. მან იცოდა, რა არის სიღარიბე და გაჭირვება. ეს არასდროს დავიწყებია. ასე დარჩა ახლოს ხალხთან, ის სახალხო ვარსკვლავი იყო... ის ქუჩის ქალებს თამაშობდა, მაგრამ სულ ატარებდა შინაგანად რაღაც არისტოკრატულს. ლეგენდარული იყო. უნიკალური არტისტია. ამიტომაცაა, რომ გუგლში თუ ჩაწერთ ჩემს სახელს და გვარს, მიიღებთ: "სოფია ლორენის შვილი". ხშირად ცხოვრებაშიც ასე მეძახიან. ეს არაა ადვილი. არაა ადვილი, იყო ასეთი დიდი ქალის შვილი. იყო დედოფლის შვილი, ეს არაა ადვილი. მაგრამ სიამაყე, რომ მე მისი შვილი ვარ, ძლევს ამ სიძნელეს.
ჟენევაში ჩავედით. მარიამი თავის საყვარელ შვილთან ერთად იყო, რომელმაც სრულიად მოხიბლა დედაჩემი, როგორც ქართველი პატარა პრინცი, დიდი შავი თვალებით, და მანაც ეგრევე გამოხატა თანხმობა ქორწინებაზე.
ქორწილი ორივემ ერთად დავგეგმეთ. ეგეთ რამეებს ერთად ვაკეთებთ.
მარიამი პირველივე ნახვით მომეწონა. როგორც კი შევხვდი, მივხვდი, რომ ეს სხვა რამ იყო. თუმცა მაშინ ის ინგლისურად არ ლაპარაკობდა და საუბრისთვის გუგლის თარგმანის გამოყენება მოგვიწია. თავიდან მხოლოდ ინტერნეტით ვსაუბრობდით...
განსაკუთრებული რელიგიურობით არ გამოვირჩევი, მაგრამ მოვინათლე მარიამის სიყვარულის გამო. მიხარია, რომ ეს მარიამისთვის გავაკეთე.